შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ელინა ვალტონენს ჯარიმის ქვითარი გამოუწერეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „გზის გადაკეტვისთვის“ ჯარიმა 5000 ლარია. „ქართულ ოცნებას“ სადავო პარლამენტში კანონპროექტი აქვს შეტანილი, რომლის მიხედვითაც „გზის გადაკეტისთვის“ პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული - პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილება.
ვენის კონვენციის მიხედვით, (29-31 მუხლები) დიპლომატი ხელშეუხებელია - „არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან დაკავება არავითარი ფორმით“, მას იცვს იმუნიტეტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და ასევე, სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.
ამ საკითხის განმარტებისთვის რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროების პრესსამსახურებს დაუკავშირდა - პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
14 და 15 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი. 14 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ის შეუერთდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, რომელიც გასული წლის 28 ნოემბრიდან იმართება.
15 ოქტომბერს კობახიძის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსთაველის გამზირზე ყოფნის გამო, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა მასთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
ფინური გამოცემის, Helsingin Sanomat-ის ინფორმაციით კი, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავად გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა და ამის შესახებ სამშაბათს, 14 ოქტომბერს ღამით აცნობა კიდეც მასპინძელ მხარეს.
Helsingin Sanomat-ს ელინა ვალტონენმა სატელეფონო კომენტარში განუმარტა, რომ მისი „შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან გაუქმდა არა საქართველოს ინიციატივით, არამედ ფინეთის ინიციატივით, განრიგში ცვლილების გამო და ქართველებს ამის შესახებ წინა ღამით ეცნობათ“.
გუშინ, 15 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე „უცხოელ აგენტად“ მოიხსენია, აქციაზე მისვლის გამო.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-დან მიმართა და ჰელსინკიში დაპატიჟა.
„როგორც ეუთოს თავმჯდომარე, აღნიშნული დოკუმენტის გაფორმებიდან 50 წლისთავზე, გეპატიჟებით ფინეთში, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას.
P.S. ბოდიშს გიხდით, რომ დატვირთული გრაფიკის გამო თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება მომიწია", - დაწერა პლატფორმა X-ზე ელინა ვალტონენმა.
ფორუმი