სასამართლო, რომელიც ორ წელზე მეტია გრძელდება
ანიას მამამ შვილზე სექსუალური ძალადობის დასადგენად და ყოფილი ცოლისთვის მშობლის უფლების შეზღუდვის მოთხოვნით, გამოძიებასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ჯერ კიდევ 2 წლის წინ მიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ფსიქოლოგიური ექსპერტიზის რვა დასკვნა დევს, მათ შორის ლევან სამხარაულის ექსპერტიზის გაცემულიც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგია ჯერ არ გადასულა საქმის არსებით განხილვაზე, - გვეუბნება ანიას ადვოკატი ირაკლი ალხაზაშვილი.
პარალელურად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაახლოებით ერთი თვის წინ, 6 ოქტომბერს, დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. რუსეთის სასამართლომ რამდენიმე თვის წინ 9 წლის გოგონას მამას, ყოფილი ცოლის სარჩელის საფუძველზე, მშობლის უფლება შეუზღუდა.
ახლა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უნდა განიხილოს რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება. და თუკი საქართველოს უზენაესი სასამართლო ცნობს რუსეთის სასამართლოს ამ დადგენილებას, მაშინ ის უნდა აღსრულდეს.
ანუ შესაძლებელია, რომ 9 წლის ანია, რომელიც დედის მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე ლაპარაკობს, ისევ მოსკოვში, დედასთან დაბრუნდეს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2024 წლის ნოემბერში ერთხელ უკვე განიხილა მოსკოვის ოლქის ოდინცოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ცნო, რომ ბავშვების საცხოვრებელი ადგილი დედასთანაა.
უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციით. ეს კონვენცია აწესრიგებს მხარეებს (ქვეყნებს) შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის თანახმადვე, სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ ერთმანეთის ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
„მალე სამი წელი გახდება, რაც ამ საქმისთვის ვიბრძვით. არ გვინდა, რომ ეს საქმე ვინმემ დაინახოს, როგორც მშობლებს შორის დავა. არა, ეს ასე არ არის. ჩვენ გვყავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი და ის ითხოვს დაცვას, მაგრამ მისი დაცვის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას როგორც რუსეთში, ისე საქართველოში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი ალხაზაშვილმა.
მას ანიას მამასთან და მის მეუღლესთან ერთად შევხვდით.
პაველ სვირსკი, ანიას მამა, 55 წლის რუსი ბიზნესმენი, პროფესიით ფიზიკოსი, ცდილობს თანმიმდევრულად აღადგინოს სურათი და ამ სურათის აღდგენაში მას ცოლი, რეგინა მიანიკი ეხმარება.
ორივე ღელავს, არ უნდათ გამოტოვონ დეტალები, რომლებიც, მათი აზრით, ბავშვების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. ამასთან ერთად, ცდილობენ ახსნან, რატომ გადაწყვიტეს სამწლიანი დუმილის შემდეგ ჟურნალისტთან ლაპარაკი:
„ორწელიწად-ნახევარია გრძელდება სასამართლო პროცესი, გაიმართა 14 სხდომა, მაგრამ სასამართლოს, ამ დრომდე, არ დაუწყია საქმის არსებითი განხილვა. ოთხჯერ მივმართეთ სასამართლოს, რომ ბიოლოგიური დედისთვის შემაკავებელი ორდერი გამოეწერათ, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ექსპერტიზის არაერთი დასკვნა, ყველა ჯერზე უარი გვითხრეს. მიზეზად იცით რა დაგვისახელეს? დედა საქართველოში არ იმყოფება. მოსკოვიდან ყოველდღიურად ექვსი რეისი ხორციელდება თბილისში და რა იციან, რომ ის საქართველოში არ ჩამოდის?
ვიცით, რომ რუსეთში არ არსებობს სასამართლო. ვიცით, რომ რუსული სასამართლო კორუფციაშია ჩაძირული, იმ სასამართლოში ყველაფერი მოსულა. მაგრამ რა ხდება საქართველოში? რა ხდება ქართულ სასამართლოში? ქართულ საგამოძიებო უწყებებში?“ - ამბობს ბავშვის მამა.
როგორ მოხვდა ანია საქართველოში?
პაველ სვირსკი ცოლს, ლუდმილა სვირსკაიას, რომელსაც ახლა შვილზე სექსუალურ ძალადობას ედავება და მისთვის მშობლის სტატუსის შეზღუდვას ითხოვს, 2020 წლის მიწურულს დაშორდა. ბევრს სვამდა და აგრესიული იყოო - ამბობს პაველი.
ანია მაშინ 4 წლის იყო, უმცროსი შვილი 2-ის. ბავშვები დედასთან დარჩნენ მომდევნო ერთი წელი. პაველი ამბობს, რომ სწორედ ამ პერიოდში ძალადობდა ანიაზე დედა.
კაცი ჰყვება, რომ 2021 წლის ბოლოს, 24-საათიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ მცირეწლოვანი ბავშვები ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში „მარტო, უყურადღებოდ მიტოვებულები“ იპოვა. პაველმა სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ბავშვების რუსეთიდან წაყვანა - ჯერ ისრაელში წავიდა, იქიდან კი 2022 წლის ზაფხულში საქართველოში ჩამოვიდა.
"ვიცოდი, რომ რუსეთში კორუფციაში ჩაძირული სასამართლოს გამო იქ ვეღარაფერს მივაღწევდი და ამიტომ ჩამოვედი საქართველოში. 2022 წლის ზაფხულში, როდესაც ჩვენ უკვე წასულები ვიყავით რუსეთიდან, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბავშვებს დედასთან უნდა ეცხოვრათ“, - უყვება პაველი რადიო თავისუფლებას.
ის იხსენებს, რომ უფროს შვილს, ანიას, „უცნაური ქცევები“ ჯერ კიდევ მოსკოვში ყოფნისას შეამჩნია:
„შაბათ-კვირას ბავშვები ჩემთან მიმყავდა, მაშინ შევნიშნე ბავშვის უცნაური ქცევები, რომლებიც სექსუალურ ხასიათს ატარებდა...არადა, მაშინ ის მხოლოდ 5 წლის იყო. ამის გამო, 2022 წლის მარტში, ჯერ კიდევ მოსკოვში მივმართეთ ფსიქოლოგს, რომელმაც დაადგინა, რომ ბავშვს აქვს ტრავმა, რომელიც უკავშირდება დედის მხრიდან ძალადობას, მაგრამ რა ტიპის ძალადობასთან გვქონდა საქმე, ამას უნდა დავკვირვებოდით“.
პაველი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ბავშვის უცნაური ქცევების შესახებ მას ძიძებმაც უთხრეს:
„ერთ-ერთი მორიგი შემთხვევის დროს, 2023 წლის დასაწყისში, გადავწყვიტეთ, რომ ბავშვს გავსაუბრებოდით. ვითომ სკოლისთვის ინტერვიუს ვამზადებთ, რომელშიც კითხვები იყო დედის შესახებაც, მაგალითად, როგორ ეპყრობოდა დედა, როდესაც მასთან მარტო ცხოვრობდნენ. ბავშვმა აღწერა სექსუალური ძალადობის სცენები. ვერც გადმოგცემთ, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით ამ დეტალების მოსმენის შემდეგ“.
პაველ სვირსკი ამბობს, რომ მაშინვე მიმართა საგამოძიებო უწყებას, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარ სამმართველოს:
„ბავშვი გამოიკითხა ფსიქოლოგის თანდასწრებით. თუმცა შსს-მ გამოძიება არ დაიწყო, გვითხრეს, რომ რაკი სავარაუდო დანაშაული არ იყო ჩადენილი საქართველოში, მათ გამოძიების დაწყება არ შეუძლიათ“.
სახელმწიფოს აქვს ნებისმიერი ადამიანის დაცვის ვალდებულება თავისი იურისდიქციის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ თუნდაც ერთი დღით რომ გადმოკვეთოს ადამიანმა საქართველოს საზღვარი, სახელმწიფომ ის ზუსტად ისე უნდა დაიცვას, როგორც საკუთარი მოქალაქე. რაც შეეხება დანაშაულის გამოძიების დაწყებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეოთხე მუხლის თანახმად, გამოძიება იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ან დაიწყო, ან გაგრძელდა, ან შეწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დანაშაულის რომელიმე კომპონენტი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იყოს მომხდარი.
ამის პარალელურად, 2023 წლის აპრილში, პაველ სვირსკიმ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და დედის უფლების შეზღუდვა მოითხოვა. ანალოგიური სარჩელი შევიდა მაისში უკვე ბავშვების უფლებების დამცველის სახელითაც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმის განხილვა დაიწყო, თუმცა პროცესი ამ დრომდე ისე გრძელდება, რომ სასამართლო ჯერ საქმის არსებით განხილვაზე არ გადასულა.
რას ჰყვება ანია ფსიქოლოგებთან, რა წერია ექსპერტიზების დასკვნებში?
პაველ სვირსკი ამბობს, რომ ანიას ემოციური მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც ბავშვმა გააცნობიერა, რომ ის, რაც მის თავს 4-5 წლის ასაკში ხდებოდა, არ იყო ნორმალური:
„დაეწყო შიშები, უძილობა, ამბობდა, რომ მასთან ფანჯრიდან შეიპარებოდა დედა და ისევ ისე მოექცეოდა, როგორც ადრე... ამის შემდეგ უკვე მივმართეთ ფსიქიატრს. ბავშვს დაუდგინდა პოსტტრავმული სინდრომი, დაუნიშნეს მკურნალობა და სარეაბილიტაციო კურსი. უკვე წელიწად-ნახევარია გავდივართ რეაბილიტაციას“, - ეუბნება პაველი რადიო თავისუფლებას.
2023 წლიდან მოყოლებული, ანიას სამი ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა. მათ შორის 2024 წელს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს.
რადიო თავისუფლება გაეცნო ფსიქოლოგების დასკვნებს. ამ დოკუმენტებში აღწერილი დეტალები, რომელთა შესახებაც ბავშვი ფსიქოლოგებს უყვება, იმდენად მძიმეა და ამასთანავე ისეთ ინტიმურ დეტალებს შეიცავს, რომ ბავშვის სამომავლო ინტერესებიდან გამომდინარე, მისი გასაჯაროებისგან თავს ვიკავებთ.
კლინიკური ფსიქოლოგი 2023 წლის მაისით დათარიღებულ თავის დასკვნაში წერს:
„სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობა მის მიმართ იყო განგრძობადი ხასიათის, რის შედეგადაც ის ჩამოყალიბდა ქცევის ნორმალიზებულ პატერნად. პირველ რიგში, აუცილებელია მოძალადისგან მსხვერპლის იზოლირება და რეაბილიტაციის პროცესის უზრუნველყოფა.
კატეგორიულად დაუშვებელია სრულწლოვნების ასაკამდე [მშობელთან - დედასთან - რ.თ.] ურთიერთობა, ვინაიდან ეს შეიცავს მომავალში და განსაკუთრებით პუბერტატულ ასაკში ქცევითი და სექსუალური აშლილობის განვითარების მაღალ რისკს...
ბავშვის მონათხრობისა და შინაარსის სანდოობა ცალსახად მიუთითებს დედის მხრიდან შვილის მიმართ განხორციელებულ, სისტემატიურ პერვერსიულობაზე (ძალადობაზე)"...
2023 წელს ანიას კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის, „პერსონის“ ფსიქოლოგმა.
თავის დასკვნაში სპეციალისტი წერს:
„ბავშვთან იკვეთება დედასთან ოჯახური ცხოვრების გამოცდილების დამახინჯებული მოდელი, დედის მხრიდან მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა, უსუსურობის და დაუცველობის განცდები...იკვეთება, რომ ბავშვისთვის ნორმალიზებული იყო დედისგან სექსუალური ძალადობრივი ქცევა მის მიმართ.
ამ ეტაპზე, არ არის რეკომენდებული ბავშვის დედასთან ურთიერთობა. 6 წლის ბავშვს არ აქვს უნარი მოიძიოს ინფორმაცია სექსუალურ თემებზე და გამორიცხულია ეს იყოს მისი ინტერესის სფერო. ამ ასაკისათვის არ არის დამახასიათებელი სექსუალური ფანტაზიები.“
ფაქტობრივად, ანალოგიური შინაარსი აქვს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასაც:
„შეუძლებელია, ამ ასაკში სექსუალურ თემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებით დაინტერესება, ასევე დასწავლა, ჩაგონება. შესაბამისად, რეკონსტრუირებული მოგონებებიც სექსუალურ თემებთან დაკავშირებული ვერ იქნება. 4 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო განხორციელებული ქმედებები, რომელიც ასეთ ასაკში შესაძლოა არ ყოფილიყო აღქმული როგორც საშიში, ძალადობრივი, უნდა შეფასდეს, როგორც მატრავმირებელი მოვლენა. 7 წლის ასაკში, სავარაუდოდ, ტრავმის ხელმეორედ ამოტივტივება, არასრულწლოვანის ცნობიერებაში რეტრავმატიზაციის პროცესია, რაც იწვევს შფოთვის მატებას“, - წერია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში.
პაველ სვირსკის კითხვები აქვს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთანაც. მისი თქმით, მიუხედავად ექსპერტიზის და მათ შორის, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებისა, ზრუნვის სააგენტო, როგორც ამ საქმეში ჩართული სახელმწიფო ორგანო, არ აყენებს სასამართლოში საკითხს მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ:
„თავდაპირველად ამბობდნენ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა როდესაც იქნება, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებასო. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გამოიცა, სადაც ნათქვამია, რომ ბავშვი აღწერილ ფაქტებს არ შეიძლება იგონებდეს. ჩვენმა ადვოკატმა ამ ექსპერტიზის საფუძველზე კიდევ ერთხელ მიმართა სააგენტოს, რომ დაეწერათ სასამართლოში განცხადება მშობლის უფლების შეზღუდვაზე, მაგრამ მათგან იყო პასუხი, რომ ეს ექსპერტიზა არ ადასტურებს სექსუალური ძალადობის ფაქტს“, - ეუბნება პაველ სვირსკი რადიო თავისუფლებას.
რადიო თავისუფლებამ კითხვებით მიმართა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს. ჩვენ დავინტერესდით, რა ნაბიჯები გადადგა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სააგენტომ? ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, ხომ არ აპირებს სააგენტო, მიმართოს სასამართლოს მშობლის უფლების შეზღუდვის სარჩელით? ამ კითხვებზე მათგან პასუხი ვერ მივიღეთ.
თუმცა რადიო თავისუფლებამ მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც 2025 წლის 25 ივლისით თარიღდება და ზრუნვის სააგენტოს დაწერილია:
„[სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს] მითითებული რეკომენდაცია თუ მოთხრობილი ამბავი, არ გულისხმობს დედის მიერ არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის დადასტურებას, რომელსაც უთითებს მოსარჩელე მხარე... რაც შეეხება მშობლის უფლების ჩამორთმევას, დაუდასტურებელი სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაყრდნობით არ გვავალებს, „მივმართოთ სასამართლოს ბავშვის მშობლისთვის მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის მოთხოვნით“, - ნათქვამია სოციალური ზრუნვის სააგენტოს წერილში.
ადევნება და თვალთვალი - რატომ ჭიანურდება გამოძიება?
სასამართლო პროცესის პარალელურად, რომელიც უკვე ორწელიწად-ნახევარია გრძელდება, 2023 წლის ოქტომბრიდან გამოძიებაა დაწყებული ანიასა და მისი უმცროსი დის ადევნების ფაქტზეც. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბავშვების ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ამ საქმეში დევს ოთხი აღიარებითი ჩვენება, ცნობილია დამკვეთის ვინაობაც, რომელიც, მისი თქმით, ბავშვების ბიოლოგიური დედაა, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებას ამ დრომდე არ წარუდგენია ბრალი არც ბავშვების დედისთვის და არც საქმის სხვა მონაწილეებისთვის.
გამოძიებამ გაუთქმელობის პირობა მოითხოვა და დაზარალებულად ცნობილი ბავშვების მამას და ადვოკატს დეტალებზე საუბარი ხელშეკრულების საფუძველზე აუკრძალა.
„ჩვენი ინფორმაციით, გამოვლენილი არიან ის ადამიანები, რომლებიც დამკვეთის, ანუ დედის დავალებას ასრულებდნენ. შემსრულებლები ადგილობრივები არიან. საქმეში დევს ყოფილი ცოლის ტელეფონი, საიდანაც ნახეს ეს ინფორმაცია. მათ შორის, არის ე.წ. ტაქსის მძღოლი, რომელიც უთვალთვალებდა ბავშვებს, როცა ისინი სკოლაში მიდიოდნენ.
მათ იციან ამ საქმეში მონაწილე ყველა ადამიანის სახელი და გვარი, აქვთ მათი დანაშაულების მტკიცებულებები, მაგრამ არაფერი ხდება.
რაკი ჩვენ დაზარალებულებად ვართ ცნობილი, საქმის მასალების გაცნობის საშუალება გვქონდა და თავად ვნახეთ, რა ინფორმაცია ინახებოდა იმ ტელეფონში, თუმცა ყველა დეტალზე ვერ ვსაუბრობთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პაველ სვირსკი.
ადვოკატი ირაკლი ალხაზაშვილი ირწმუნება, რომ იმ ინფორმაციაზე წვდომა, რომელსაც ე.წ. სქრინები ატარებდნენ, ქალისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა ყოფილიყო.
„ამ ტიპის ინფორმაცია ინახება მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურად თანამშრომლებისთვის განკუთვნილ სივრცეებში. ეს ინფორმაცია ქალს, სავარაუდოდ, მიღებული აქვს უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი თანამდებობის პირისგან“, - ამბობს ირაკლი ალხაზაშვილი.
რა ეტაპზეა გამოძიება, აპირებს თუ არა პროკურატურა, ბრალი წაუყენოს რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს ადევნების მუხლით? ამ კითხვაზე რადიო თავისუფლებას პროკურატურა არ პასუხობს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეს მიმდინარე წლის სექტემბრიდან კურირებს თბილისის პროკურატურის არასრულწლოვანთა საქმეების დეპარტამენტი.
რას ამბობს ბავშვის დედა ლუდმილა სვირსკაია?
ლუდმილა სვირსკაია სოციალურ ქსელში ხშირად წერს, რომ შვილების დასაბრუნებლად იბრძვის, აქვეყნებს მათ ფოტოებს და ყოფილ ქმარსა და მის მეუღლეს ბავშვების „მოპარვაში“ ადანაშაულებს. აქვეყნებს ვიდეომიმართვებსაც.
42 წლის ქალს, რომელსაც ყოფილი ქმარი შვილის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობასა და ადევნებაში ადანაშაულებს, მოსკოვში დავუკავშირდით.
„გმადლობთ, რომ დამიკავშირდით. სვირსკის საშინელი და უსაფუძვლო ბრალდებების შემდეგ, ძალიან მეშინია არაობიექტური ინფორმაციის გავრცელების“, - მოგვწერა მან.
ქალმა პირადად საუბარი არ ისურვა, თუმცა რადიო თავისუფლების კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი არ უთქვამს და გვთხოვა გავსაუბრებოდით მის ადვოკატს, ტატიანა ჩიტავას. ის ლუდმილა სვირსკაიას ინტერესებს რუსეთში იცავს:
ადვოკატი ამბობს, რომ ყველა ბრალდება, რომლებსაც ქალს ყოფილი ქმარი უყენებს, აბსურდულია:
„ლუდმილამ რუსეთში წამოწყებული ყველა დავა მოიგო. სასამართლომ სწორედ დედის სახლი განსაზღვრა ბავშვების საცხოვრებელ ადგილად. თუმცა პაველ სვირსკიმ ბავშვები, ფაქტობრივად, გაიტაცა და ისე წაიყვანა ჯერ ისრაელში და შემდეგ საქართველოში. ამასთანავე, რუსეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მშობლის უფლების შეზღუდვაზე და ეს გადაწყვეტილება უკვე გადმოგზავნილია საქართველოში, უზენაეს სასამართლოში და ველით, რომ ეს გადაწყვეტილება მალე დადასტურდება.
ის, რომ ლუდმილა შვილზე სექსუალურად ძალადობდა, სრული აბსურდია და ეს აბსურდი მოიხარშა სვირსკისა და მისი ადვოკატების ტვინში. თუკი ეს მართლაც ხდებოდა, რატომ მიმართა სვირსკიმ გამოძიებას მხოლოდ ორი წლის შემდეგ და არა მაშინვე? თუკი ლუდმილა სექსუალურად ძალადობდა ბავშვზე, მაშ, რატომ არ არის ამ საქმეზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე არც რუსეთში და არც საქართველოში, იმიტომ რომ მათ ამის მტკიცებულება არ აქვთ?“ - ამბობს ტატიანა ჩიტავა.
რაც შეეხება ადევნების მუხლით დაწყებულ გამოძიებას, ადვოკატი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქმე ეხება დედას, რომელსაც „შვილები გასტაცეს“:
„მან მხოლოდ 2023 წელს გაიგო, რომ მისი შვილები საქართველოში ცხოვრობდნენ. ის სოციალური ქსელითაც ეძებდა ბავშვებს. გამოაქვეყნა მათი ფოტოები და მოუწოდა ხალხს, რომ თუკი შემთხვევით ვინმე ნახავდა ბავშვებს, მისთვის შეეტყობინებინათ.
მართლაც, 2023 წელს მას დაუკავშირდა ნაცნობი და უთხრა, რომ ბავშვები ერთ-ერთ სოფელში ნახა, საქართველოში. ლუდმილა თავად ჩამოვიდა საქართველოში. თავად წავიდა იმ სოფელში. მართალია, ბავშვები მაშინ ვერ ნახა, მაგრამ ნახა სვირსკის მანქანა, რომელიც ერთ-ერთ სახლთან იდგა. რომელ ადევნებასა და თვალთვალზეა ლაპარაკი? დედა ეძებს საკუთარ შვილებს. ყველა დედა ასე მოიქცეოდა, ყველა დედა მოძებნიდა საკუთარ შვილებს“.
ტატიანა ჩიტავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებს, რომ ადევნების მუხლით დაწყებული გამოძიებისას პოლიციამ შეისწავლა ინფორმაცია ლუდმილას ტელეფონში. შემდეგ კი დაარღვია ქალის უფლებები, როდესაც მის ტელეფონში დაცული პირადი ინფორმაცია მოპასუხე მხარეს გადასცა:
„ეს ტელეფონი ამოიღეს, რათა ენახათ ინფორმაცია, დაიქირავა თუ არა მან ადამიანები, რათა ეთვალთვალა და გაეტაცებინა შვილები. ლუდმილამ თავისი სურვილით გადასცა გამოძიებას ტელეფონი, მიაწოდა ყველანაირი პაროლი, რადგან მან კარგად იცოდა, რომ მის ტელეფონში არანაირი მიმოწერა არ არსებობდა ვიღაცებთან, ვისაც თითქოსდა დაავალა ბავშვების თვალთვალი. ის თავად ჩავიდა საქართველოში და თავად ეძებდა ბავშვებს.
ლუდმილას დღეს არანაირი ბრალი არ აქვს წარდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ტელეფონში მსგავსი ინფორმაცია არ აღმოჩნდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, გამომძიებელმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ამ ტელეფონში დაცული ყველანაირი მასალა გადაეცა სვირსკისთვის“.
პაველ სვირსკისა და მისი ადვოკატის ვარაუდების შესახებ, რომ ლუდმილა სვირსკაიას საქართველოში, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთან აქვს კომუნიკაცია, ტატიანა ჩიტავა ამბობს:
„მათ რაც უნდათ, ის თქვან, მაგრამ რატომღაც გამომძიებელმა ლუდმილას ტელეფონში ნანახი ინფორმაცია გადასცა სწორედ მათ და ჩემი აზრით, კორუფცია და გარკვეული კავშირები უწყებებთან სწორედ აქ ვლინდება“, - ეუბნება ადვოკატი რადიო თავისუფლებას.
საქართველოში ლუდმილა სვირსკაიას უფლებებს ადვოკატი გაიოზ ნიჟარაძე იცავს. ის რადიო თავისუფლებას კომენტარზე უარს ეუბნება:
„მე ვარ სამოქალაქო საქმეში მისი ადვოკატი, არ ვარ სისხლის სამართლის ადვოკატი, ამიტომ ვერც სამოქალაქო საქმეზე და ვერც სისხლის საქმეზე კომენტარს ვერ მოგცემთ. სანამ მასთან [ლუდმილა სვირსკაიასთან] არ მექნება კომუნიკაცია, ვერაფერს გეტყვით“, - გვეუბნება ის და ტელეფონს თიშავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ლუდმილა სვირსკაიასთვის მშობლის უფლების შეზღუდვის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 22 დეკემბერს გაიმართება.
როდის განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას 9 წლის გოგონას მამისთვის მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ, ეს ჯერჯერობით უცნობია.
* მამის თხოვნით, ბავშვის სახელი შეცვლილია.
ფორუმი