Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგებს ლუვრიდან ქურდებმა “საოჯახო ნივთები” მოჰპარეს


პოლიცია ლუვრის პირამიდასთან ძარცვის დღეს, 19 ოქტომბერი, 2025 წელი
პოლიცია ლუვრის პირამიდასთან ძარცვის დღეს, 19 ოქტომბერი, 2025 წელი

საფრანგეთის და მსოფლიოს უდიდეს მუზეუმში, პარიზის სახელგანთქმულ ლუვრში ქურდობა მოხდა. სამუშაო საათებში, ოთხმა მძარცველმა მოხერხებულად შეაღწია შენობაში და წაიღო უძვირფასესი რვა ნივთი - სამეფო სამკაულები.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ლუვრში ქურდობას საფრანგეთის კულტურაზე თავდასხმა უწოდა.

მთელი საფრანგეთის დამცირებად აღიქვეს ლუვრიდან სამეფო სამკაულების მოპარვა თუ გატაცება ფრანგმა ნაციონალისტებმა, ხოლო ყოფილი პრეზიდენტი, სოციალისტი ფრანსუა ოლანდი უცხოეთში ეძებს მომხდარის ორგანიზატორებს. ამ დროს ბევრი ფრანგი, ალბათ, უბრალოდ, გაკვირვებულია, როგორ მოახერხა სამმა კაცმა დღისით-მზისით, როცა მუზეუმი უკვე ღია იყო და მნახველებით სავსე, პარიზის ცენტრში, ლუვრთან მიეყენებინა მოძრავი სატვირთო ლიფტი, ამძვრალიყო ზემოთ, ჩაემტვრია ფანჯრები, შესულიყო "აპოლონის დარბაზში" და წაეღო საფრანგეთისთვის ასე ძვირფასი ნივთები.

ფრანგული არისტოკრატიის მკვლევარი, სტეფანი ბერნი გატაცებული სამკაულის მნიშვნელობას ასე აღწერს: “თითქოს ბებიის სამკაული მოეპაროთ. ეს საფრანგეთის საოჯახო ნივთებია”.

მარია-ამალია ნეაპოლელის და ორტენზია დე ბოარნეს სამკაული. აპოლონის დარბაზი ლუვრში. პარიზი, 2020 წლის 14 იანვარი
მარია-ამალია ნეაპოლელის და ორტენზია დე ბოარნეს სამკაული. აპოლონის დარბაზი ლუვრში. პარიზი, 2020 წლის 14 იანვარი

ბროშები, დიადემა, ყელსაბამები ბრილიანტებით, მარგალიტებით, ბრილიანტებით და სხვა ძვირფასი ქვებით მორთული სულ რვა ნივთი, ლუი XIV-ის და ნაპოლეონ III-ის, საფრანგეთის პირველი პრეზიდენტის და ბოლო იმპერატორის პერიოდის ნაკეთობები, ესპანური წარმოშობის - ქორწინებამდე ეუხენია დე მონტიხოდ წოდებული ბოლო იმპერატრიცას ნაქონი ორი ბროში და დიადემა.

საფრანგეთის პროკურატურის თანახმად, წაღებულია ასევე შემდეგი ნივთები: მარია-ლუიზ ავსტრიელის (1791–1847), ნაპოლეონ ბონაპარტის მეორე ცოლის, ყელსაბამი და საყურე; საფრანგეთის დედოფლის მარია-ამალია ნეაპოლელის (1782–1866) და ნაპოლეონ ბონაპარტის გერისა და ნაპოლეონ III-ის დედის, ორტენზია დე ბოარნეს (1783 -1837) ყელსაბამი, საყურეები და დიადემა.

ისტორიული სამკაული ლუვრის სამხრეთი ფლიგელის მეორე სართულზე, "აპოლონის დარბაზის" ორ ვიტრინაში ინახებოდა. ამ, დენონის ფლიგელშია ასევე ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზა.” იმავე დარბაზშია დაცული სამი უდიდესი ბრილიანტი.

ქურდებმა დარბაზში აივნის ფანჯრებიდან შეაღწიეს. დაახლოებით ათი მეტრის სიმაღლეზე, აივანზე კი ავიდნენ მდინარის მხარეს ქუჩაზე მიყენებული მოძრავი სატვირთო ლიფტით - მარტივი მოწყობილობით, რომელსაც პარიზში სხვა ბინაში გადასვლისას იყენებენ ავეჯის ზედა სართულებზე ასაზიდად. ეს ხდება დილით, დაახლოებით 9:30 წუთზე.

გაძარცვის ადგილიდან 800 მეტრში მდებარეობს პარიზის პოლიციის მთავარი ოფისი.

ქურდებმა დარბაზში აივნის ფანჯრებიდან შეაღწიეს.
ქურდებმა დარბაზში აივნის ფანჯრებიდან შეაღწიეს.

ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, შვიდ წუთში ოპერაცია დამთავრებული იყო, ამბობს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნესი: “შვიდ წუთში მოხდა. მოტოციკლებით გაიქცნენ. მძარცველებს იქაურობა აშკარად კარგად შეისწავლეს და პროფესიონალები იყვნენ”.

ბოროტმოქმედებს ნიღბები ეკეთათ და ეცვათ გამაფრთხილებელი ჟილეტები. სიჩქარეში მათ დაუვარდათ თუ დაკარგეს უძვირფასესი ნადავლი, იმპერატრიცას ათასზე მეტი ბრილიანტებით მორთული გვირგვინი, რომელიც, როგორც ექსპერტებმა მოგვიანებით შეაფასეს, დაზიანდა.

ამასთან, შემთხვევის ადგილზე მათ დატოვეს ინსტრუმენტები, ხელთათმანები და რადიოგადამცემი საშუალება, რაც, გამოძიებას დამნაშავეების ძებნაში შეიძლება დაეხმაროს.

როგორც ირკვევა, ისინი ამწის, თუ ლიფტის დაწვას შეეცადნენ, მაგრამ ცეცხლი ვერ წაუკიდეს. ისიც ცნობილია, რომ მათ სასწრაფოდ დატოვეს იქაურობა და მეექვსე ავტობანისკენ წავიდნენ.

კულტურის მინისტრი, რაშიდა დატი ფიქრობს, რომ მუზეუმები პროფესიონალი ქურდების სამიზნე გახდა: “პროფესიონალები არიან. ორგანიზებულმა დანაშაულმა ხელოვნების ნიმუშებს დაადგა თვალი. მუზეუმები გახდა მათი სამიზნე: საფრანგეთი ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობის მფლობელია”.

ისმის ხელისუფლების მიმართ კრიტიკაც და არა მხოლოდ ახლა, როცა ძარცვა მოხდა, რომ გასულ წლებში ლუვრში საკმარისი ფული არ ჩაიდო. ჯერ კიდევ თებერვალში დაიჩივლა ლუვრის ხელმძღვანელმა ლორანს დე კარმა, რომ მსოფლიოს უდიდესი მუზეუმი ცუდ მდგომარეობაშია.

ლუვრის მუზეუმის ხელმძღვანელი, ლორანს დე კარი
ლუვრის მუზეუმის ხელმძღვანელი, ლორანს დე კარი

პროფკავშირების წევრი, ლუვრის დაცვის სამსახურის თანამშრომელი, ელის მულერი ამბობს, რომ მათ განყოფილებაში ათი წლის განმავლობაში გაუქმდა 190 შტატი, რაც პერსონალის 15 პროცენტს წარმოადგენს.

ცხადია, ლუვრის ხელმძღვანელობა კმაყოფილია, რომ კორონის პანდემიის შემდეგ მნახველი მუზეუმს დაუბრუნდა - შარშან ის ცხრა მილიონმა ადამიანმა მოინახულა. მაგრამ, როცა 1980-იან წლებში ლუვრი განახლდა და მინის პირამიდა დაემატა, დაგეგმილი იყო მხოლოდ ამ რაოდენობის ნახევრის მიღება.

კვირას, ძარცვის დღეს, როცა ლუვრი უკვე ღია იყო და მნახველებით სავსე, გამოცხადდა განგაში, მოხდა ადამიანების ევაკუაცია და ზოგმა შინ, ახალი ამბებიდან შეიტყო, რომ ლუვრში იყო, როცა პარიზში ბოლო პერიოდის ყველაზე შთამბეჭდავი ქურდობა ხდებოდა.

შთამბეჭდავი იმითაც იყო ლუვრიდან ძვირფასი ნივთების წაღება, რომ არ მომხდარა ძალის გამოყენება. მინისტრი დატი ამბობს, რომ ვიდეოჩანაწერზე ჩანს, როგორ მშვიდად შედიან ისინი დარბაზში, ამტვრევენ ვიტრინას და მიაქვთ სამკაულები, ყოველგვარი ძალის გამოყენების გარეშე. დატის თქმით, თავიდან, ალბათ, იმიტომაც, რომ მუზეუმი უკვე ღია იყო, ლაპარაკი იყო ყაჩაღურ თავდასხმაზე, მაგრამ სინამდვილეში ქურდობასთან გვაქვს საქმე.

19 ოქტომბერს, როცა გამოცხადდა განგაში და მოხდა ლუვრის ევაკუაცია, თავისებური პანიკაც გაჩნდა ხალხში, რადგან განგაშის გამო, გამავალი კარები ჩაირაზა და ადამიანებს გარეთ გასვლის შესაძლებლობა წაერთვათ. თუმცა ევაკუაციამ მშვიდობიანად ჩაიარა. არავინ დაშავებულა.

უსაფრთხოებისა და გამოძიების საჭიროებისთვის მუზეუმი დაიკეტა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნის და მსოფლიოს უდიდეს მუზეუმში ქურდობის დღეს თქვა, რომ ლუვრის, იანვარში წარდგენილი განახლების პროექტი დაცვის ზომებსაც ითვალისწინებს.

პარიზის ლუვრის ისტორიაში ეს პირველი ძარცვა არ ყოფილა.

მსოფლიოს, ალბათ, ყველაზე პოპულარული ფერწერული ნამუშევარი, ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა ლუვრიდან მის მოპარვამდე 1911 წელს, ასე ცნობილი არც იყო და ზოგიერთი ვარაუდით, მისი პარიზიდან გაქრობის შემდეგ, პრესაში მასზე ბევრი ლაპარაკის გამო გახდა ის ასე ცნობილი. თუმცა მის მომპარავს, ლუვრის იტალიელ თანამშრომელს, რომელსაც შეიძლება იტალიური შედევრის სამშობლოში დაბრუნება სურდა, პატრიოტად აღიარების გარდა ხანგრძლივი პატიმრობა არგუნა ბედმა. მაშინ ეჭვი აიღეს ისეთი ადამიანებზე, როგორებიც პოეტი გიიომ აპოლინერი და მხატვარი პაბლო პიკასო იყვნენ. ორივე დაჰკითხეს.

მუზეუმის თანამშრომელი 1947 წლის 6 ოქტომბერს, ლუვრის მუზეუმის დიდი გალერეის ხელახლა გახსნის დროს, ჰკიდებს მონა ლიზას ცნობილ პორტრეტს
მუზეუმის თანამშრომელი 1947 წლის 6 ოქტომბერს, ლუვრის მუზეუმის დიდი გალერეის ხელახლა გახსნის დროს, ჰკიდებს მონა ლიზას ცნობილ პორტრეტს

ლუვრის ახლანდელი "უტიფარი მძარცველების" მიკვლევა დაევალა პოლიციის საგანგებო ქვეგანყოფილებას, რომელსაც გახმაურებული ძარცვების გახსნაში მაღალი მაჩვენებელი აქვს, დაამშვიდა საზოგადოება შინაგან საქმეთა მინისტრმა.

უკვე ორშაბათს, ძარცვის მეორე დღეს, ლუვრი დაკეტილი დარჩა და ბევრი მნახველი, რომლებსაც ბილეთი ადრე ჰქონდათ ნაყიდი, პირში ჩალაგამოვლებული გააბრუნეს უკან.

შინაგან საქმეთა და კულტურის სამინისტროების თანახმად, მოპარული ნივთების საბაზრო ღირებულება განუსაზღვრელია, იმდენად ძვირფასია ისინი.

ლუვრი მსოფლიოს უმდიდრესი მუზეუმია, სადაც ხელოვნების 35 ათასი ნიმუში ინახება და მის დარბაზებში ექსპონატების მხოლოდ ათი პროცენტია გამოფენილი.

ამ ათი პროცენტის სანახავად მილიონობით ადამიანი სტუმრობს საფრანგეთის დედაქალაქის უპირველეს ღირსშესანიშნაობას.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG