Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა კონგრესმენ უილსონს, რომელსაც „ოცნება“ „დიპ სტეიტის აგენტს“ უწოდებს


დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ჯო უილსონი
დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ჯო უილსონი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა სამხრეთ კაროლინელ კონგრესმენ ჯო უილსონს მომდევნო, 2026 წლის შუალედური არჩევნებისათვის. უილსონი, რომელიც „ქართული ოცნების არაღიარების აქტის“ ავტორია, კენჭს კვლავ იყრის.

„ჯო უილსონს ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა აქვს ხელახალი არჩევისთვის - ის არასდროს გაგიცრუებთ იმედებს“, - აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

  • „ქართული ოცნების“ ლიდერები ჯო უილსონს, - რომელიც მათ აკრიტიკებს იმის გამო, რაც მიაჩნია „ქართული ოცნების პრორუსულ, პროჩინურ და პროირანულ, ანტიამერიკულ პოლიტიკად" - უწოდებენ „დიპ სტეიტის“ აგენტს;
  • „ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა“ ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიპ სტეიტის“ აგენტები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 18 სექტემბერს.

„კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც თავიდანვე ჩვენთან იყო, სამხრეთ კაროლინაში კონგრესის მეორე საარჩევნო ოლქის უდიდესი ჩემპიონია“, - დაწერა ტრამპმა თავის შექმნილ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში.

ტრამპი იხსენებს, რომ უილსონი არის ეროვნული გვარდიის თადარიგის პოლკოვნიკი და წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრი.

მისივე თქმით, უილსონი კარგად ფლობს „იმ სიბრძნესა და გამბედაობას, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ჩვენი უძლიერესი სამხედროების/ვეტერანების მხარდასაჭერად, მშვიდობის დასაცავად ძლიერების მეშვეობით“.

„კონგრესში ჯო ბეჯითად შრომობს ჩვენი ახლა უკვე ძალიან უსაფრთხო საზღვრის შესანარჩუნებლად, უსაფრთხოებისთვის, მიგრანტების დანაშაულის შესაჩერებლად, კანონის უზენაესობისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად, ჩვენი ეკონომიკის გასაზრდელად, გადასახადებისა და რეგულაციების შესამცირებლად, „წარმოებულია ამერიკაში“ ინიციატივის პოპულარიზაციისთვის, ამერიკის ენერგეტიკული დომინირების მხარდასაჭერად, არჩევნების სანდოობის ხელშეწყობისა და ჩვენი კონსტიტუციის მუდმივად ალყაში მოქცეული მეორე შესწორების დასაცავად“, - წერს ტრამპი.

აშშ-ში შუალედური არჩევნები დანიშნულია 2026 წლის ნოემბერში, რა დროსაც აირჩევენ წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს და სენატის 100-დან 35 წევრს. დონალდ ტრამპმა გასულ შაბათ-კვირას არაერთ მოქმედ რესპუბლიკელ კონგრესმენს დაუჭირა მხარი ხელახლა ასარჩევად.

ეს არ არის ტრამპის მიერ უილსონის პირველი მხარდაჭერა - მან სამხრეთ კაროლინის წარმომადგენელს მხარი დაუჭირა 2024 წლის არჩევნების დროსაც.

  • ჯო უილსონი ერთ-ერთი ინიციატორია „მეგობარი აქტის“ (MEGOBARI Act), რომელიც კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2025 წლის მაისში მიიღო, - თუმცა შემდგომი მსვლელობა არ მისცემია;
  • 2025 წლის სექტემბერში კი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრის, ჯო უილსონის შესწორება „ქართული ოცნების“ მთავრობის არაღიარების შესახებ მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში შესატანად.
  • მედიის ცნობით, ოკლაჰომელი რესპუბლიკელი სენატორის, მარკვეინ მალინის აქტიური წინააღმდეგობის შედეგად, უილსონის ინიციატივის „ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ (NDAA) ჩართვა ვერ მოხერხდა;
  • ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ ტეხასური ნავთობკომპანია „ფრონტერას“ თანადამფუძნებელი სტივ ნიკანდროსი აშშ-ის კონგრესმენებთან კერძო კომუნიკაციისას „ქართული ოცნების“ სასარგებლო ლობირებას ეწევა. მალინი და "ფრონტერა" წარსულში არაერთხელ გადაკვეთილან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG