Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლითონის კოროზია. სერბეთი საპროტესტო გამოსვლების ერთი წლისთავზე


შეტაკებები მომიტინგეებსა და პოლიციას შორის. ბელგრადი. 2025 წლის 16 აგვისტო
შეტაკებები მომიტინგეებსა და პოლიციას შორის. ბელგრადი. 2025 წლის 16 აგვისტო

რას მიაღწია სერბულმა საპროტესტო მოძრაობამ ერთი წლის განმავლობაში? როგორ შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება ალექსანდარ ვუჩიჩმა, მასშტაბური წინააღმდეგობის მიუხედავად? სერბეთში საპროტესტო გამოსვლების ბოლო ერთი წლისა და ზოგადი თავისებურების შესახებ ბალკანეთის საკითხთა ექსპერტი ანდრეი შარი მსჯელობს.

ერთი წლის წინ, 2024 წლის 1 ნოემბერს, დილის 11:52 საათზე, სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში უბედურება მოხდა: ჩამოინგრა ქალაქის რკინიგზის სადგურის მთავარი შესასვლელის რკინა-ბეტონის სახურავის გადმონაშვერი, რომელსაც მანამდე ხანგრძლივი და ძვირადღირებული რემონტი ჩაუტარდა და რომელიც რამდენიმე თვით ადრე დიდი აჟიოტაჟითა და პომპეზურად გაიხსნა. დაიღუპა თექვსმეტი მგზავრი, მათ შორის ერთი ექვსი წლის ბავშვი.

მომხდარის გამო სერბეთის პროკურატურამ ბრალი წაუყენა 13 ადამიანს (ყოფილ მინისტრებს, სარემონტო სამუშაოების ხელმძღვანელებს, ინჟინერ-მშენებლებსა და ზედამხედველი ორგანოების წარმომადგენლებს), რომელთაგან ათი ახლა წინასწარ პატიმრობაშია და განაჩენს ელოდება. საბოლოოდ, მათ ალბათ მართლაც გამოუტანენ განაჩენს, თუმცა სასამართლო სხდომები ჯერაც არ დაწყებულა, თითქმის ყველა ბრალდებული კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. გამომძიებლებმაც, უხეშად რომ ვთქვათ, დაადგინეს, რომ საბედისწერო როლი ითამაშა ავბედითი სახურავის გადმონაშვერის საყრდენი კონსტრუქციის კოროზიამ.

ქალაქ ნოვი-სადში, რომელიც სერბეთის დედაქალაქ ბელგრადიდან 70 კილომეტრში მდებარეობს, რკინიგზის სადგური 1964 წელს აშენდა. 2021-2024 წლებში შენობას ჩაუტარდა მასშტაბური რეკონსტრუქცია. სერბეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორატმა განმარტა, რომ ჩამონგრეული ბეტონის სახურავის გადმონაშვერი არ შედიოდა რეკონსტრუქციის პროექტში; შეკეთდა მხოლოდ სახურავი და ფასადი.

ვაგზლის ტერიტორია, ქალაქი ნოვი-სადი, 2024 წლის 1 ნოემბერი
ვაგზლის ტერიტორია, ქალაქი ნოვი-სადი, 2024 წლის 1 ნოემბერი

2024 წლის 1 ნოემბრის ტრაგედიისთანავე, სერბეთში დაიწყო სამოქალაქო პროტესტის კამპანია, რომელსაც თითქოს რამდენჯერმე შეეძლო პოლიტიკური სისტემის ჩამოშლა და ხელისუფლების შეცვლა. დღემდე სწორედ ამის მიღწევას ცდილობს ასობით ათასი უკმაყოფილო მოქალაქე, რომლებიც ქუჩებსა და მოედნებზე გადიან: ისინი პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს, მის მთავრობასა და მის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მმართველ პარტიას ადანაშაულებენ სერბეთში ღრმად ფესვგადგმულ კორუფციაში, რომელიც, საპროტესტო აქციებში მონაწილეების თქმით, იქცა კიდეც ნოვი-სადში მომხდარი ტექნიკური კატასტროფის მიზეზად.

საუბრობენ არა სახურავის კოროზიაზე, არამედ სახელმწიფო ხელისუფლების საყრდენი სტრუქტურების კოროზიაზე, იმათ პასუხისმგებლობაზე, ვისაც უხდიან გადასახადებს მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. საპროტესტო კამპანიის მთავარი სლოგანი, „ხელები სისხლში გაქვთ გასვრილი!“ (მათ შორის ნოვი-სადში დაღუპულთა სისხლში), იდეალურად გამოხატავს ხალხისა და ცვლილებების გულწრფელად მხარდამჭერი სერბული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობას.

ანდრეი შარი
ანდრეი შარი

ანდრეი შარი - რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების თანამშრომელი 1992 წლიდან (1993 წლიდან 1996 წლამდე, როგორც რუსული სამსახურის კორესპონდენტი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებში) და 1996 წლიდან პრაღაში. 2005 წლიდან 2016 წლამდე, ის იყო გადაცემა „თავისუფლების დროის“ რედაქტორი და წამყვანი, ხოლო 2016 წლიდან 2025 წლამდე - რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის დირექტორი. ანდრეი შარი ასევე არის ყოფილი იუგოსლავიის შესახებ გადაცემათა ციკლისა და დოკუმენტური ჟანრის 17 წიგნის ავტორი, მათ შორის ისტორიულ-პუბლიცისტური გამოკვლევებისა: „ერისა და წესრიგისათვის!“ „ცენტრალური ევროპა და ბალკანეთი მსოფლიო ომებს შორის“, „ავსტრია-უნგრეთი. იმპერიის ბედი“, „დუნაი. იმპერიების მდინარე“, „ბალკანეთი: იმპერიების კიდე“, „ჩეხური დრო. პატარა ქვეყნის დიდი ისტორია“, „სასიყვარულო ისტორიები. ჩეხური რომანები“.

პრეზიდენტი ვუჩიჩი მთელი ამ წლის განმავლობაში გულმოდგინედ მანევრირებდა, უნაცვლებდა რა ერთმანეთს პოლიციურ ღონისძიებებსა და უკმაყოფილოებთან შეთანხმების მიღწევის ფორმალურ მცდელობებს. ვუჩიჩმა შეცვალა პრემიერ-მინისტრი, თავის მასმედიებში გაშალა პროპაგანდისტული კამპანია „ფერადი რევოლუციის“ წინააღმდეგ, ორგანიზება გაუკეთა თავის მომხრეთა კონტრდემონსტრაციებს და საპროტესტო აქციების გამართვაში, გასაგებია, რომელი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ვუჩიჩს ძალაუფლება არ დაუკარგავს, თუმცა ვერც საპროტესტო ტალღა ვერ ჩააცხრო, ხოლო პროტესტის ჩვეული (მაგალითად, მოსკოვისთვის), სასტიკი მეთოდებით მოხრჩობა ვერ გაბედა. 1 ნოემბრისთვის სერბეთის ბევრ ქალაქში დანიშნულია მასობრივი პოლიტიკური ღონისძიებების მორიგი რაუნდი.


სერბეთის სამოქალაქო საზოგადოება ოსტატურად აწყობს მასშტაბურ, ხმაურიან, ხანდახან ხალისიან და ყოველთვის კრეატიულად ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს; შეიძლება ითქვას, რომ მას აქციების გამართვის განსაკუთრებული გემოვნებაც კი აქვს. თუმცა სერბეთის სახელმწიფომაც დააგროვა ფართო და ყოვლისმომცველი გამოცდილება ასეთი აქციების წინააღმდეგ ბრძოლაში: საკმარისია ბრძანება მიიღონ, რომ წესრიგის დამცველები არ ერიდებიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სხვადასხვა საშუალების, მათ შორის ხელკეტების, ცრემლმდენი გაზისა და „ბგერითი ქვემეხების“ გამოყენებას; მომიტინგეების მასობრივ დაკავება-დაპატიმრებებსა და პროვოკატორების დემონსტრანტთა რიგებში შეგზავნაზე (ბელგრადში მათ „სენდვიჩარები“ შეარქვეს იმის გამო, რომ ისინი რამდენიმე უფასო სენდვიჩისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან).

სერბეთი ყოფილი სოციალისტური ბანაკის ზოგიერთი სხვა ქვეყნისგან იმით განსხვავდება, რომ დაახლოებით ყოველ თაობაში ერთხელ, სერბეთში მასობრივი სამოქალაქო გამოსვლები წარმატებულია და მთავრობის დამხობით სრულდება. თუმცა შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ რეალური ცვლილებები საერთოდ არ მომხდარა და რომ ნომენკლატურამ კვლავ თავისი გაიტანა. როდესაც ბელგრადსა და ყველგან გარშემო ახალი საპროტესტო კამპანია იწყება, ყოველ ჯერზე აუცილებლად მოისმენთ დემოკრატიულად მოაზროვნე საშუალო და უფროსი ასაკის მოქალაქეების საუბრებს იმაზე, რომ ახლა სტუდენტი შვილები აუცილებლად დაასრულებენ იმას, რაც 20 თუ 25 წლის წინ ვერ შეძლეს მათმა მშობლებმა, მაშინდელმა სტუდენტებმა და ახალგაზრდა სპეციალისტებმა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ევროპული სერბეთი“, რომელიც თაობიდან თაობაში ხელახლა იბადება, ყველა ასეთ პროცესში აშკარად ავლენს დასავლური ცივილიზაციისკენ მოძრაობის მკაფიო ვექტორს და ზურგს აქცევს ბალკანეთისა და რუსეთის დამთრგუნველ პოლიტიკურ პრაქტიკას. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, სერბი დემონსტრანტების კოლონებს შორის არაერთხელ შემიმჩნევია ისეთი შინაარსის ტრანსპარანტები, როგორიცაა, მაგალითად, „Beograd je svet“ („ბელგრადი მსოფლიოა“) და შემდეგი შუალედური დასკვნა გამიკეთებია: უპირველეს ყოვლისა განათლებული ქალაქელი ახალგაზრდების ძალისხმევის წყალობით, სერბეთი მიიწევს ევროპისკენ, მაგრამ ჯერჯერობით ბოლომდე ვერ მიაღწია.

რადიკალური სოციალური ცვლილებების მიღწევის მცდელობების ისტორია ჭკუის სასწავლებელია. 1980-იანი წლების ბოლოს, დუნაის სანაპიროზე მდებარე იგივე დიდი ქალაქი ნოვი-სადი იქცა გარემოსდაცვითი პროტესტებისა (იმ დროს მათ ჯერ არ უწოდებდნენ „ეკოაქტივისტებს“) და ე.წ. ანტიბიუროკრატიული რევოლუციის მონაწილეთა მიტინგების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად. მათმა ერთობლივმა ქმედებებმა, მრავალი პოლიტიკური ექსპერტის აზრით, ძლიერი დარტყმა მიაყენა იუგოსლავიის კომუნისტურ სისტემას. შედეგად, ბელგრადში ხელისუფლებაში მოვიდა „განახლებული კომუნისტი“ სლობოდან მილოშევიჩი, რომელმაც ოსტატურად გადაიტანა თავისივე მონაწილეობით გაჩაღებული რამდენიმე რეგიონული ომი და სამოქალაქო პროტესტის რამდენიმე კამპანია, მათ შორის - პაციფისტურიც. მაგრამ 2000 წლის შემოდგომაზე მილოშევიჩი „ბულდოზერების რევოლუციამ“ წალეკა (იუგოსლავიის პარლამენტის მაშინდელ შენობაზე მართლაც მიიტანა იერიში ქალაქ ჩაჩაკიდან ჩაყვანილმა გრეიდერმა).

საბოლოო ჯამში, მილოშევიჩმა თავისი დღეები დაასრულა ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალში, ხოლო ბელგრადში რამდენიმე წლის განმავლობაში, მართალია რთულად, მაგრამ მაინც ზეიმობდა დემოკრატია. თუმცა ამას შემდეგ მოჰყვა ნაციონალისტურ-ნომენკლატურული უკუსვლა, რომლის სიმბოლოდაც ბოლო ათწლეულში ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველობა იქცა.

და აი, ახალი მოძრაობა ძველ წრეზე: ნოვი-სადში მომხდარმა მართლა საშინელმა ტრაგედიამ გამშვები მექანიზმის როლი ითამაშა თაღლითი, არამოდერნული ხელისუფლებით გამოწვეული უკმაყოფილების მასობრივ აფეთქებაში, რამაც „ჩვენი ახალგაზრდებისადმი“ კვლავ გააჩინა ახალი იმედები, რომლებიც მალევე ახალი იმედგაცრუებებით შეიცვალა. დემონსტრანტები, როგორც წესი, დიდ სერბულ გამომგონებლობას ავლენენ საპროტესტო გამოსვლების ფორმატების შერჩევაში. ავიღოთ Zastani, Srbijo! („სერბეთო, შეჩერდი!“): ყოველ პარასკევს, ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩამოინგრა რკინიგზის სადგურის სახურავი, ყველა ჩერდება და რამდენიმეწუთიანი დუმილით პატივს მიაგებენ მსხვერპლთა ხსოვნას. ან სტუდენტების მიერ საკუთარი საგანმანათლებლო დაწესებულებების „ოკუპაცია“, განათლების ხარისხის გაუმჯობესების ლოზუნგებით; ან სატრანსპორტო კვანძების, ავტომაგისტრალების, ხიდების ბლოკირება - სამართალდამცავი სისტემის რეფორმების მოთხოვნით; ან 80-კილომეტრიანი სტუდენტური მსვლელობა ბელგრადიდან ნოვი-სადამდე; ან ახალგაზრდა სპორტსმენების ველოგარბენი და ულტრამარათონი მთელი ევროპის გავლით ბრიუსელამდე, რათა ევროპელმა ჩინოვნიკებმა ყურადღება მიაპყრონ სერბეთში მიმდინარე მოვლენებს.

თუმცა ახალგაზრდული საპროტესტო ენერგია კვლავ ვერა და ვერ კონვერტირდება პოლიტიკურ ცვლილებებად: ქუჩის ოპოზიციას არ ჰყავს თვალსაჩინო, ძლიერი და ფართოდ აღიარებული ლიდერი, ხოლო ახალგაზრდა აქტივისტები არ ენდობიან „დემოკრატ“ საპარლამენტო პოლიტიკოსებს; საპროტესტო მოძრაობას „ქსელური“ ხასიათი აქვს, მასში ათობით ჰორიზონტალური სამოქალაქო ორგანიზაცია მონაწილეობს სხვადასხვა ქალაქში. ისინი კოორდინაციას უწევენ ცალკეულ ღონისძიებებს, მაგრამ ჯერ ვერ შეიმუშავეს საერთო გამარჯვების სტრატეგიები. სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, რომ ასეთი სტრატეგიის შემუშავება შეუძლებელიც კი იყოს: დიახ, იდეებითა და ენერგიით მოფუთფუთე დედაქალაქში ბევრ ადამიანს არ მოსწონს ვუჩიჩი, მაგრამ ის ნაცნობი, გასაგები და ხშირად სასიამოვნოც კია ინდუსტრიული ცენტრების, პატარა ქალაქებისა და აყვავილებული ბაღებით მორთული სოფლების ტრადიციონალისტური სერბეთისთვის.

ბევრჯერ ვმდგარვარ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის რკინა-ბეტონის სახურავის ქვეშ, მაგრამ ამისთვის ყურადღება მხოლოდ მაშინ თუ მიმიქცევია, როცა წვიმდა ან მზე აცხუნებდა. სადგური ამჟამადაც დაკეტილია, არადა, დაპირების თანახმად, შენობის ექსპლუატაცია 15 სექტემბრისთვის უნდა დაწყებულიყო. სერბეთში საქალაქო სამსახურები გულმოდგინედ მუშაობენ, თუმცა მუნიციპალური სამსახურები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ სადგურის მოედნის ასფალტიდან ტრანსპარანტების - მეწამული ხელებისა და წარწერის, „თქვენი ხელები სისხლშია გასვრილი!“ - უკვალოდ წაშლას.

ნოვი-სადის ვაგზალს მალე ბეტონის ახალი სახურავი ექნება, სერბეთს კი კვლავინდებურად ძველი ხელისუფლება ეყოლება, მაგრამ მაშინაც კი, თუ ვუჩიჩი წავა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იქცევა ლითონის კოროზიისა და სერბეთის სევდიანი ისტორიის დასასრულად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG