Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს რუსეთზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს - ეუთოს თავმჯდომარე


ელინა ვალტონენი: „ეს ძლიერ სიგნალს გვიგზავნის ყველა ჩვენგანს“.
ელინა ვალტონენი: „ეს ძლიერ სიგნალს გვიგზავნის ყველა ჩვენგანს“.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, - რომელიც საქართველოში დააჯარიმეს და აქციაზე ყოფნის გამო „ქართულმა ოცნებამ“ მკაცრად გააკრიტიკა, - აცხადებს, რომ საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე რუსეთში.

მისი განცხადებით, ეს „ძლიერ სიგნალს გვიგზავნის ყველა ჩვენგანს“.

  • რადიო თავისუფლებაც იუწყებოდა, რომ პოლიტპატიმრად მიჩნეულ პირთა რაოდენობით, ერთ სულ მოსახლეზე, საქართველომ უკვე გადაუსწრო რუსეთს, აზერბაიჯანს კი მცირედით ჩამორჩება.
  • ალიაქსანდრ ლუკაშენკას ბელარუსი ამ სიაში უპირობო ლიდერია.

კომენტარი საქართველოში პოლიტპატიმრების რაოდენობაზე ელინა ვალტონენმა გააკეთა დღეს დილას, 20 ოქტომბერს, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (სადაც საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან) დაწყებამდე.

საბჭოზე, სხვა საკითხებთან ერთად, - მათ შორის ახლო აღმოსავლეთის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონის საკითხებთან, - საქართველოს საკითხს განიხილავენ.

„სამხრეთ კავკასიიდან ახალი დაბრუნებული ვარ და სამწუხაროდ, ის, რასაც საქართველოში ვხედავ, ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. ქუჩაში ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ ჩაგვრის ფაქტი ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადა ვალტონენმა დღეს დილას.

„საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე რუსეთში, რაც ძალიან ძლიერ სიგნალს გვიგზავნის ყველა ჩვენგან. ცხადია, ეს არ არის ევროპული გზა, მაგრამ ეს არ არის ის გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია. ამიტომ, ამ მხრივაც ძლიერები უნდა ვიყოთ“, - განაცხადა მან.

გუშინ, როდესაც გერმანიის საგარეო უწყებამ ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოდან კონსულტაციებისათვის გაიწვია, განაცხადა, რომ მომდევნო დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავდა.

17 ოქტომბერს ათმა სახელმწიფომ მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ელინა ვალტონენს, რომელიც საქართველოში ვიზიტისას აქციაზე მისვლის გამო დააჯარიმეს, „ჩარევაში“ დაადანაშაულეს და ეუთოს წევრ ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართეს.

მოგვიანებით ვალტონენმა ირაკლი კობახიძე ჰელსინკიში მიიწვია: „როგორც ეუთოს თავმჯდომარე, აღნიშნული დოკუმენტის გაფორმებიდან 50 წლისთავზე, გეპატიჟებით ფინეთში, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას“, - მიმართა მან ირაკლი კობახიძეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG