Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კრემლი დროს იგებს“ - ტრამპისა და პუტინის 2-საათიანი საუბრის შედეგები


ექსპერტები შიშობენ, რომ პუტინი ტრამპთან საუბრებით დროს იგებს და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას სულაც არ გეგმავს, მაშინ როცა კიევი სრულ მზადყოფნას გამოხატავს - ფოტო 2025 წლის თებერვალი
ექსპერტები შიშობენ, რომ პუტინი ტრამპთან საუბრებით დროს იგებს და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას სულაც არ გეგმავს, მაშინ როცა კიევი სრულ მზადყოფნას გამოხატავს - ფოტო 2025 წლის თებერვალი

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ორსაათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ, კრემლს არაფერი ეტყობა - რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას გეგმავს, რასაც უკვე დიდი ხანია, დონალდ ტრამპთან ერთად, უკრაინა და ევროპა მოითხოვენ.

ექსპერტებისთვის აშკარაა, რომ რუსეთთან მიმართებით ვაშინგტონის მუდმივად ცვალებადი პოზიციები და ტონი ისევ შერბილდა: ისევ გაქრა სანქციების მუქარა; ცეცხლის შეწყვეტა კი, პრეზიდენტმა ტრამპმა ახლა უკვე მხოლოდ კიევისა და მოსკოვის შესათანხმებელ საკითხად დაასახელა.

კრემლი არ ჩქარობს. უცნობია კონკრეტული ვადები - როდის შემუშავდება პუტინის მიერ ტრამპისთვის დაპირებული სამშვიდობო მემორანდუმი. პუტინი ისევ ითხოვს ომის “თავდაპირველი მიზეზების” აღმოფხვრას.

პარალელურად, დონალდ ტრამპს ესაუბრებიან ევროპელი ლიდერები, მაგრამ ისინი კონკრეტულ დაპირებებს ვერ იღებენ. აშშ-სგან განსხვავებით, ბრიუსელი რუსეთს დამატებით დროს აღარ აძლევს - 20 მაისს დამტკიცებული სანქციების მე-17 პაკეტს მალე მე-18-ც მოჰყვება.

რუსეთი დროს იგებს, ტრამპის ტონი ცვალებადია

პრეზიდენტ პუტინთან ხანგრძლივი და „ბრწყინვალედ“ შეფასებული საუბრის შემდეგ, 19 მაისს, გვიან საღამოს, აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Details-ზე დაწერა და ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება. დაასახელა მიზნები - ცეცხლის შეწყვეტა, ომის დასრულება და შეხვედრის შესაძლო ადგილიც - ვატიკანი.

თუმცა ექსპერტებმა შენიშნეს, რომ ტრამპი სანქციებით აღარ ემუქრება რუსეთს, არ არის წნეხი კრემლზე და ის არც კონკრეტული ვადების დასახელებას მოითხოვს.

“ტრამპის განცხადებაში არ არის არავითარი მინიშნება რუსეთის წინააღმდეგ წნეხზე. აშკარაა, რომ ტრამპს არ სურს პუტინთან კონფრონტაცია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სტეფან კინინგერი, ამერიკულ-გერმანული ინსტიტუტის მკვლევარი.

გაჩნდა ახალი ვარაუდები, რომ პრეზიდენტი ტრამპი გადის სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან და რუსეთს უკრაინის პირისპირ - მომგებიან პოზიციაში ტოვებს.

„ტრამპი ეხმარება პუტინს გამარჯვებაში, სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გამოსვლით“ - სტატიას ამ სათაურით Bloomberg-ი აქვეყნებს. „თითქოს ჩვენ ვბრუნდებით ბევრად უფრო ხანგრძლივ სცენარში, რომელშიც პუტინი იგებს დროს თავისთვის და თავისი არმიისთვის“, - აღნიშნავს სააგენტოსთან კრისტინ ბერზინა, მარშალის ფონდის გეოპოლიტიკის პროგრამის დირექტორი ვაშინგტონიდან.

ორშაბათს, პუტინთან საუბრის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში უთხრა, რომ თუკი მისი მოლოდინი არ გამართლდება, უკან დაიხევს და რომ „მათ [ევროპელებს] მოუწევთ გაგრძელება“.

„ეს [ომი] ევროპული სიტუაციაა და უნდა დარჩენილიყო ევროპულ სიტუაციად“, - ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ აშშ-მა რუსეთთან ომში უკრაინას ევროპელებზე გაცილებით უფრო მასშტაბური დახმარება გაუწია.

რუსეთი წნეხის გარეშე?

მართალია დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმებისა და შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობაზე ილაპარაკა, მაგრამ ამ დრომდე არ დაუზუსტებია - როდის ან როგორ უნდა შედგეს ეს დოკუმენტი. „მთლიანობაში რუსეთის პოზიცია ნათელია - ჩვენთვის მთავარია ამ კრიზისის [უკრაინასთან ომის] “ თავდაპირველი მიზეზების აღმოფხვრა“, - ექსპერტებმა საგანგებო ყურადღება მიაქციეს რუსეთის პრეზიდენტის ამ სიტყვებს, რაც მათ ცეცხლის შეწყვეტის საკითხის სწრაფად გადაწყვეტის მოლოდინს უნელებს.

ომის თავდაპირველი მიზეზების აღმოფხვრას - როგორც ცეცხლის შეწყვეტის პირობას - კრემლი მუდმივად იმეორებს, როდესაც მას ამერიკიდან თუ ევროპიდან უპირობო ზავისკენ მოუწოდებენ. ეს პირობები წამოყენებული იყო სტამბოლის შეხვედრაზეც, სადაც პუტინი არ ჩავიდა და „დაბალი დონის დელეგაცია“ გაგზავნა.

პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ყველა ჩქარობს", მაგრამ მემორანდუმის გასაფორმებლად ვადები დადგენილი არ არის.

აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციის ცვლილება თვალსაჩინო იყო ბოლო ორი კვირის განმავლობაშიც:

  • 8 მაისს, როდესაც კიევსა და მოსკოვს დონალდ ტრამპმა 30-დღიანი ზავისკენ კიდევ ერთხელ, მოუწოდა, იქვე დააზუსტა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, დამატებითი სანქციები დაწესდებოდა. ეს მოწოდება ყველამ კრემლის გაფრთხილებად აღიქვა, რადგან კიევი სრულ მზადყოფნას გამოხატავდა.
  • 11 მაისს, ტრამპი დაეთანხმა ვლადიმირ პუტინის შეთავაზებას უკრაინის მხარესთან სტამბოლში პირისპირ შეხვედრის შესახებ და მოუწოდა კიევს - დაუყოვნებლივ მიეღო ეს შეთავაზება. ტრამპი ამ დროს უკვე აღარ ახსენებდა სანქციებს.
  • როდესაც, ზელენსკისგან განსხვავებით, პუტინი სტამბოლში არ ჩავიდა და არც მის მიერ გაგზავნილი „დაბალი დონის დელეგაცია“ დაეთანხმა 30-დღიან ზავს - სანქციების დაწესების ნაცვლად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ პუტინისა და ტრამპის შეხვედრის შედეგად გახდებოდა შესაძლებელი.


შეხვედრის ნაცვლად, ტრამპი პუტინს ტელეფონით ესაუბრა, 19 მაისს. ვაშინგტონისა და მოსკოვის მიერ გავრცელებული მესიჯებიდან საერთო ის არის, რომ რუსეთმა და უკრაინამ თავად უნდა გაარკვიონ ცეცხლის შეწყვეტის საკითხიც და ომის დასრულების პერსპექტივებიც.

ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ივო დაალდერი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ სატელეფონო ზარით ომის დამთავრება შეუძლებელია და რომ კრემლთან მხოლოდ სერიოზული სანქციების ენა გაჭრის.

„პრეზიდენტმა [ტრამპმა] უნდა აღიაროს, რომ პრობლემა ვლადიმირ პუტინია და უნდა შეუერთდეს თავის ევროპელ მეგობრებსა და კოლეგებს - რათა ყველაფერი შესაძლებელი გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად და ახალი სერიოზული სანქციები, მათ შორის - მეორადი სანქციები დაწესდეს რუსეთის წინააღმდეგ“, - ივო დაალდერი დარწმუნებულია, რომ კრემლზე წნეხის გარეშე ომი უკრაინაში არ დასრულდება და ერთადერთი კაცი, რომელსაც ომის დასრულება შეუძლია, არა დონალდ ტრამპი, არამედ - ვლადიმირ პუტინია.

ევროპული სანქციები და გეგმები

„რაც უფრო მეტი წნეხი იქნება რუსეთზე, უფრო მეტი სტიმული ექნება რუსეთს - წინ წავიდეს ნამდვილი მშვიდობისკენ“, - აღნიშნავს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ევროკომისიის პრეზიდენტთან ურზულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შემდეგ და კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას რუსეთის მიერ ევროპელების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული სანქციების მე-17 პაკეტის გამო.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტსაც ამზადებს.

დაგეგმილ ზომებს შორის ურზულა ფონ დერ ლაიენმა 16 მაისს დაასახელა:

  • სანქციები „გაზპრომის“ მიერ აშენებული გაზსადენების - „ჩრდილოეთის ნაკადი -1-ისა" და „ჩრდილოეთის ნაკადი -2-ის" წინააღმდეგ;
  • სანქცირებულთა სიაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეტი გემის დამატება, რომლებსაც მოსკოვი ძირითადად ენერგომატარებლების იმპორტისთვის იყენებს;
  • ნავთობის ფასის ზედა ზღვრის შემცირება;
  • მეტი სანქციის დაწესება რუსეთის საფინანსო სექტორისთვის.


ევროკავშირის ლიდერებს ხშირი სატელეფონო კავშირი აქვთ აშშ-ის პრეზიდენტთან

საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, შვედეთისა და უკრაინის ლიდერებს დონალდ ტრამპი, 19 მაისს, დაელაპარაკა პუტინთან საუბრამდეც და საუბრის შემდეგაც. თანამოსაუბრეებს შორის იყო ევროკომისიის პრეზიდენტიც.

ყველა მათგანი თვლის, რომ აშშ არ უნდა გავიდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების სივრციდან და რომ რუსეთს მშვიდობისკენ მხოლოდ მეტი წნეხი უბიძგებს.

“მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმართული დაუღალავი მცდელობებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აშშ დარჩეს ჩართული. ჩვენ გავაგრძელებთ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას - უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად”, - დაწერა ურზულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.

ექსპერტები მაინც მოელიან, რომ პუტინ-ტრამპის მოლაპარაკებებს მაინც მოჰყვება უკრაინისა და რუსეთის შეხვედრა, რადგან უკრაინის მიმართ ინტერესი მაღალია ამერიკის მოქალაქეებს შორის და დონალდ ტრამპისთვის მნიშვნელოვანია თავიდან აირიდოს საერთაშორისო მედიის უამრავი, უხერხული შეკითხვა.

ანალიტიკოსი ალექსანდრ ფრიდმანი „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ვარაუდობს, რომ, დიდი ალბათობით, შეხვედრა გაიმართება სწორედ ვატიკანში, რაც არ არის სახარბიელო ადგილი რუსეთისთვის.

„ვატიკანის [შეხვედრის] იდეას ჩაეჭიდა ტრამპი - აგერ, რომის პაპი ამერიკული წარმოშობისაა და როგორც ჩანს, ვატიკანში ვიზიტები მოსწონს ტრამპს. ეს იდეა მოეწონათ ევროპელებსაც, რადგან, ასეა თუ ისეა - მოლაპარაკებების ადგილი ასეთ შემთხვევაში ევროპა იქნება", - ფრიდმანი აღნიშნავს, რომ უკრაინის მიმართ რომის პაპის მხარდამჭერი პოზიციის გათვალისწინებით, ვატიკანში შეხვედრა "სულ უფრო და უფრო მომხიბვლელია უკრაინული მხარისთვის“.

მთელი ამ ბუნდოვანების ფონზე, ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ ამ ეტაპზე ხდება გაცილებით მეტი, ვიდრე ეს საჯაროდ ჩანს და რომ აშშ-ის გეგმები რუსეთისთვის სახარბიელო სულაც არ იყოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG