“გაიგე? გოგობერას თავი მოუკლავს”.
„ვისა, კაცო, იმ ბიჭს, ციხის უფროსი რომ იყო? როგორ? გუშინ თუ გუშინწინ შემხვდა ეზოში“.
„ჰო გუშინო, „გარაჟშიო“.
წყალტუბოს ქუჩაზე, „ხრუშჩოვკის“ ეზოში, გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულების ყოფილი უფროსის მეზობლები ერთმანეთში ლაპარაკობენ.
მიახლოებისთანავე ჩუმდებიან და კითხვაზე, რა იციან წინა საღამოს, ავტოფარეხში გარდაცვლილი მეზობლის შესახებ, მპასუხობენ: „არაფერი“...
ყველა მეზობელი, რომელსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა, ირწმუნება, რომ 7 ოქტომბრის საღამოს, მათ არც არაფერი გაუგიათ, არც არაფერი უნახავთ. მათ შორის, ისინიც, რომლებიც სულ რამდენიმე მეტრში ცხოვრობენ იმ ავტოფარეხთან, სადაც გამოძიების თანახმად, დავით გოგობერიშვილმა თავი მოიკლა:
„სად, აქ მოიკლა თავი? უი, არა, არაფერი ვიცი“.
„გავიგე, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ რა, არ ვიცი“.
„არა, გენაცვალე, აქაურები არ ვართ“.
მხოლოდ ერთი მეზობელი, პირველი სართულის აივნიდან გვეუბნება, რომ წუხელ, სახლში დაბრუნებულმა ქმარმა უთხრა, რომ დავით გოგობერიშვილმა თავი მოიკლა:
„მე ბავშვს ვაძინებდი, მეორე მხარეს გვაქვს საძინებელი, ამიტომ გასროლის ხმა არ გამიგია, მაგრამ ჩემი ქმარი რომ ამოვიდა სახლში, თქვა, თავი მოუკლიაო. პოლიცია იყო, სასწრაფო, ამბობენ, ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავიო, მაგრამ გეფიცებით, მე არაფერი გამიგია. შორიდან ვიცნობდი ამ ადამიანს, მხოლოდ სალმით“, - ეუბნება ახალგაზრდა ქალი რადიო თავისუფლებას.
ავტოფარეხი კრიმინალური პოლიციის „სტიკერითაა“ დალუქული. აქ საგამოძიებო სამუშაოები დასრულებულია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, დავით გოგობერიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დეტალზე უწყებაში არ საუბრობენ. არაფერია ცნობილი იმის შესახებ, რა იარაღით მოიკლა თავი ციხის ყოფილმა უფროსმა და ეკუთვნოდა თუ არა ეს იარაღი მას.
ვინ იყო დავით გოგობერიშვილი, რა აკავშირებდა მას გიორგი ბაჩიაშვილთან?
41 წლის დავით გოგობერიშვილი, პროფესიით იურისტი, წლების განმავლობაში მუშაობდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
რადიო თავისუფლების ინფორმაციის, მანამდე მან არაერთ სახელმწიფო სტრუქტურაში იმუშავა, მათ შორის, ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში.
სავარაუდოდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში (მისი სამსახურებრივი საქმიანობის შესახებ პენიტენციური სამსახური ინფორმაციას არ გვაწვდის), 2025 წლის აგვისტოს ჩათვლით, დავით გოგობერიშვილი გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულების უფროსის თანამდებობას იკავებდა.
თანამდებობა მან 2025 წლის აგვისტოს ბოლოს დატოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთი თვით ადრე, გლდანის მერვე დაწესებულების საკანში შესახლებულმა პატიმარმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილს სცემა.
გიორგი ბაჩიაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში, პირველივე აბზაცში წერდა, რომ ორი დღით ადრე მას ციხის უფროსი შეხვდა, „მეგობრულად გაეცნო“ და ურჩია, „ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები “ გაეხსნა - „აინტერესებდა, თუ როგორ მოვახერხებდი ტექნიკურად ამ ყველაფერს“.
გიორგი ბაჩიაშვილი წერილში აღნიშნავდა, რომ ამ ინფორმაციის გაზიარება მან მიზანშეწონილად არ მიიჩნია, დავით გოგობერიშვილმა კი უთხრა: „გიორგი, არ ხარ შენ იმ სიტუაციაში რომ პირობები დააყენო, ხომ იცი ციხეში ყველანაირი ადამიანი ზის, “გიჟიც” და ნაკლებად “გიჟიც“.
ბაჩიაშვილი წერდა, რომ „საუბარი იყო მეგობრული ტონით“ და მას ეს "მუქარად არ აღუქვამს".
ამ ინციდენტიდან თითქმის თვე-ნახევრის თავზე, 21 აგვისტოს, გაირკვა, რომ დავით გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თანამდებობები დატოვეს.
გიორგი ბაჩიაშვილის ცემის გამოძიების დაწყების შემდეგ პენიტენციური სამსახური განცხადებაში წერდა: "გამოიკვეთა პენიტენციური სამსახურის გარკვეული თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ფაქტები", და ეს გარემოებები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თქმით, აჩენდა "საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა, კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პირები და გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ".
უწყების თანახმად, 19 აგვისტოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში დაიწყო დისციპლინური წარმოებაც:
„დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოიკითხა სხვადასხვა პირი, მათ შორის N8 დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი, მსჯავრდებული კ. მეტრეველი, ასევე სხვა მსჯავრდებული პირები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის კონტაქტი მსჯავრდებულ ბაჩიაშვილთან.
შემოწმების შედეგად, ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ“, - ეწერა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ დავით გოგობერიშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში წლების განმავლობაში მუშაობდა, უწყება მისი გარდაცვალების შესახებ არანაირ განცხადებას, მათ შორის, არც სამძიმრის წერილს არ აქვეყნებს.
დღეს იქ რადიო თავისუფლებას არც ის უთხრეს, რამდენი წლის განმავლობაში მუშაობდა გოგობერიშვილი სისტემაში და როდის დაიკავა გლდანის მერვე დაწესებულების უფროსის თანამდებობა: „ციხის უფროსების შესახებ ინფორმაციას უწყება მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ავრცელებს ხოლმე“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას 8 ოქტომბერს მაშინ, როდესაც დავით გოგობერიშვილი უკვე რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, დავით გოგობერიშვილი სამსახურში დაბრუნებას ცდილობდა, რადგან „თვლიდა, რომ ის მართალი იყო“.
„არც პატიმარი მინახავს მისით უკმაყოფილო და არც თანამშრომელი“ - პატიმრები, მათი ახლობლები და ადვოკატები ციხის ყოფილ უფროსზე
დავით გოგობერიშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გამოქვეყნდა, რომელსაც წერენ, როგორც ყოფილი და ამჟამინდელი პატიმრები ისე, მათი ოჯახის წევრები და ადვოკატები.
„კარგი ადამიანი იყო“ - პოსტების უმრავლესობა ციხის უფროსს როგორც ყურადღებიან ადამიანს ისე წარმოაჩენს.
რადიო თავისუფლება ელაპარაკა პროევროპული აქციებისას დაკავებული ახალგაზრდების, ზვიად ცეცხლაძისა და თორნიკე გოშაძის დედებს, ნარგიზ დავითაძეს და მარიზი კობახიძეს:
„იმ დრომდე, სანამ დავითი იყო ციხის უფროსი, მანამდე პატიმრებთან კალამიც მიჰქონდათ, ფურცელიც, რაც საჭირო იყო, ყველაფერი. შევდიოდით თავისუფლად. თითქმის ერთი წელია დავდივართ ციხეში, მე არც პატიმარი მინახავს მისით უკმაყოფილო და არც თანამშრომელი. მას შემდეგ, რაც ის სამსახურიდან წავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, წერილები იხსნება, ზოგი წერილი ადრესატამდე არ მიდის.
მისი დირექტორობის დროს, როცა თორნიკემ მოითხოვა კამერის შეცვლა, რადგან მისი თანასაკნელი მძიმე დანაშაულებისთვის იჯდა და არ შეეძლო მასთან ყოფნა, თორნიკე ჩაიყვანეს უფროსთან და თორნიკესგან ვიცი ეს სიტყვები, ასე მითხრაო „თორნიკე, შენ კიდევ დიდხანს გაძელი, სადაც იტყვი იქ გადაგიყვანთო. საბოლოოდ, ჩემი შვილი ცხადაძესთან და კიკნაძესთან შეასახლეს. ვიცი, რომ პატიმრებს ძალიან ადამიანურად ექცეოდა.
მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა, პირადად ჩემთვის ძალიან მძიმე იყო“, - ეუბნება მარიზი კობახიძე რადიო თავისუფლებას.
გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის გარდაცვალების შესახებ ცნობა დასანანი აღმოჩნდა ზვიად ცეცხლაძის დედისთვისაც.
ნარგიზ დავითაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დავით გოგობერიშვილი „რეჟიმს შეეწირა“.
„აი, მალე ერთი წელი გახდება, რაც ციხის კარზე ვდგავართ. ერთი ადამიანიც არ მინახავს, მასზე ცუდი ეთქვას. სულ აქებდნენ ხოლმე. ყოველთვის დადებითად მოიხსენიებდა ზვიადიც. ისე ვარ შეწუხებული, არც ვიცი, როგორ გადმოვცე. რეჟიმი ყველა ზღვარს გადასცდა, იმედია, ეს მაინც იქნება მაგალითი, რომ დუმილი დამღუპველია. ეს ადამიანი მოიშორეს, პატიოსანი კაცი არავის სჭირდება“, - ამბობს ნარგიზ დავითაძე.
ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა დავით გოგობერიშვილი იანვარში, სწორედ მაშინ გაიცნო, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფ მსახიობთან, ანდრო ჭიჭინაძესთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები შეიყვანა.
„რთულად მოიძებნება პატიმარი, რომელიც დავითის მიმართ პრეტენზიას გამოხატავდა. ის იყო პროფესიონალი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა (კანონის ფარგლებში) გვერდში დასდგომოდა თითოეულ პატიმარს და მათთვის მოეგვარებინა ყოველდღიური საჭიროებები. განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა სინდისის პატიმრების მიმართ“, - იხსენებს თორნიკე მიგინეიშვილი.
გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის გარდაცვალებას გამოეხმაურა კიდევ ერთ ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე.
მისი თქმით, არ ახსენდება მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთი პატიმარიც კი, რომელიც დავით გოგობერიშვილის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა:
„ყოველთვის გამოირჩეოდა დიდი ყურადღებით - ყოველ შემთხვევაში, ჩემი დასაცავი პირების მიმართ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქციაზე დაკავებული ბიჭების კონკრეტული დანაბარები პირადად მიმქონდა - ყურადღებით მისმენდა, ინიშნავდა (ზოგჯერ იქვე მოუგვარებია) და უთქვამს მომავალში პირადად მითხრან ნებისმიერი საკითხი, რაც აწუხებთო“, - ამბობს ლაშა ცუცქირიძე.
დავით გოგობერიშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა სოციალურ ქსელში პროევროპული აქციებისას დაკავებული ნიკუშა კაცია, რომელიც სექტემბრის დასაწყისში სასამართლომ გაამართლა და გლდანის საპატიმრო დატოვა.
ნიკუშა კაცია დავით გოგობერიშვილთან ურთიერთობის სხვა, ნეგატიურ გამოცდილებაზე წერს:
"ცუდად არ საუბრობენ გარდაცვლილზე, ვიცი, მაგრამ მანამდეც ბევრჯერ ვიკივლე, ტყვეობიდან - სამჯერ დამპირდა სუფთა და გარემონტებულ საკანს, სამჯერ მომატყუა…
ადვოკატი არ მომწონს გამოცვალეო, სამჯერ მითხრა!!! და ვიდრე ტელევიზორის ყიდვის საშუალებას მომცემდნენ “მკერავდა” ხელი მომეწერა ოქმზე, რომ ყველაფერი კარგად იყო და ამ შემთხვევაში საკანიც ახალი მექნებოდა და ტელევიზორსაც მომცემდნენ… პრობლემებს, რომელზეც ვყვებოდი, დაცინვა, დამცირება, ბუქნები - ოქმში არ ასახავდა...
რეჟიმის ტყვეების მშობლები შეეწირნენ ამბავს, რომლის მსახურიც იყო… რა ვიცი. რა ვიცი"…
გიორგი ახობაძეა ერთ-ერთი, რომელიც გასული წლის ბოლოს, პროევროპული აქციებისას დააკავეს და დედა პატიმრობისას გარდაეცვალა.
მოსამართლემ გიორგი ახობაძე აგვისტოს დასაწყისში უდანაშაულოდ ცნო და რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ მან გლდანის მერვე დაწესებულება დატოვა.
8 ოქტომბერს, დავით გოგობერიშვილის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, გიორგი ახობაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ციხის ყოფილი დირექტორის გარდაცვალებას გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს უკავშირებს.
ამბობს, რომ პატიმრობის პერიოდში, ის რამდენჯერმე ესაუბრა ციხის უფროსს. მისივე თქმით, „რეჟიმის ტყვეების მიმართ, მის ხელთ არსებულ ლიმიტებში მაქსიმალურად ყურადღებიანი იყო“.
„ჩემი და ნიკა კაციას შეფასება რადიკალურად განსხვავდება, ამიტომ დაბნეულობა რომ არ შემოვიტანოთ, ავხსნი ასე რატომაა. ჩვენი შეფასების კრიტერიუმები სხვადასხვაა. ნიკა ითხოვდა ყველა წესის დაცვას, ამაში ვეთანხმები, უბრალოდ ამ ეტაპზე შეუძლებლად მეჩვენება. ამიტომ მე ვაფასებ ისე, რომ ვითვალისწინებ ციხის მოცემულობას დინამიკაში.
ამ ქვეყანაში ციხე რა იყო და არის ყველამ ვიცით. ნებისმიერი პოზიტიური ცვლილება იქ, უნდა ვახსენოთ, რომ ყველა შემდეგ დირექტორს ჰქონდეს თამასა, რასაც არ უნდა ჩამოსცდეს.
მე და დავით გოგობერიშვილმა რამდენიმეჯერ ვისაუბრეთ ხანგრძლივად და როდესაც ველაპარაკე ჩადებებზე, კორუფციაზე პოლიციაში და ა.შ. არაადამიანობებზე ამ სისტემაში, მისგან აშკარად მოდიოდა ამ ყველაფრის მიუღებლობა, გინებით მოიხსენიებდა ამ ქცევას პოლიციის მხრიდან და ეს არ იყო ყალბი ემოცია.
აშკარაა, რომ მის თავს რაღაც ისეთი მოხდა, რაც ამ სისტემის ნაყოფია! არ ვიცი სუიციდია ეს, თუ აქამდე მიყვანა, თუ პირდაპირ მკვლელობა, მაგრამ ეს ქნა ქოცურმა რეჟიმმა და ამ გამოსავლისგან არავინ ვართ შორს!..
ცოტა უცნაურია ციხის დირექტორზე ამას წერდეს ადამიანი დღეს, მაგრამ ძალიან გული დამწყდა მის სიკვდილზე", - დაწერა გიორგი ახობაძემ.
ციხის საკნიდან წერილი გამოგზავნა პროევროპული აქციებისას დაკავებულმა და მსჯავრდებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა:
„დათოსგან მუდამ იგრძნობოდა ყურადღება და გვერდში დგომა. მან არაერთხელ მაჩვენა ადამიანობის მაგალითი - და არა მარტო მე", - წერს ის.
დავით გოგობერიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მისი კურსელი, იურისტი ლონდა თოლორაია, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი და „კანონის უზენაესობის ცენტრის“ დირექტორი.
ლონდა თოლორაია წერს, რომ ის გარდაიცვალა „კანონიერებისაგან, მორალისაგან და სამართლიანობისაგან სრულად დაცლილი რეჟიმის გამო“:
„რუსეთისაგან ესეც აგითვისებიათ - გაურკვეველ ვითარებებში ადამიანების ,,თვითმკვლელობა”.
ამ ხელისუფლებას განსაკუთრებულად სძულს ის საჯარო მოხელეები, ვინც ამ პირობებშიც ახერხებენ ადამიანებმა მასზე ის დაწერონ/თქვან, რასაც დილიდან მასზე ვკითხულობთ...
ვინც ამ საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი ხართ, იმედია, ხვდებით, რომ თქვენი უდიდესი პასუხისმგებლობაა ამ სიკვდილის/,,თვითმკვლელობების” ქრონიკების შეჩერება!“ - დაწერა ლონდა თოლორაიამ სოციალურ ქსელში.
დავით გოგობერიშვილს ექსპერტიზის ბიუროდან სახლში 8 ოქტომბერს დღის ბოლოს გადაასვენებენ.
თვითმკვლელობის, უფრო ზუსტად კი თვითმკვლელობის მცდელობის კიდევ ერთი საქმე, რომელმაც საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის,თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეა.
გამოძიების თანახმად, თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისის ღამეს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, ალექსი ახვლედიანის სახლში, მისივე კუთვნილი იარაღიდან სცადა თვითმკვლელობა.
საქმეზე გამოძიება მიდის, როგორც იარაღის დაუდევრად შენახვის, ისე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
თორნიკე რიჟვაძე მკურნალობას თურქეთში გადის და ახლობლები ამბობენ, რომ ექიმების მოთხოვნით, მასთან ურთიერთობის უფლება მხოლოდ ოჯახის წევრებს აქვთ.
ფორუმი