Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლში ვერ ასახელებენ რუსეთისა და უკრაინის მემორანდუმის მომზადების ვადას


ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი პრესმდივანი დმიტრი პესკოვი(მარცხნივ)
ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი პრესმდივანი დმიტრი პესკოვი(მარცხნივ)

კრემლში ვერ ასახელებენ ვადას, რომლის განმავლობაშიც რუსეთისა და უკრაინის მემორანდუმი უნდა მომზადდეს.

მემორანდუმის შესახებ 19 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

„ვადები არ არის და ვერ იქნება. გასაგებია, რომ ყველას სურს ამის მაქსიმალურად სწრაფად გაკეთება, მაგრამ ეშმაკი დეტალებშია“, - უთხრა ჟურნალისტებს 19 მაისს, ღამით პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

კრემლის პრესმდივნის თქმით, რუსული და უკრაინული მხარეებისგან იქნება პროექტების ფორმულირება, მათი გაცვლა და შემდეგ - რთული კონტაქტები საერთო ტექსტის შესამუშავებლად.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 19 მაისს, საღამოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინულ მხარეს შესთავაზებს მემორანდუმს მომავალი, შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე, რომელშიც განსაზღვრული უნდა იყოს გარკვეულ პოზიციები.

როგორც პუტინმა თქვა, მაგალითად, კონფლიქტის მოგვარების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო ვადები და ა.შ. მათ შორის გარკვეული ვადით ცეცხლის შეწყვეტა შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში.

19 მაისს, ღამით კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისთვის ჯერჯერობით უცნობია, რას გულისხმობს რუსეთი მემორანდუმში.

ზელენსკის თქმით, უკრაინა თავისი ხედვის ფორმულირებას შეძლებს მას შემდეგ, რაც რუსეთი ამ მემორანდუმს შესთავაზებს.

უკრაინის პრეზიდენტის პრესკონფერენციას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტთან მისი სატელეფონო საუბრები ჯერ პირადად და შემდეგ ევროპელ ლიდერებთან ერთად.

რუსეთის ხელისუფლებას, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, არაერთხელ განუცხადებია, რომ სამშვიდობო შეთანხმება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ახალი რეალიების" გათვალისწინებით. კრემლი ასეთად მიიჩნევს უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას.

რუსეთმა ოკუპაციის შედეგად დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები თავის ტერიტორიად გამოაცხადა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რვა თვეში, 2022 წლის 30 სექტემბერს, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული.

უკრაინის ხელისუფლებამაც არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ დათმობს.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში 19 მაისს გამართულ ბრიფინგზეც რუსეთის მემორანდუმის შესახებ საუბრისას თქვა, რომ პრინციპები მისთვის უცნობია, მაგრამ თუ რუსეთის პირობა იქნება უკრაინის მიწიდან უკრაინული ჯარების გაყვანა, ამას არ გააკეთებენ. ზელენსკის განცხადებით, ეს მისი და უკრაინელი სამხედროების კონსტიტუციური ვალდებულებაა და არავინ დათმობს თავის მიწებსა და ხალხს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG