ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიერ [2018 წელს] დაარსებულ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას შანხაი 5-10 ნოემბერს უკვე მერვედ მასპინძლობს.
- 2025 წლის გამოფენაზე, "ქართული ოცნების" სამთავრობო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. ოფიციალური ინფორმაციით, კობახიძემ მიწვევა ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანისგან მიიღო, პირადადაც შეხვდა მას და, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოსთვის გამოყოფილი საგამოფენო სივრცეც ლი ციანთან ერთად გახსნა.
ჩინეთში სახელმწიფოს მეთაური, რანგით, არა პრემიერ-მინისტრი, არამედ პრეზიდენტი სი ძინპინია.
- 2018 წელს, პირველ გამოფენაზე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო ჩასული. მაშინ მთავრობა აცხადებდა, რომ ბახტაძეს თავად პრეზიდენტი სი ძინპინი მასპინძლობდა და მიწვევაც მისგან ჰქონდათ. არქივი ინახავს არაერთ ფოტოსა და ვიდეოს, როცა მამუკა ბახტაძე და სი ძინპინი ერთად ათვალიერებენ გამოფენას. მაშინ ჩინეთის პრეზიდენტმა ყველა ქვეყნისთვის გამოყოფილი სივრცე შემოიარა.
4 ნოემბერს „ქართული ოცნების“ სამთავრობო დელეგაცია უკვე ჩინეთში იყო, როდესაც ბრიუსელიდან უთხრეს თბილისს, რომ „ოცნების“ პოლიტიკის გამო, საქართველოსთვის ამ ეტაპზე არ არსებობს გზა ევროკავშირისკენ.
სად მიდის თბილისის გზა, რომელიც აღარ მიდის ევროპისკენ? ხდება თუ არა საქართველო გლობალური სამხრეთის ნაწილი?
ურთიერთობების გაღრმავების სურვილი
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთში 3 ნოემბერს გაემგზავრა - თავისი კაბინეტის ხუთ მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად. ვიზიტის მთავარი ღონისძიება ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენაში მონაწილეობაა.
ჩინური მხარის ოფიციალური მიწვევა ელჩმა ჭოუ ციენმა ირაკლი კობახიძეს ჯერ კიდევ 13 ოქტომბერს, თბილისში გადასცა, როცა ისინი 10 თვის განმავლობაში მეხუთედ შეხვდნენ ერთმანეთს - ჩინეთის ელჩმა იმ დღეს “ქართულ ოცნებას” თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ჩინური წყაროების თანახმად, წლევანდელ გამოფენაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარმოდგენილი არიან ტაილანდი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ნიგერია, საქართველო, შვედეთი და კოლუმბია.
- საერთაშორისო გამოფენაში 155 ქვეყნის, რეგიონისა და საერთაშორისო ორგანიზაციის 4108 წარმომადგენელი მონაწილეობს. საგამოფენო სივრცე 430 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
- საქართველოს წელს ჩინეთში 40-ზე მეტი ქართული კომპანია წარმოადგენს. "ქართული ოცნების" ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსთვის 1000 კვადრატული მეტრია გამოყოფილი, სამი საგამოფენო სივრცით, მათ შორის არის ტანსაცმლისა და აქსესუარების განყოფილებაც.
- "ეროვნულ პავილიონში მოწყობილია გასტრონომიული კუთხე, იმართება ტრადიციული ქართული კერძების მომზადების მასტერკლასები, ღვინის დეგუსტაცია და ეროვნული ცეკვისა და სიმღერის წარმოდგენები", - ოფიციალური ინფორმაციით, სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“, პარტნიორები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ღვინის ეროვნული სააგენტო.
საერთაშორისო გამოფენა შანხაიში 5 ნოემბერს გაიხსნა და 10 ნოემბრამდე გასტანს.
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის [CIIE] ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა 4 ნოემბერს ცალკე შეხვედრები გამართა უცხოელ ლიდერებთან, რომლებიც შანხაიში იმყოფებიან საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გარდა, ამ ჩამონათვალში დასახელებულია სერბეთის პრემიერ-მინისტრი ჯურო მაცუტა და ნიგერიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი აბას ტაჯუდინი.
ტექსტის თანახმად, ლი ციანმა, კობახიძესთან საუბრისას, გამოხატა სრული მზადყოფნა ურთიერთობების გასაღრმავებლად - „ერთი სარტყელი და ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში; ჩინეთი და საქართველო „გლობალური სამხრეთის“ ნაწილებად მოიხსენია და ხაზი გაუსვა განვითარებადი ქვეყნების გაერთიანების აუცილებლობას, რათა დაიცვან როგორც „გლობალური და ეკონომიკური წესრიგი“, ასევე „საერთაშორისო სამართლიანობა“.
ეს ხაზგასმულია თავად პრემიერ-მინისტრ ლი ციანის ოფიციალურ ვებსაიტზეც. აქვე მოყვანილია ირაკლი კობახიძის სიტყვების პერიფრაზიც, რომ ჩინეთი თამაშობს პასუხისმგებლობიან როლს მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების, თანასწორობისა და სამართლიანობის დაცვის კუთხით და შესაბამისად - უზრუნველყოფს სტაბილურობას ტურბულენტურ მსოფლიოში.
საქართველოსთან თანამშრომლობის მიმართულებებს შორის ლი ციანი გამოყოფს:
- ვაჭრობას;
- ინვესტიციებს;
- ციფრულ ეკონომიკას;
- განახლებულ ენერგეტიკას;
- ხელოვნურ ინტელექტს.
„ქართული ოცნების“ სამთავრობო დელეგაციამ ჩინეთში ურთიერთგაგების რამდენიმე მემორანდუმს მოაწერა ხელი. შესაბამისი სამომავლო იმედები უკავშირდება, მათ შორის:
- სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მეტად გამყარებას;
- საქართველოდან ჩინეთში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდას;
- ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას.
“ქართული ოცნების” ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა ვანგ ვენთაომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს - ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე. ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ “განახლდა საინვესტიციო მიმართულების პუნქტი, რაც მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას”.
ჩინეთში მყოფმა ირაკლი კობახიძემ თანმხლებ პროსახელისუფლებო მედიას უთხრა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთთან როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ განზომილებას და ყველაფერი გაკეთდება ურთიერთობების გასაღრმავებლად.
"წლიდან წლამდე იზრდება საქართველოდან ექსპორტი ჩინეთში და ჩვენი ინტერესია, კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ბუნებრივია, ამ ღონისძიებაში [საერთაშორისო გამოფენაში] მონაწილეობა ძალიან წაგვადგება ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში”, - კობახიძემ აღნიშნა, რომ შედეგს გამოიღებს როგორც თავად გამოფენის ფარგლებში დამყარებული კონტაქტები, ასევე შეხვედრები ჩინეთის პრემიერ-მინისტრსა და შანხაის მერთან.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წელს გააფორმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დროს, რომელიც ამჟამად ფულის გათეთრების მუხლით არის ბრალდებული.
რას ამბობს სტატისტიკა?
აშშ-სა და ჩინეთს შორის გაჩაღებული „სატარიფო ომის“ ფონზე, ექსპერტების შეფასებით, ჩინეთი ახალ ბაზრებს ეძებს და თავისი პროდუქციისთვის სხვა ქვეყნებში უკვე არსებული ბაზრების გაფართოებას ცდილობს.
2023 წლის შემდეგ, საქსტატის მონაცემებით, სავაჭრო ურთიერთობებში გაზრდილია მაჩვენებლები იმპორტის [ჩინეთიდან შემოტანა] მიმართულებით.
- 2023 წელი - 1 329 534 100 დოლარი;
- 2024 წელი - 1 612 344 100 დოლარი;
- 2025 წლის [იანვარი-სექტემბერი] - 1 430 604 900 დოლარი.
სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებამდე, 2022 წელს, იმპორტის მიმართულებით იყო მნიშვნელოვანი ზრდა - 1 126 500 300 დოლარამდე [2021 წელს იყო 865 041 200 დოლარი] .
რაც შეეხება საქართველოდან ექსპორტს ჩინეთში - მაჩვენებლები 2023-2025 წლებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ხოლო 2022 წლიდან მნიშვნელოვანი კლება შეიმჩნევა:
- 2023 წელს - 310 888 400 დოლარი;
- 2024 წელს - 303 119 700 დოლარი;
- 2025 წლის [პირველი 3 კვარტალი] - 216 914 900 დოლარი.
2022 წელს ექსპორტის წლიური მაჩვენებელი [საქართველოდან ჩინეთში] 736 768 900 დოლარს უტოლდებოდა.
რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ჩინეთიდან:
- 2022 წელი - 43 700 100 დოლარი;
- 2023 წელი – 98 987 600 დოლარი;
- 2024 წელი – 6 217 200 დოლარი.
თუმცა კვლევებით გამოვლენილია საქართველოში ჩინური კომპანიების დაფუძნების ტემპებისა და სხვა მაჩვენებლების ზრდა.
TI-ის კვლევის თანახმად:
- 2024 წელს დარეგისტრირდა რეკორდული რაოდენობის [291] ახალი ჩინური კომპანიები. 2013-2024 წლებში 4-ჯერ მეტი ჩინური კომპანია [1893] დარეგისტრირდა, ვიდრე 2013 წლამდე;
- 2024 წლიდან, უვიზო რეჟიმში, ჩინეთიდან ვიზიტები 83%-ით გაიზარდა [89 ათასი]; მნიშვნელოვნად გაიზარდა ავიარეისების რიცხვი;
- საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების 70-80% აღჭურვილია ჩინური წარმოების სათვალთვალო კამერებით და უდიდესი ნაწილი წარმოებულია სანქცირებული ჩინური კომპანიების მიერ;
- თბილისის მერია სათვალთვალო სისტემების მართვისა და მხარდაჭერისთვის იყენებს ჩინეთის მიერ შემუშავებულ პროგრამულ უზრუნველყოფას (HikCentral-ი).
გაღრმავებული ჩინეთთან, გაუარესებული დასავლეთთან
ჩინეთში ბიზნესს ძირითადად სახელმწიფო - კომუნისტური პარტია - აკონტროლებს; შესაბამისად, კომუნისტების მიერ მართული ჩინეთის ზეგავლენის საფრთხეები აშშ-ში ფოკუსშია და ფართოდ განსახილველ თემას წარმოადგენს.
სექტემბერში, შეერთებული შტატების „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში“ [“ჰელსინკის კომისია”] საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე აღინიშნა, რომ ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაახლოება რუსეთთან, ირანსა და ჩინეთთან ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას. ამის შესახებ ხშირად საუბრობს პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი რჩეული პოლიტიკოსი - კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელსაც “ქართული ოცნება” “დიპ სტეიტის” აგენტს უწოდებს. ჩინეთის ზეგავლენები ერთ-ერთი წამყვანი თემაა კონგრესმენ უილსონის “მეგობარ აქტშიც”, რომლის დამტკიცების იმედი, გარკვეული შეფერხებების მიუხედავად, უილსონსა და მის თანამოაზრეებს კვლავ აქვთ.
აშშ-ში არაერთხელ უწოდეს მიუღებელი იმ ფაქტს, რომ “ქართული ოცნების” მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ჩინური სახელმწიფო კომპანია შეარჩია და მას მნიშვნელოვან წილს გადასცემს. „რუსეთთან თანამშრომლობით ჩინეთის მზარდი ჩართულობა შავ ზღვაში რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობას“, - ასეთია კონგრესმენების შეფასება.
მეთიუ ბოიზი, ჰადსონის ინსტიტუტის ევროპისა და ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ცენტრალური ევროპის საკითხებში, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ “ჩინეთი არ არის და არც უნდა იქცეს მოთამაშედ შავ ზღვაში, თუმცა ანაკლიის პორტის სცენარის განხორციელების შემთხვევაში სწორედ ეს მოხდება” და “შედეგი ძალიან უარყოფითი იქნება”.
ირაკლი კობახიძემ ანაკლიის პორტი,ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ახსენა, როგორც საქართველოს მიერ ჩაფიქრებული ერთ-ერთი ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტი - აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალთან, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტსა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან ერთად - რაც "ქვეყანას ჩინეთსა და ევროპას შორის მთავარ სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტად აქცევს, აძლიერებს რეგიონულ კავშირს და მხარს უჭერს მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობას".
- თბილისის მიერ ჩინეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების სურვილის ფონზე, არაფერი შეცვლილა აშშ-ის მიმართულებით - უკვე თითქმის ერთი წელია შეჩერებულია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა [2024 წლის ნოემბრის შემდეგ].
- დაძაბული ურთიერთობების ფონზე პრაქტიკულად ნულამდეა დასული მაღალი დონის ვიზიტები როგორც აშშ-ის, ასევე - ევროკავშირის მიმართულებით.
დასავლეთის ქვეყნების უდიდესი ნაწილი ეჭვით უყურებს “ქართული ოცნების” გამარჯვებას როგორც ბოლო საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებში. მილოცვები “ოცნებას” მხოლოდ უნგრეთისა და სლოვაკეთის პოპულისტი მეთაურებისგან აქვს მიღებული.
4 ნოემბერს, როდესაც “ქართული ოცნების” სამთავრობო დელეგაცია უკვე ჩინეთში იმყოფებოდა, გასაჯაროვდა ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2025 წლის ანგარიში, რომელშიც ასახულია „სერიოზული შეშფოთება საქართველოში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო“.
„ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ არ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირში. თქვენ აშორებთ თქვენს ხალხს ევროკავშირს”, - მიმართა "ქართული ოცნების" მთავრობას 4 ნოემბერს ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა. ევროკავშირის კრიტიკა უპირატესად დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს შეეხება.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ, თუკი არაფერი შეიცვლება, „ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არა აქვს” და ახლა მხოლოდ ნომინალურად ინარჩუნებს კანდიდატის სტატუსს.
"ოცნებას" იგივე პასუხი აქვს, რომ საკუთარ ქმედებებში არაფრის გადახედვას არ გეგმავს და კვლავ ევროკავშირის "გამოსწორებას" დაელოდება.
"თქვენ ხედავთ, რომ არ ეშვება კოლექტიური ბიუროკრატია ბრიუსელში იმაზე ფიქრს, რომ რამენაირად დააბრუნონ რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია რაიმე გარდატეხაზე ფიქრიც კი. თუმცა ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას. იმედი გვაქვს, რომ მომავალში მაინც შეიცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება გარდატეხის შეტანა ურთიერთობებში", - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ მწვავე ანგარიშსა და შეფასებებს ირაკლი კობახიძე ჩინეთიდან.
ხშირი შეხვედრები
დასავლეთთან შეზღუდული ურთიერთობების ფონზე - ჩინეთი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელსაც ქართული დელეგაცია სტუმრობს. ივლისის ბოლოს ჩინეთში ჩასული იყო და მმართველ კომუნისტურ პარტიასთან შეხვედრებს მართავდა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაცია, სადავო პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის ხელმძღვანელობით.
ვიზიტის მთავარ მიზნებს შორის მაშინ “პარტიათაშორისი მექანიზმების კონსოლიდაცია” დასახელდა.
სექტემბერში, ჩინეთში ვიზიტის დროს, “ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა [გელა] გელაძე ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ სანქცირებულ დმიტრი ჰარას შეხვდა, მაგრამ ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაცია ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა.
დმიტრი ჰარას დასავლეთის ქვეყნები 2020 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ რეპრესიებში სდებს ბრალს. ის ასევე მხარს უჭერდა რუსეთს, უკრაინაში შეჭრის საქმეში.
გელა გელაძე ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით “ოცნების” შს სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად იყო ჩასული - „გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმისთვის“ [მედია უწოდებს „ლიანიუნგანგის ფორუმს“].
ირაკლი კობახიძე ჩინეთში ჩასული იყო 2024 წლის იანვარში -„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში. მაშინ ის შეხვდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, რომელიც 2025 წლის აგვისტოში დააკავეს.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება ჩინეთის დედაქალაქ პეკინში არ მიუწვევიათ 2025 წლის სექტემბერში გამართულ გრანდიოზულ ღონისძიებაზე - სამხედრო აღლუმზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს მიუძღვნეს. მასში 26 ქვეყნის პირველი პირები მონაწილეობდნენ, მათ შორის - სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები.
ფორუმი