Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი წელი 26 ოქტომბრიდან - "ოცნება" მარტო პარლამენტში, ოპოზიციის ლიდერები, აქტივისტები ქუჩასა და ციხეში


სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ პროევროპულ პროტესტს "ქართულმა ოცნებამ" "რეპრესიული კანონმდებლობა" და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების ციხეში იზოლაცია დაუპირისპირა.
სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ პროევროპულ პროტესტს "ქართულმა ოცნებამ" "რეპრესიული კანონმდებლობა" და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების ციხეში იზოლაცია დაუპირისპირა.

26 ოქტომბრის არჩევნების წლისთავზე პარლამენტის ბოიკოტი მხოლოდ "ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერის, გიორგის გახარიას პარტიამ შეწყვიტა. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა კვლავ პარლამენტის გარეთ რჩება - არჩევნებს გაყალბებულად, შედეგებს კი სადავოდ მიიჩნევს.

არჩევნების შედეგების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმაც.

ევროკავშირს შეწყვეტილი აქვს მაღალი დონის კომუნიკაცია "ოცნების" მთავრობასთან. ივანიშვილის პარტია, საპასუხოდ, დასავლეთს საქართველოში რეჟიმის ცვლილების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო მოძრაობის აქტივისტები - მწერლები, რეჟისორები, მსახიობები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ექიმები, ლექტორები, სტუდენტები - "ოცნების" ხელისუფლებამ „ნული თანაგრძნობით“, სხვადასხვა დროს, ასეულობით ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანი სისხლის სამართლის ბრალით დააპატიმრა. „ქართული ოცნებისთვის“ ისინი "კოლექტიური დასავლეთის" - „დიპ სტეიტის“ მიერ გარედან მართული „აგენტები“, „მოღალატეები“, „ქვეყნის მტრები“და "უსამშობლოები" არიან.

არავინ დასჯილა იმ პოლიციელებისგან, რომლებმაც ამ ერთი წლის განმავლობაში საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილეზე ფიზიკურად იძალადეს.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რობოკოპები საპროტესტო აქციაზე პარლამენტის წინ 4 ოქტომბერს, 2025 წელი
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რობოკოპები საპროტესტო აქციაზე პარლამენტის წინ 4 ოქტომბერს, 2025 წელი


ბრძოლა პროტესტთან, პირბადეებთან

პოსტ-საარჩევნო საპროტესტო აქციების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, რუსთაველის გამზირის ყოველდღიური გადაკეტვის აღკვეთა "ქართული ოცნების“ გამოწვევად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ სადავო პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, გამზირზე „დადგმული კადრები“ და „მსახიობობა“ აღარ მუშაობს, რადგან „ისინი ჩავარდნილი არიან იმ მწყემსის როლში, რომელმაც იმდენჯერ იყვირა ტყუილად - მგელი, მგელიო, რომ მას აღარავინ უჯერებს“.

„პირველად, ამ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის [რუსთაველის გამზირის] გადაკეტვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება... არ უნდა მოვდუნდეთ, უნდა ყურადღებით გავაგრძელოთ მუშაობა. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, რადიკალიზმი ბოლომდე უნდა ჩაიშალოს ჩვენს ქვეყანაში“, - უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 23 ოქტომბერს, წინა ღამით, აქციის მონაწილეებთან პოლიციის დაპირისპირების შემდეგ. ის გულისხმობდა "შეკრებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონსა და სხვა აქტებში დამატებულ ახალ, გამკაცრებულ შესწორებებს. რუსთაველი, რამდენიმე წუთით, მაგრამ იმ დღესაც იყო გადაკეტილი. გადაიკეტა შემდეგ დღეებშიც.

„ჯარიმებმა არ იმუშავა“ – 2025 წლის ოქტომბერში, "ქართულმა ოცნებამ" პროტესტს კიდევ უფრო გამკაცრებული ზომები დაუპირისპირა: გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის პირდაპირ ადმინისტრაციული პატიმრობა დაწესდა, ხოლო მეორე ჯერზე - სასჯელი სისხლის სამართლის წესით.

ახალი წესების შესაბამისად, ბოლო დღეებში, პოლიციამ დამატებით ათეულობით დემონსტრანტი დააკავა. მათ ძირითადად აქციების შემდეგ ან მეორე დღეს იჭერენ. ნივთმტკიცების სახით გულმოდგინედ ლუქავენ ჩვეულებრივ სამედიცინო პირბადეებს; ქუჩაში აჩერებენ მათაც, ვინც პირბადეებს სამედიცინო დანიშნულებით იყენებს და ვისაც აქციასთან კავშირი საერთოდ არა აქვს. იყო დაკავება სისხლის სამართლის წესითაც.

“ოცნებაში” ამბობენ, რომ მოვლენები, “გარედან დაკვეთილი” სცენარით იმართება.

„რას ვხედავთ - ერთწლიანი, ყველა მხრივ, ყველა ბერკეტის გამოყენებით - ქვეყნის რყევა ყველა მიმართულებით. სცენარის არცერთი განშტოება, რომელი სცენარიც ჩამოსული იყო, არ დატოვეს... მაგრამ ერთი წლის თავზე [თვითმმართველობის არჩევნებზე] საზოგადოებამ კიდევ, ძალიან მტკიცედ და ღირსეულად გასცა პასუხი მათ“, - სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია პროსახელისუფლებო „იმედთან“ [23 ოქტომბერს] ამბობს, რომ „კოლექტიური აგენტები“ და მათ შორის - ოპოზიციაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაშიც, „დავალებებს“ „ე.წ. მეგობრებისგან“, „ბრიუსელში და ე.წ ცენტრში“ იღებდნენ და ამ დავალებებს „ზედმეტი კითხვის გარეშე“ ასრულებდნენ.

20 ოქტომბერს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ელინა ვალტონმა განაცხადა, რომ საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე უკვე იმაზე მეტი პოლიტპატიმარია, ვიდრე რუსეთში. რამდენიმე დღით ადრე, ვალტონი თბილისში იმყოფებოდა და რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მისული, ქუჩის გადაკეტვის გამო, 5000 ლარით დააჯარიმეს.

ვალტონი კობახიძემ „უცხოელ აგენტად“ და „აკაცუკად“ მოიხსენია.

ავტორიტარიზმი, თვითიზოლაცია...

„ეს ერთი წელი იყო სრულ ავტორიტარიზმზე გადასვლის წელიწადი, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ - სამოქალაქო წინააღმდეგობის წელიწადი. სისტემური და თანმიმდევრული შეტევაა სამოქალაქო საზოგადოებაზე, ფართო აზრით, რაც გულისხმობს ოპოზიციურ პარტიებსაც, მედიასაც, ახლა უკვე - უნივერსიტეტებსაც და არასამთავრობო ორგანიზაციებით დაიწყო ეს პროცესი... მეორე მხრიდან დავინახეთ არდანებება, არშეგუება“, - პოლიტოლოგი გია ნოდია გვეუბნება, რომ ბოლო ერთი წელი რეკორდული იყო როგორც აქციების მასშტაბისა [გაიმართა არაერთი ხალხმრავალი აქცია] და ხანგრძლივობის მხრივ, ასევე - დასავლეთის მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლის თვალსაზრისით.

ნოდიასთვის თვალსაჩინოა, რომ საქართველოში ხალხის ემოციურ რეაქციებს იწვევს უფრო „იდენტობასთან და ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებული საკითხები“, ვიდრე არჩევნები.

  • პროტესტი თბილისში, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც ოპოზიციამ, მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და საზოგადოების ნაწილმა შედეგი გაყალბებულად ჩათვალა; თუმცა პროტესტის მასშტაბი გაიზარდა და ის ყოველდღიური გახდა ერთ თვეში, მას შემდეგ, რაც „ოცნებამ “ გამოაცხადა გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის გზაზე აუცილებელი მომდევნო ეტაპის - გაწევრიანების მოლაპარაკებების - 2028 წლის ბოლომდე გადადების შესახებ.


ევროკავშირში "ქართულ ოცნებას" ღიად პრორუსულ პარტიად მიიჩნევენ.

„უბედურება ხდება ევროკავშირში... ჩვენ, რა თქმა უნდა, კვლავაც ვინარჩუნებთ ჩვენს გაცხადებულ მიზანს - რომ შევიდეთ ევროკავშირში; მაგრამ, რა თქმა უნდა, იქამდე - მაგალითად, 2030 წლისთვის, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი ამ კატასტროფულ პრობლემებს დაძლევს“, – „1 არხის“ ეთერში ირაკლი კობახიძე ჰყვებოდა, თუ როგორ განახევრდა ევროკავშირის ეკონომიკა, ბერლინში ყველაზე პოპულარული სახელი მუჰამედია, ხოლო ევროკომისია თითქოს აკანონებს, რომ - „ბავშვს შეუძლია სქესის შეცვლა“.

„ქართული ოცნება“ წლის განმავლობაში აგრძელებდა ლაპარაკს „დიპ სტეიტთან“ მედგარ წინააღმდეგობაზე, საქართველოს ომში ჩართვის განზრახვაზე - რასაც ბოლო დროს ძირითადად ევროკავშირს აბრალებს; მასვე ბრალდება - საქართველოში რადიკალიზმის დაფინანსებაც. „ოცნება“ ბოლო წელსაც უტევდა დასავლეთის ქვეყნების ელჩებს, განსაკუთრებით - ევროკავშირის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს.

არაფერი რუსეთის შესახებ.

აშშ-ს მიმართულებით კი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას თბილისიდან ძირითადად უპასუხო წერილებს უგზავნიდნენ. უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აცხადებდა, რომ პრეზიდენტ ტრამპისგან დაკავშირების დაპირება მიიღო.

ჯერ არაფერი მოჰყოლია თბილისის მრავალგზის შეთავაზებას ვაშინგტონისთვის - ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყების შესახებ. ამ ეტაპამდე შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. აშშ-ის საქართველოში ელჩი ჯერ ისევ არ ჰყავს.

ბოლო წელს, როდესაც 20 იანვართან [ტრამპის ინაუგურაცია] დაკავშირებული იმედები არ გამართლდა, პერიოდულად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აშშ-ის პრეზიდენტის ქმედებებს ეჭვით უყურებენ და ზოგჯერ, ეჭვი აქვთ, რომ დონალდ ტრამპი „დიპ სტეიტის“ გავლენებისგან ვერ თავისუფლდება.

  • ბოლო ერთ წელიწადში, მათ შორის - დემოკრატიული უკუსვლისა და დემონსტრანტების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა თუ მათ მოკავშირეებს დასავლეთის ქვეყნებმა ახალი სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქცირებულია ბიძინა ივანიშვილიც, აშშ-ის მიერ.
  • რეალურია ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების რისკი. 20 ოქტომბერს, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა, რომ განიხილეს შეზღუდვის შესაძლებლობები სხვადასხვა ჯგუფისთვის, რომლებიც ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებენ. მალე ევროკავშირში, სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების ახალი, გამარტივებული წესი ამოქმედდება. „ქართული ოცნება“ ამ თემაზე საუბრებს „შანტაჟს“ უწოდებს.


დასავლეთის ქვეყნებისგან „ქართული ოცნება“ დაჟინებით მოითხოვს პოლიციელების წინააღმდეგ ძალადობის დაგმობას 4 ოქტომბრის აქციის გამო, რომელსაც ორგანიზატორები „მშვიდობიანი რევოლუციასა“ და „მშვიდობიან დამხობას“ უწოდებდნენ. ამ აქციასთან დაკავშირებით დაკავებულია 60-ზე მეტი ადამიანი, სისხლის სამართლის წესით. მათ შორის - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.

„რასაც ვხედავთ, საქართველო თვითიზოლაციის რეჟიმშია და ის, „რეპრესიული კანონების“ ფონზე, ყოველდღიურად შორდება ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობებს... ევროკავშირში ინტეგრაცია არ შეესაბამება ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ინტერესებს იმიტომ, რომ მათ უბრალოდ არ უნდათ ხელისუფლების დათმობა. ევროკავშირის რეკომენდაციები მათ ამ მიზანთან შეუთავსებელია, მათ შორის - დეოლიგარქიზაცია, კანონის უზენაესობა“, - კორნელი კაკაჩიას შეფასებით, პროცესები ბოლო წელს, პრაქტიკულად შეუქცევადი გახდა და გაქრა შანსი, რომ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას.

სამი სადავო არჩევნები

2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, საპარლამენტო არჩევნების გარდა, ცესკომ კიდევ ორი არჩევნები ჩაატარა. საქართველოში [14 დეკემბერს] პირველად ჩატარდა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები და უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებულმა საარჩევნო კოლეგიამ მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.

შემდეგ, 4 ოქტომბერს ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციური პარტიებისა და ამომრჩევლების დიდმა ნაწილმა. ამ არჩევნებს ეუთო/ოდირის მისია არ აკვირდებოდა, რადგან ის „ქართულმა ოცნებამ“ დაგვიანებით მოიწვია [მანამდე მოწვევაზე უარს ამბობდა]. კობახიძის შეფასებით ეს იყო „თავისუფალი არჩევნები“ და მას არც დამკვირვებლები აკლდა.

სამ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მიერ ზეიმით აღნიშნული გამარჯვებები დასავლელი პარტნიორების უდიდესი უმრავლესობის მხრიდან არ იქნა აღიარებული და არც მილოცვები ყოფილა. ევროკავშირის ქვეყნებიდან "ოცნებას" მიულოცეს მხოლოდ უნგრეთისა და სლოვაკეთის პოპულისტმა ლიდერებმა.


საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად მარტო იყო 150-წევრიან პარლამენტში - თავისი სიის 89 დეპუტატით. ოპოზიციის როლს კი, "ოცნების" სიით გაყვანილი და შემდეგ მათგან გამოყოფილი - „ხალხის ძალისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფები ასრულებდნენ.

ახლა ეს სტრუქტურა შეიცვლება. წლისთავზე, სადავო პარლამენტში თავისი 12 დეპუტატით შესვლას გეგმავს „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია - „გახარია საქართველოსთვის“.

თავად გახარია საქართველოდან წასულია. მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის „ჩორჩანის“ საგუშაგოსთან დაკავშირებით. გახარიასა და მის პარტიას დასჯით ბიძინა ივანიშვილიც ემუქრებოდა.

ოპონენტების აკრძალვა, გაქრობა

პოლიტიკოსების ერთი ნაწილი სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ["წულუკიანის კომისიის"] სხდომაზე არმისვლის გამო დააპატიმრეს. კომისია, რომელიც, მათ შორის - 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში არა რუსეთს, არამედ - ქართულ მხარეს ადანაშაულებს, „ოცნებამ“ თავიდანვე ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად ჩაიფიქრა, რაც ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„ოცნებამ“ სწორედ „წულუკიანის კომისიის“ დასკვნის საფუძველზე მოამზადა საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი.

„ქართულ პოლიტიკაში აგენტურული ქსელის, უსამშობლოო ადამიანების ადგილი არ არის“ - ასე აღწერს მიზანს „ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე.

„გახარიას პარტიამ თავი გადაირჩინა“ - ექსპერტებისგან ხშირად ისმის, მას შემდეგ, რაც ექსპრემიერის პარტიამ სადავო პარლამენტში შესვლის შესახებ გამოაცხადა. თუმცა „ოცნება“ ბოლომდე არ აკონკრეტებს - შეეხება თუ არა აკრძალვა ამ პარტიასაც.

ცოტა ხნის წინ შეცვლილი კანონმდებლობა „ოცნებას“ საშუალებას აძლევს: საკონსტიტუციო სასამართლოში მოითხოვოს როგორც პარტიების აკრძალვა, ასევე მასთან დაკავშირებული [შესაძლოა არაპარტიული] ადამიანებისთვის პოლიტიკური მომავლის სამუდამო შეზღუდვა და აკრძალული პარტიის წარმომადგენლების გამოდევნა წარმომადგენლობითი ორგანოებიდან, მათ შორის - პარლამენტიდან.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ პარტიების გაქრობის გადაწყვეტილება გასული საუკუნის 80-იან წლებს ახსენებს.

„პარტიები შეიძლება აკრძალონ, მაგრამ მათ ელექტორატს ხომ ვერ გააქრობენ?! ასე ჩვენ სადღაც 1988-89 წელს ვუბრუნდებით - მივიღებთ სიტუაციას, როდესაც არ იქნებიან პარტიები, მაგრამ იქნებიან არაფორმალური გაერთიანებები, როგორც მაშინ - „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“, „სახალხო ფრონტი“, „რუსთაველის საზოგადოება“ შეიქმნა. პარტიები მაშინ რეგისტრირებული არ იყო. ჩვენ უკან ვბრუნდებით, სამწუხაროდ და არა მხოლოდ ამ მიმართულებით. მეტი რა?! საბჭოთა კავშირი სხვა არაფერი იყო“, - შარშანდელი 26 ოქტომბრის შემდეგ, ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, „ვითარება ძალიან დამძიმდა“, „გვაქვს სრული უკუსვლა“ და ხალხში დაგროვილია „გულგატეხილობა და აგრესია“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ".

„ოცნება“ თავის ყოფილ მაღალჩინოსნებსაც სჯის

24 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი მილიონი ლარის გირაო დააკისრა ირაკლი ღარიბაშვილს - „ქართული ოცნების“ ყოფილ ორგზის პრემიერ-მინისტრს, შს მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს - რომელიც, წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ახლო და ერთგული ხელქვეითი იყო.

ღარიბაშვილს „განსაკუთრებით დიდი ოდენობით” არაკანონიერი შემოსავლების ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) ედება ბრალად. გამოძიება ლაპარაკობს მილიონობით დოლარზე, რასაც ექსპრემიერი მალავდა, საჯარო მოხელის სავალდებულო ქონებრივ დეკლარაციებში არ ასახავდა და ტყუოდა, როდესაც არაკანონიერი გზით მიღებული ფულის ნაწილს მამის საჩუქრებად ასაღებდა.

ყოფილი თანაგუნდელებიდან „ოცნებამ“ ზოგი უკვე გაასამართლა, დაიჭირა, ზოგს კი ასეთი პერსპექტივა სამომავლოდ ემუქრება.

2025 წლის 17-18 ოქტომბერს, პროკურატურამ და სუსმა გამოაცხადეს, რომ, ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, ჩხრეკა ჩატარდა სხვებთანაც და მათ შორის - სუსის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან. უკვე დაკავებულია მისი გარემოცვის რამდენიმე წევრი. მანამდე, კორუფციის ბრალდებით, დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე.

„ოცნება“ ამ პროცესებს კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლით ხსნის. ექსპერტებისთვის კი ნათელია, რომ მიმდინარე პროცესს საერთო არაფერი აქვს ნამდვილ ანტიკორუფციულ ძალისხმევასთან, რადგან წლების განმავლობაში განგრძობად დანაშაულებზე მხოლოდ ახლა დაიწყეს ლაპარაკი.

ერთი მოსაზრებით - „ქართული ოცნების“ შიგნით „კლანური დაპირისპირებაა“ და პარტიის მილიარდერმა დამფუძნებელმა ყველას ეჭვით დაუწყო ყურება და წაღებული ფულის დაბრუნება მოსთხოვა.

ამ თემაზე მსჯელობისას, პოლიტიკოსები თუ ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება "ვერტიკალის რყევებზე" მიანიშნებს; ხოლო ამ პროცესს, მნიშვნელოვანწილად, შიდა პროტესტმა და საერთაშორისო რეაგირებამ შეუწყო ხელი.



  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG