Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელადი 2.0: პუტინი 73 წლის გახდა


იოსებ სტალინი და ვლადიმირ პუტინი (ფოტოკოლაჟი)
იოსებ სტალინი და ვლადიმირ პუტინი (ფოტოკოლაჟი)

7 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინს 73 წელი შეუსრულდა. ის 47 წლის იყო, როცა რუსეთის პრეზიდენტად აირჩიეს 2000 წლის 26 მარტს. 2020 წელს რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით პუტინს შეუძლია 2036 წლამდე დარჩეს ხელისუფლებაში.

თუკი მართლაც ასე მოხდება, პუტინი, მმართველობის წლებით, გაუსწრებს თავის კერპს, იოსებ სტალინს, რომელიც საბჭოთა კავშირს 29 წლის განმავლობაში მართავდა, ვიდრე 1953 წლის 5 მარტს არ გარდაიცვალა. სტალინი მაშინ 75 წლის იყო, პუტინზე, სულ რაღაც, ორიოდე წლით უფროსი.

7 ოქტომბერს მთელი რუსეთის მასშტაბით გაიმართა პუტინისათვის დაბადების დღის მილოცვის კამპანია. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ სხვადასხვა დონის რუს ჩინოვნიკებს სპეციალური მითითებებიც კი დაეგზავნათ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მილოცვის ტექსტებში უხვად არის გამოყენებული ისეთივე ლექსიკა, როგორიც საბჭოთა კავშირში გამოიყენებოდა ან დღევანდელ ჩრდილოეთ კორეაშია მიღებული.

პროექტი „სააგენტო“ წერს, რომ რუსმა სახელმწიფო მოხელეებმა მიიღეს ინსტრუქცია, თუ როგორ მიულოცონ რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღე. ამ ინსტრუქციის თანახმად, „ჩინოვნიკები“ ვალდებულნი არიან 7 ოქტომბერს სოციალურ ქსელებში თავიანთ პირად გვერდებზე გამოაქვეყნონ დაბადების დღის მილოცვის ტექსტები და პუტინის მიღწევების ჩამონათვალი.

ინსტრუქცია: „პოსტი (ტექსტი) უნდა ასახავდეს კამპანიის არსს (ახლდეს ტექსტი, თემატური სურათი ან ავტორის ფოტო). აუცილებელია: დაბადების დღე მიულოცონ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. პოსტის თანმხლებ კონტენტად შეიძლება გამოყენებულ იქნეს პრეზიდენტ პუტინის ფოტოები. განიხილეთ და წინ წამოწიეთ თქვენი რეგიონის ან მთლიანად ქვეყნის ბოლო დროს მიღწეული წარმატებები. მოიტანეთ ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და სახელმწიფოებრივი მშენებლობის სექტორების წინსვლისა და გაუმჯობესების მაგალითები“.

და მართლაც, როგორც დამკვირვებლები შენიშნავენ, 7 ოქტომბერს სოციალური ქსელების რუსულ სეგმენტს გადაუარა პუტინისადმი მიძღვნილი მილოცვების ნამდვილმა ტალღამ. ასე მაგალითად, სერგეი აქსიონოვმა, რომელიც ანექსირებული ყირიმის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელია თავის Telegram არხზე დაწერა:

„ვლადიმირ ვლადიმირის ძე თანამედროვეობის გამორჩეული ხელმძღვანელია. მის სახელთანაა დაკავშირებული ისტორიული, გლობალური ცვლილებები - იქნება ეს რუსეთის, როგორც დიადი „დერჟავის“ აღორძინება, რუსეთის კოლოსალური წარმატებები სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, საბჭოთა პერიოდში მოპარული ძირძველი რუსული მიწების დაბრუნება თუ მრავალპოლარული სამყაროს დაბადება“.

„დღეს ჩვენი ეროვნული ლიდერის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის დაბადების დღეა. ვლადიმერ პუტინი მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსია, რომელსაც ტოლი არ ჰყავს. მას პატივს სცემენ არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც - იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსოფობიასა და ნაციზმში არ არიან ჩაფლულნი. ჩვენი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით თავდაჯერებული მივიწვევთ СВО-ში (ასე ეძახის უკრაინაში შეჭრას რუსული პროპაგანდა) გამარჯვებისკენ და ვქმნით ახალ რუსულ სამყაროს“, - წერს კიდევ ერთი რუსი ჩინოვნიკი.

პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნანობს საბჭოთა კავშირის დაშლას, ხოლო იოსებ სტალინს მიიჩნევს ძლიერ და მნიშვნელოვან ლიდერად, რომელმაც ქვეყანა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებამდე მიიყვანა. როგორც ჩანს პუტინის რუსეთში არა მხოლოდ სტალინი მოსწონთ, არამედ ასევე მოსწონთ იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი მონური პირფერობა. აი, როგორ მიულოცა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა სტალინს 60 წლის იუბილე 1938 წელს გაზეთ „პრავდაში“:

"ჩვენ მიგვიძღვება დიადი მესაჭე!" - სტატია სტალინზე გაზეთ "პრავადაში"
"ჩვენ მიგვიძღვება დიადი მესაჭე!" - სტატია სტალინზე გაზეთ "პრავადაში"

„თქვენი ხელმძღვანელობით საბჭოთა ხალხმა გაანადგურა მავნებლების, დივერსანტების, ჯაშუშებისა და მკვლელების ბუდეები ტროცკისტული და ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური ბანაკებიდან, რითაც გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა იმპერიალისტების ანტისაბჭოთა გეგმებს. ბრწყინვალე წინდახედულებით თქვენ გამოააშკარავეთ ომის პროვოკატორების ინტრიგები. თქვენმა ბრძნული ხელმძღვანელობით უზრუნველყოფილი იქნა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებები, ამაღლდა სსრკ-ის, როგორც სერიოზული საერთაშორისო ძალის სტატუსი, გაძლიერდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, მიღწეული იქნა მშვიდობა და სოციალისტური სახელმწიფოს მუდმივი კეთილდღეობა“.

მილოცვაში იოსებ სტალინს უწოდებენ ბელადს, კონსტიტუციის შემქმნელსა და გენიოსს, ტექსტი კი მთავრდება სიტყვებით: „გაუმარჯოს სოციალისტური სახელმწიფოს ბელადს - დიდ სტალინს! გაუმარჯოს მსოფლიოს ხალხების იმედსა და სიამაყეს - ამხანაგ სტალინს!"

ვინ მიულოცა?

როგორც კრემლის პრესსამსახური ირწმუნება, ვლადიმირ პუტინს პუტინს დაბადების დღე მიულოცა 40-ზე მეტმა უცხოელმა ლიდერმა - ზოგმა ტელეფონითა და ტელეგრამით, ზოგმაც - სოციალური ქსელით.

პუტინს ერთი დღით ადრე მიულოცა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც იუბილარს ყველაზე თბილი სურვილები უსურვა.

პუტინმა მილოცვის დეპეშები მიიღო პეკინიდან და ფხენიანიდან. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ორივე დეპეშას - ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინისას და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინისას - „ძალიან თბილი და არასტანდარტული“ უწოდა.

„თავის მიმართვაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა საგანგებოდ აღნიშნა პუტინის წარმატება ძლიერი და აყვავებული რუსეთის მშენებლობაში და იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის მეგობრობა მარადიული იქნება“, - როგორც უშაკოვი ამბობს, პუტინს ტელეფონზე დაურეკა და თბილად მიულოცა დაბადების დღე ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმაც, რომელმაც ასევე განიხილა რუსეთის პრეზიდენტის ინდოეთში მოახლოებული ვიზიტის მზადების საკითხები.

ვლადმირ პუტინი და ნარენდრა მოდი
ვლადმირ პუტინი და ნარენდრა მოდი

იური უშაკოვის თქმით, კეთილი სურვილებით იყო სავსე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის სატელეფონო მილოცვა. კრემლის პრესსამსახურის თანახმად, ორმა პრეზიდენტმა გაცვალა მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და შეთანხმდნენ კონტაქტების გაგრძელებაზე.

პუტინს ასევე დაურეკეს და მიულოცეს დაბადების დღე ნიკარაგუის თანაპრეზიდენტებმა დანიელ ორტეგამ და როსარიო მურილიომ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ, ყაზახეთის პრეზიდენტებმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა, ტაჯიკეთის პრეზიდენტებმა ემომალი რაჰმონმა, თურქმენეთის პრეზიდენტებმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა, უზბეკეთის პრეზიდენტებმა შავკატ მირზოევმა.

პუტინისთვის საამებელი სიტყვები არ დაიშურეს დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების ლიდერებმა, ბადრა გუნბამ და ალან გაგლოევმა.

გუნბამ რუსეთის პრეზიდენტს უსურვა „ჯანმრთელობა, ამოუწურავი ენერგია და ახალი მიღწევები სამშობლოს სამსახურში“:

„თქვენ ხართ გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე და ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მსოფლიო ლიდერი. თქვენი ბრძნული, შორსმჭვრეტელი და თანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით, რუსეთი თავდაჯერებულად იკავებს დამსახურებულ ადგილს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის და მას გადამწყვეტი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სამართლიანობის განმტკიცებაში. აფხაზეთის ხალხი გულწრფელად მადლიერია თქვენი მუდმივი მხარდაჭერისა და ყურადღებისთვის“, - ნათქვამია ბადრა გუნბას მილოცვაში.

ვლადიმირ პუტინი და ბადრა გუნბა
ვლადიმირ პუტინი და ბადრა გუნბა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ლიდერმაც „ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ამოუწურავი ენერგია, ძალა, გამარჯვებები და ახალი შთამბეჭდავი მიღწევები“ უსურვა იუბილარ.

„ხალხი თქვენს სახელს აკავშირებს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასთან, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან, საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ინტერესების დაცვასთან და საკუთარი თავისა და რუსეთის მომავლის რწმენის აღდგენასთან. <...> სამხრეთ ოსეთი უსაზღვროდ მადლიერია ყველაფრისთვის, რაც პუტინმა გააკეთა სამხრეთ ოსეთის ხალხის სასიკვდილო საფრთხისგან დასაცავად, ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად და რესპუბლიკის ომისშემდგომი რეკონსტრუქციისა და განვითარების მხარდასაჭერად“, - ნათქვამია გაგლოევის მილოცვაში.

მილოცვების სტატისტიკა

  • 2022 წ - უკრაინაში შეჭრის პირველ წელს პუტინს დაბადების დღე მიულოცეს 14 სახელმწიფოს მეთაურებმა
  • 2023 წ - პუტინის დაბადების დღე მიულოცეს 10 სახელმწიფოს მეთაურებმა
  • 2024 წ - პუტინს დაბადების დღე მიულოცეს 8 ქვეყნის - ნიკარაგუის, ბელარუსის, თურქეთის, თურქმენეთის, ყაზახეთისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ბაჰრეინის მეფემა.
  • 2025 წ - პუტინის დაბადების დღე მიულოცეს 40 სახელმწიფოს მეთაურებმა

როგორ იყო 73-ე ?

ვლადიმირ პუტინმა თავისი 73-ე დაბადების დღე გაატარა მშობლიურ სანქტ-პეტერბურგში, სადაც პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში ტაძარი მოინახულა და სხვადასხვა სამხედრო დაჯგუფების სარდლებთან შეხვედრა გამართა. როგორც პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, სამხედროებმა უმაღლეს მთავარსარდალს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„დღეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში თან ახლდნენ თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელაუსოვი, ФБС-ს დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი, გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები“, - განაცხადა პესკოვმა, რომლის თქმითაც, პუტინმა, სამხედრო მეთაურებთანა ერთად, პეტრე პირველის საფლავი ყვავილებით შეამკო და ტაძრის წინამძღვარს ესაუბრა.

ვლადიმირ პუტინი და ვალერი გერასიმოვი
ვლადიმირ პუტინი და ვალერი გერასიმოვი

„დღის განმავლობაში, ასევე სანქტ-პეტერბურგში, პუტინმა გამართა შეხვედრა, რომლის დროსაც გენერალური შტაბის უფროსმა გერასიმოვმა, ასევე სამხედრო დაჯგუფებების მეთაურებმა, უმაღლეს მთავარსარდალს ფრონტებზე არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

პუტინის ყველა 7 ოქტომბერი პრეზიდენტის რანგში

2000 წ. - ვლადიმиრ პუტინმა პრეზიდენტის რანგში თავისი პირველი დაბადების დღე (48 წლის შესრულდა) აღნიშნა პავლოვსკში¸ სანქტ-პეტერბურგის გარეუბანი, რუსულ რესტორან „პოდვორიეში“. სტუმრებს შორის იყვნენ მსახიობები კირილ ლავროვი და მიხაილ ბოიარსკი, მარინის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვალერი გერგიევი, ძიუდოს მწვრთნელი ანატოლი რახლინი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლუდმილა ვერბიცსკაია და სხვები. საღამოს პუტინი მარინის თეატრს ესტუმრა და ჩაიკოვსკის ოპერის „მაზეპას“ პრემიერას დაესწრო.

2001 წ. - პუტინმა საგანგებო შეხვედრა გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვთან, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) დირექტორ ნიკოლაი პატრუშევთან და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ანატოლი კვაშნინთან. მოგვიანებით, პუტინმა თავისი 49-ე დაბადების დღე ოჯახთან (ყოფილ ცოლ ლიუდმილასთან და ქალიშვილებთან) ერთად ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში აღნიშნა.

2002 წ. - პუტინმა 50 წლის იუბილე კიშინიოვში აღნიშნა, სადაც დაესწრო დსთ-ს სამიტს. საქმიანი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები მიიწვიეს კრიკოვის სარდაფში, სადაც მოლდავური ღვინოები ინახება. იმავე საღამოს პუტინმა მოსკოვში გამართა ვახშამი, რომელზეც მთავრობის წევრები და რუსეთის ფედერალური კრების ხელმძღვანელები მიიწვია.

2003 წ. - პუტინმა დაბადების დღე სანქტ-პეტერბურგში აღნიშნა. სადღესასწაულო ბანკეტი გაიმართა თბომავალ New Island-ზე, სადაც მიწვეულ სტუმრებს შორის იყო ვერა გურევიჩი, პუტინის სკოლის მასწავლებელი.

2004 წ. - პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად სტრელნაში (სანქტ-პეტერბურგი) კონსტანტინეს სასახლეში გაიმართა საზეიმო ვახშამი, ხოლო იმავე საღამოს ქვედა პარკში ორგანიზებული იქნა შთამბეჭდავი ფეიერვერკი.

2005 წ. - ვლადიმირ პუტინი სანქტ-პეტერბურგში ცენტრალური აზიის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის ლიდერებს შეხვდა. შემდეგ მან სახელმწიფოს მეთაურებს უმასპინძლა კონსტანტინეს სასახლეში გამართულ საზეიმო საუზმეზე.

2006 წ. - პუტინმა კვლავ სანქტ-პეტერბურგში აღნიშნა დაბადების დღე. დღის განმავლობაში ის შეხვდა ქალაქის გუბერნატორს, ვალენტინა მატვიენკოს.

2007 წ. - 55 წლის იუბილეზე პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები (პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ზუბკოვი, პრემიერ-მინისტრების პირველი მოადგილეები სერგეი ივანოვი და დიმიტრი მედვედევი, კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი სობიანინი და სხვ.) მოსკოვში, კრემლის დიდი სასახლის ეკატერინეს დარბაზში მიიწვია.

2008 წ. - 7 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინი (ამჯერად რუსეთის პრემიერ-მინისტრის რანგში) სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სანქტ-პეტერბურგში. კონსტანტინეს სასახლეში მან მონაწილეობა მიიღო ფილმის „ძიუდოს სწავლა ვლადიმერ პუტინთან ერთად“ პრეზენტაციაში, შემდეგ კი დაესწრო ინტერპოლის გენერალური ასამბლეის სესიას, რომელიც პირველად გაიმართა რუსეთში.

2009 წ. - თავის დაბადების დღეზე პრემიერ-მინისტრმა პუტინმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან შეხვედრაში, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა.

2010 წ. - თავის 58-ე დაბადების დღეზე პრემიერ-მინისტრი პუტინი კვლავ იმყოფებოდა სანქტ-პეტერბურგში, სადაც მონაწილეობა მიიღო რუსეთის წამყვანი უნივერსიტეტების განვითარების პროგრამების განხორციელების შესახებ შეხვედრაში, ასევე ლენინგრადის პროფკავშირების ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაში.

2011 წ. - პრემიერ-მინისტრმა პუტინმა 7 ოქტომბერი გაატარა მოსკოვში, სადაც სიტყვით გამოვიდა თავდაცვის ინდუსტრიისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე.

2012 წ. - რუსეთის პრეზიდენტად დაბრუნებულმა პუტინმა თავისი 60 წლის იუბილე კვლავ სანქტ-პეტერბურგში, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა“. ამ დღეს პუტინს სამუშაო შეხვედრები არ ჰქონია, მილოცვებიც ტელეფონით მიიღო.

ვლადიმირ პუტინი და მისი ცოლი ლიუდმილა პუტინა,. 2012 წ.
ვლადიმირ პუტინი და მისი ცოლი ლიუდმილა პუტინა,. 2012 წ.

2013 წ. - 7 ოქტომბერს პუტინი იმყოფებოდა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. სახელმწიფო მეთაურების საერთო შეხვედრის დროს პუტინი გაიყვანეს ცალკე ოთახში, სადაც სამიტის მონაწილეებმა, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ხელმძღვანელობით, იმღერეს „Happy Birthday to You“, რომელსაც გიტარის თანხლებით აკომპანემენტს უკეთებდა სამიტის მასპინძელი, ინდონეზიის პრეზიდენტი სუსილო ბამბანგ იუდჰოიონო.

2014 წ. - ამ წელს პუტინმა პირველად გადაუხვია ტრადიციას და თავისი დაბადების დღე შვებულებაში, ციმბირის ტაიგაში, უახლოესი დასახლებული პუნქტიდან 300-400 კმ-ში აღნიშნა. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. 9 ოქტომბერს ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, თავად პუტინმაც განაცხადა: „გუშინწინ სასეირნო დღე მქონდა; მთებში თითქმის ცხრა კილომეტრი გავიარე“.

2015 წ. - პუტინი თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრა გამართა, რათა სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია განეხილათ. საღამოს პუტინმა მონაწილეობა მიიღო ღამის ჰოკეის ლიგის მატჩში, სადაც შვიდი შაიბა შეაგდო. პუტინის გუნდში თამაშობდნენ შოიგუ და ცნობილი რუსი ვეტერანი ჰოკეისტები: პაველ ბურე, ალექსეი ჟამნოვი, ვალერი კამენსკი, ალექსეი კასატონოვი, ალექსანდრ მოგილნი, ვიაჩესლავ ფეტისოვი და ალექსანდრ იაკუშევი.

2016 წ. - პუტინს ამ დაბადების დღეზე არანაირი საჯარო ღონისძიება არ გაუმართავს. პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ პუტინმა დღესასწაული ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების გარემოცვაში გაატარა.

2017 წ. - თავის 65 წლის იუბილეზე ვლადიმირ პუტინმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაში და ტელეფონით ელაპარაკა უცხოელ კოლეგებს. სოჭში, კერძო შეხვედრის ფარგლებში, უმასპინძლა იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის.

2018 წ. - პუტინმა დაბადების დღე ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების გარემოცვაში აღნიშნა, მიიღო სატელეფონო მილოცვები უცხოელი კოლეგებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. გარდა ამისა, პუტინმა ასევე უყურა შერეული საბრძოლო ხელოვნების ოსტატის, რუსეთის სახელით მოასპარეზე ჰაბიბ ნურმაგომედოვისა და ირლანდიელი კონორ მაკგრეგორის ბრძოლის ჩანაწერს. ნურმაგომედოვის გამარჯვების შემდეგ, პუტინმა დაურეკა სპორტსმენს და მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულის დაცვა მიულოცა.

2019 წ. - პუტინის პრესმდივანმა განაცხადა, რომ პუტინმა 67 წლის იუბილე ბუნებაში, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა. ამ დღეს პუტინმა ტელეფონით მიიღო მილოცვები დსთ-ს რამდენიმე ქვეყნის ლიდერისგან, ასევე სერბეთის პრეზიდენტისგან ალექსანდრ ვუჩიჩისგან და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან. ერთი დღით ადრე, პუტინი თავდაცვის მაშინდელ მინისტრ შოიგუსთან ერთად ეწვია ტუვას, სადაც ტაიგა დაათვალიერა და მთები დალაშქრა.

პუტინი ტუვაში
პუტინი ტუვაში

2020 წ. - ამ დაბადების დღეზე პუტინი საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა. პრესსამსახურის ცნობით, მან ათზე მეტი საერთაშორისო სატელეფონო საუბარი გამართა (სახელმწიფოების მეთაურებისგან მილოცვები მიიღო), საღამო კი „მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან გაატარა“.

2021 წ. - ამ წელს თავის დაბადების დღეს პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. მიიღო მილოცვები მოქმედი და ყოფილი უცხოელი ლიდერებისგან, მათ შორის ბელარუსის, თურქეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებისგან, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტისგან და ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტისგან. საღამოს ვლადიმირ პუტინმა მილოცვები მიიღო ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან.

2022 წ. - თავის 70-ე იუბილეზე პუტინმა დსთ-ს ქვეყნების ლიდერებს ორგანიზაციის არაფორმალურ სამიტზე, სტრელნაში (სანქტ-პეტერბურგი), კონსტანტინეს სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის, ბელარუსის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის პრეზიდენტები და სომხეთის პრემიერ მინისტრი.

2023 წ. - პუტინმა ნოვო-ოგარეოვოს რეზიდენციაში უმასპინძლა ყაზახეთისა და უზბეკეთის ხელმძღვანელებს, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს და შავქატ მირზოევს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს უზბეკეთისთვის (ყაზახეთის გავლით) რუსული გაზის მიწოდების დაწყებას აღსანიშნავ ცერემონიაში.

2024 წ. - პუტინმა მოსკოვში უმასპინძლა დსთ-ს ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც რუსეთის დედაქალაქში დსთ-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად იყვნენ ჩასულები. მასპინძლის დაბადების დღის გამო სრულმასშტაბიანი სამუშაო სამიტი, მეორე დღეს, 8 ოქტომბერს გაიმართა.

პუტინის ოცნება უკვდავებაზე?

2025 წლის 3 სექტემბერს პირდაპირ სატელევიზიო ეთერში მოხვდა ტიანანმენის კარიბჭისკენ ქვეითად მიმავალი ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურის, კიმ ჩენ ინის საუბარი.

თარჯიმანმა, რომელიც, როგორც ჩანს, სი ძინპინის სიტყვებს გადმოსცემდა, რუსულად თქვა: „ადრე ადამიანები იშვიათად ცოცხლობდნენ 70 წლამდე, მაგრამ ახლა 70 წლის ასაკში შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ“.

შემდეგ, როგორც ჩანს, თარჯიმანმა რუსეთის ლიდერის სიტყვები თარგმნა ჩინურად: „ბიოტექნოლოგიების განვითარების წყალობით, ადამიანის ორგანოების უწყვეტი გადანერგვაა შესაძლებელი. ადამიანები შეძლებენ უფრო და უფრო ახალგაზრდები გახდნენ და უკვდავებასაც კი მიაღწიონ“.

შემდეგ, ვიდრე საუბრის ტრანსლაცია შეწყდებოდა, სი ძინპინმა კვლავ ჩინურად თქვა: „პროგნოზის თანახმად, არსებობს შანსი, რომ ამ საუკუნეში ადამიანმა 150 წლამდე მიაღწიოს“.

პუტინმა მოგვიანებით დაადასტურა საუბრის ფაქტი, თუმცა დეტალების დაზუსტებაზე უარი თქვა.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის ლიდერია 1999 წლის ბოლოდან, ანუ ბორის ელცინის გადადგომიდან. 2000 წლის მარტში მან საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. 2008-2012 წლებში პრეზიდენტის თანამდებობა ფორმალურად დაუთმო პრემიერ-მინისტრს, დმიტრი მედვედევს, თვითონ კი მთავრობის მეთაურის პოსტი დაიკავა. 2012 წლიდან პუტინი კვლავ პრეზიდენტია. 2020 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პუტინს შეუძლია პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩეს 2036 წლამდე. ამ დროისათვის ის 84 წლის იქნება. პუტინის უფროსი ქალიშვილი, მარია ვორონცოვა, რომელიც განათლებით ენდოკრინოლოგია, რუსეთში ხელმძღვანელობს გენეტიკურ კვლევებთან დაკავშირებულ პროგრამებს და, როგორც ამბობენ, მისი კვლევის საგანია „ორგანიზმში უჯრედების განახლების პროცესები, როგორც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ჯანმრთელობის საფუძვლები“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG