საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული 300-მდე პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელისა თუ ბიზნესმენის სანქცირება გენერალურმა პროკურორმა სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ აქტიურობას დაუკავშირა.
რას ედავება პროკურატურა ოპოზიციის ლიდერებს?
„ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს“, - თქვა გიორგი გვარაკიძემ.
- სამივე პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე აღძრულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
- დამატებით ელენე ხოშტარიას ედავებიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას ან მხარდაჭერას (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - 6-დან 10 წლამდე პატიმრობა).
დღეს, 6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა ოპოზიციონერი (მიხეილ სააკაშვილი, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე) პოლიტიკოსის წინააღმდეგ. მათ ნაწილს ედავებიან საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
რა არის ცნობილი აქამდე დაწესებულ სანქციებზე?
2023 წლის აპრილში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს:
- მიხეილ ჩინჩალაძეს [თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე];
- ლევან მურუსიძეს [იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი];
- ირაკლი შენგელიას [სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე];
- ვალერიან ცერცვაძეს [სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე]
სავიზო აკრძალვა შეეხო ყოფილი და მოქმედი მოსამართლეების ოჯახების წევრებსაც.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მათ „ბოროტად გამოიყენეს თანამდებობა“ და „ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“.
2024 წლის აპრილში დიდმა ბრიტანეთმა ასევე დაასანქცირა ქართველი მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე.
2023 წლის სექტემბერში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან ანგარებით თანამშრომლობაში ამხილა და „[საქართველოში] რუსეთის მანკიერი ზეგავლენის“ გამო, სანქციები დაუწესა ყოფილ გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძეს. მას შეეხო სანქციები - აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის ბრძანება #14024-ის საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს „რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით“.
ამ დროს, ფარცხალაძე როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მოქალაქე იყო. მოგვიანებით მას საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტმა ჩამოართვა.
2024 წლის ივნისში, აშშ-მა სავიზო აკრძალვები დაუწესა საქართველოს ათობით მოქალაქეს - „20-დან 30-მდე პირს“ - „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს, კერძო პირებს; ასევე მათი ოჯახის წევრებს. გვარები არ დასახელებულა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციების პირველი ეტაპი გამოაცხადა სამ დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა „აგენტების კანონს“.
2024 წლის 16 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის, დამატებითი სავიზო შეზღუდვები დაუწესა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის - „ქართული ოცნების“ ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, „რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით“.
სავიზო შეზღუდვები შეეხო მათ ოჯახებსაც. გვარები არც მაშინ არ დასახელებულა.
- კორუფციაში ჩართულ ბიზნესმენებს;
- დეზინფორმაციის გავრცელებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობ პირებს;
- მომიტინგეებზე მოძალადე სამართალდამცავებს;
- პარლამენტის წევრებს - რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის გატანასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.
2024 წლის 16 სექტემბერს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელ ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს [ხარებას], მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს და ასევე - ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.
2024 წლის 12 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების მორიგი გადაწყვეტილება გამოაცხადა, საქართველოს 20-მდე მოქალაქის, მათ შორის - „ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ახალი პაკეტი შეეხო მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავ უწყებებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირებსა და კერძო მოქალაქეებს - დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის.
გვარები, როგორც ადრე, არც ამჯერად არ დასახელებულა.
2024 წლის 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ გასატარებელ ზომებზე იმსჯელეს და დაადგინეს - უვიზო რეჟიმის შეზღუდვა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის.
საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოში 2025 წლის 27 იანვარს მიიღეს.
2024 წლის 2 დეკემბერს, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ სავიზო სანქციები დაუწესეს 11 პირს - ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანს. 15 დეკემბერს ლიეტუვამ პერსონალური სანქციები დაუწესა კიდევ 17 ადამიანს. მათ შორის ირაკლი კობახიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, კახა კალაძეს, მამუკა მდინარაძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს (სამაუწყებლო კომპანია "იმედის" მფლობელი)
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
სანქციები დაუწესდა 19 ადამიანს, რომლებიც, როგორც ბრძანებაში ეწერა, „საქართველოს პუტინს აბარებენ“ და საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს ყიდიან.
სანქცირებულთა შორის იყვნენ ირაკლი კობახიძე და მისი მამა - გიორგი კობახიძე, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა თადუმაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, კახა ბექაური.
2024 წლის 19 დეკემბერს „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და უწყების რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ.
სანქციები დაუწესდათ ალექსანდრე დარახველიძეს [შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე]; სულხან თამაზაშვილს [თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი]; ზვიად ხარაზიშვილსა („ხარება“) [განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი] და მილერ ლაგაზაურს [განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე].
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, სანქცირების საფუძველი ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივი თავდასხმები გახდა.
2024 წლის 19 დეკემბერს ასევე გამოცხადდა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება - გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს, „გლობალური მაგნიტსკის სანქციები“ შეეხოთ, რაც ითვალისწინებს აშშ-ში მოძრავი თუ უძრავი ქონების გაყინვას; ფინანსური ტრანზაქციების აკრძალვას; სავიზო აკრძალვას.
2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა "ქართული ოცნების" მილიარდერ საპატიო თავმჯდომარეს, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს.
„მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში, ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“, - ნათქვამი იყო გადაწყვეტილების განმარტებაში, რომელშიც ასევე ეწერა: „ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“.
2024 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა, რომ გერმანიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა საქართველოს 9 მოქალაქეს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეებსა და ოპოზიციონერებზე ძალადობაზე.
არ დასახელებულა კონკრეტულ პირთა გვარები.
2024 წლის 29 იანვარს ჩეხეთმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ მაღალჩინოსანს.
სანქციების ადრესატთა გვარები ჩეხურმა მედიამ გამოაქვეყნა - შსს-ს მაშინდელი მაღალჩინოსნები ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება", ვაჟა სირაძე, მირზა კეზევაძე.
2025 წლის 3 მარტს, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ინდივიდუალური სავიზო სანქციების მორიგი პაკეტები გამოაცხადეს. ამჯერად, შეზღუდვები დაუწესდათ მოსამართლეებს, პროკურორებსა და პოლიციელებს - ათეულობით ადამიანს, რომლებსაც შეხება ჰქონდათ პროდასავლური პროტესტის მონაწილეთა დაკავებასთან.
ლიეტუვამ სანქციები დაუწესა 74 ადამიანს, ესტონეთმა - 55-ს, ლატვიამ კი - 16-ს.
2025 წლის 24 მარტს გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ დამატებითი სანქციები დაუწესა "ქართული ოცნების" ხელისუფლების თანამდებობის პირებს, რომლებიც "[პროტესტის] ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები“.
გვარები არ დასახელებულა.
2025 წლის 10 აპრილს ბრიტანული სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძეს, გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე მირზა კეზევაძეს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ კარლო კაციტაძეს.
ამ ფაქტიდან ერთ თვეში სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდა და საქართველოში გენერალური პროკურორი გამოიცვალა.
2025 წლის 19 სექტემბერს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს - სანქცირების მიზეზებში დასახელებულია მათი მხარდაჭერა რუსეთისთვის უკრაინის ომში და მონაწილეობა დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებაში.
ფორუმი