გადაწყვეტილება დღეს, 20 მაისს ბრიუსელში მიიღეს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. დაახლოებით ერთი კვირით ადრე ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ წევრი ქვეყნების ელჩები.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ სანქციების მე-17 პაკეტი მიმართულია ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 200-მდე გემის წინააღმდეგ და ეხება ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებათა სფეროსაც.
კალასის თანახმად, სანამ რუსეთი ომს აწარმოებს, ევროკავშირის პასუხი სულ უფრო მკაცრი იქნება.
სანქციების მე-17 პაკეტის დეტალები ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.
ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება ჯერ კიდევ 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის გამო დაიწყო და მნიშვნელოვნად გააძლიერა 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ევროკავშირმა სანქციების წინა, მე-16 პაკეტი 2025 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების მესამე წლისთავზე მიიღო.
ევროპის სახელმწიფოები რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც.
19 მაისს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებას ჯერჯერობით არ აპირებს, რადგან უკრაინაში ომის შესაწყვეტად პროგრესის შანსი არსებობს.
თავის მხრივ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად დონალდ ტრამპთან 19 მაისს გამართული სატელეფონო საუბრისას მას აცნობეს, რომ ევროპა მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას ახალი სანქციებით აპირებს. ამის შესახებ 19 მაისს განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.
ფორუმი