Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავების ღამის ორი მოწმე - რეპორტაჟი გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესიდან


გიორგი ახობაძე სასამართლო დარბაზში, 2025 წლის 8 აპრილი. კანონის ახალი მოთხოვნებით, სასამართლოს შენობაში ფოტოს და ვიდეოს გადაღება, აუდიოს ჩაწერა აკრძალულია.
გიორგი ახობაძე სასამართლო დარბაზში, 2025 წლის 8 აპრილი. კანონის ახალი მოთხოვნებით, სასამართლოს შენობაში ფოტოს და ვიდეოს გადაღება, აუდიოს ჩაწერა აკრძალულია.

იმ ორი მოწმიდან, რომლებსაც სასამართლოზე მოუსმინეს, ერთი, ლევან ბერიძე გიორგისთან ერთად მანქანაში იჯდა იმ ღამეს, როცა ის დააკავეს. მეორე, რომელიც ლევანის მძიმედ ავადმყოფ დედას უვლიდა მის სახლში იყო, როდესაც პოლიცია ჩხრეკაზე მივიდა.

პოლიციელებს სახლი არ გაუჩხრეკიათ, თუმცა ჩხრეკის ოქმი მაინც შეადგინეს და ნინო ზოზიაშვილს ხელი მოაწერინეს. მან სასამართლოზე თქვა, რომ აღელვების გამო დოკუმენტს ხელი ისე მოაწერა, რომ არც წაუკითხავს.

ექიმ გიორგი ახობაძის საქმეს 7 ივლისის შემდეგ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განიხილავს. წინაა ექსპერტების და თავად ბრალდებულის გამოკითხვა, ასევე ბრალდებისა და დაცვის მხარეების დასკვნითი სიტყვები. თითქმის 6 თვის განმავლობაში ამ საქმეს მიხეილ ჯინჯოლია განიხილავდა.

9 ივნისის სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვიდე დარბაზში გაიმართა - ესაა პატარა ოთახი 6 ხის სკამით. თითო სკამზე ოთხი ადამიანი ეტევა. სხდომას, რომელიც 10:08 წუთზე დაიწყო და ორ საათზე ნაკლებ დროში დასრულდა, ესწრებოდა სამი ბადრაგი, სამი მანდატური, 8 ჟურნალისტი და 8 მოქალაქე.

- თქვენ შეგიძლიათ დადოთ რელიგიური მნიშვნელობის ფიცი, არარელიგიური მნიშვნელობის ფიცი ან განახორციელოთ ფიცის შემცველი დადასტურება - რომელს აირჩევთ? - ჰკითხა მოსამართლემ მოწმე ლევან ბერიძეს გამოკითხვის დაწყებამდე.

- სამივეზე დავდებ - უთხრა მან.

- სამივეზე ვერ დადებთ, თუმცა მონდომებას გიფასებთ.

- მაშინ რელიგიურ ფიცს დავდებ!

- დაიფიცეთ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე, რომ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ.

- ვფიცავ! ღმერთი იყოს ჩემი მფარველი.

ადვოკატებმა მოწმის გამოკითხვა 7 დეკემბრის ღამის ამბების გახსენებით დაიწყეს. ბერიძემ, რომელმაც თქვა, რომ გიორგის მეგობარია და ძირითადად ფოთში ცხოვრობს, სასამართლოს უამბო, როგორ შეხვდა ის იმ საღამოს რუსთაველზე გიორგი ახობაძეს, როგორ დაარიგეს აქციაზე სენდვიჩები და წყალი, რომლებიც გიორგიმ მანქანით მიიტანა.

მოყვა ისიც, თუ როგორ გააჩერა პატრულის ეკიპაჟმა მათი ავტომობილი სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდის სიახლოვეს.

„[რუსთაველზე] სენდვიჩებს თვითონ არიგებდა, მე წყალს ვარიგებდი, ეს გაგრძელდა ალბათ 1-1.5 საათი, მერე ფოტოები გადავიღეთ, პირველი საათი სრულდებოდა, შეგვამცივნა ორივეს და დავიშალოთ-თქო, ვუთხარი.

გიომ მითხრა, მანქანით ვარ, მე წაგიყვანო, მანქანა ეყენა მერიოტის უკან... კობა ხაბაზი რომ სცემეს, ეგ ღამე იყო, მე ვუთხარი, შენ მიდი სახლში და მერე მე იქიდან ტაქსით წავალ-თქო, მეშინოდა არავინ დახვედროდა და არ ეცემათ.

...თამარ მეფის ხიდს რომ ეძახიან იქ ვიყავით თითქმის, როცა უკნიდან მოგვადგა ციმციმებიანი მანქანა და გიომ დაიწყო გაჩერება”, - უთხრა სასამართლოს ლევან ბერიძემ.

- თქვენ საღეჭი რეზინი გაქვთ? - ჰკითხა მას მოსამართლემ

- დიახ

- გამოითავისუფლეთ პირი, არ შეიძლება საღეჭი რეზინი!

ამის შემდეგ მოწმე უკვე იხსენებს მათი და პატრულის ეკიპაჟის შეხვედრის დროს - ესაა 8 დეკემბრის 01:31.

- მანქანის გაჩერების მერე რა ხდება? - კვლავ კითხულობს მოსამართლე

- ამის შემდეგ კარგი არაფერი არ ხდება, - ამბობს მოწმე და აგრძელებს თხრობას.

“საკმაოდ მაღალი პატრულ-ინსპექტორი მოვიდა და საბუთები მოსთხოვა გიორგის. ამ დროს მოვიდა მეორე პატრულიც და სთხოვეს მანქანიდან გადასვლა. ერთი ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული, უცებ წინ ერთი მანქანა, მეორე მანქანა, უკან კიდევ მანქანები, არ გაინძრეთო, გვიყვიროდნენ… ისინი არ ვიცი ვინ იყვნენ, პოლიციის მანქანები არ იყვნენ, ჩვეულებრივი სამოქალაქო მანქანები იყვნენ, ოთხი მაინც. მათი მოსვლის შემდეგ წუთებში წავიდა პატრული, რომელმაც გაგვაჩერა.

მეც გადმომიყვანეს მანქანიდან. ორი პოლიციელი მოვიდა ჩემთან, მამსირაშვილი იყო ერთი, მაგას ჩემი მარჯვენა ხელი ეჭირა, ხარაზიშვილს მეორე და მესამე იყო კიდევ, ჟორდანია და ის მჩხრეკდა. მერე სხვებიც მიემატნენ, მაგრამ გიოს მხარეს რო გავიხედე, მასთან გაცილებით მეტი იყვნენ, ნორმალურად მექცეოდნენ.

მე მანქანის წინ წამიყვანეს, გიო მანქანის უკან, მოპირდაპირე მიმართულებით. დაახლოებით სამი-ოთხი ხე იყო ჩვენს შორის, სადაც დააყენეს, მოღუნული ხე იყო [სანაპიროზე], ეს დავიმახსოვრე. ჩვენ შორის, დაახლოებით, 30-40 მეტრის დისტანცია იყო.

შემდეგ გამხადეს ზემოთ, ქურთუკი და ცალკე გაჩხრიკეს, ფეხზეც გამხადეს, ფეხშიშველი ვიდექი 10-15 წუთი მაინც, შარვალიც გავიხადო-თქო და ერთმა. კი, მეორემ, არაო. ბოლოს არ გამიხდია. მერე მოვიდა ორი ადამიანი, როგორც მერე გავიგე სამმართველოში, ერთი სამმართველოს უფროსი იყო, მეორე მოადგილე.

მე რომ მჩხრეკენ, გიორგის შეყვირების ხმა გავიგე და მოვტრიალდი, ხელი არ დაარტყათ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს-მეთქი, ჩვენ ხელს არავის არ ვურტყამთ, არ ინერვიულოთო. როგორ არ ვინერვიულო, ვერ ხედავთ, ქუჩაში ხალხს რას უშვრებიან-მეთქი…”

გიორგი ახობაძეს ბრალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ედება, ეს სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულია, ისჯება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობით. ექიმი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ პოლიციამ მას ნარკოტიკული საშუალებები „ჩაუდო“.

- თქვენი და გიორგის ურთიერთობაზე რას იტყვით? - ჰკითხა მოსამართლემ, მას შემდეგ რაც მოწმე მოყვა პოლიციის სამმართველოში ჩხრეკისას გაშიშვლების ამბავს.

- ჩემი შვილები მინდა ასე გაიზარდონ. მეტი არაფერი მინდა. ჩემი ბიჭი მინდა ასეთი გაიზარდოს. ღმერთს ვთხოვ ამას. 7 თვეა ამის სახე და ხმა მენატრება. ის არის ჩემი ძმა… დედაჩემმა სამი თვე თუ ექვსი თვე ზედმეტი თუ იცხოვრა, ამის დამსახურებაა! ცამდე მართალია, ვიცი - ხმა აუკანკალდა მოწმეს. დარბაზში რამდენიმე ადამიანს ცრემლები წამოუვიდა.

- თქვენ თქვით, რომ გიორგი გედარდებოდათ - რა იყო ამის მიზეზი? - კვლავ კითხვებს სვამს მოსამართლე.

- ფიზიკური მდგომარეობა მისი, როგორ გადაადგილდება იცით, ხერხემალი აქვს გადატეხილი, ვშიშობდი რომ არ ეცემათ…

- რატომ უნდა ეცემათ?

- ბატონო მოსამართლე, დეკემბერი იყო, ყველას გვცემდნენ….

- პატრული ხომ მშვიდად მოვიდა, რატომ უნდა ეცემეთ?

- პატრული არა, სხვა მანქანები რომ მოვიდნენ, როცა გიორგი უკვე გადასული იყო, მაგ დროს მედარდებოდა, არ ვიცოდი, ვინ იყვნენ ეს ხალხი…

- ვინ უნდა ყოფილიყვნენ?

- არ ვიცი, ბატონო მოსამართლე, ასე მოხდა კოალიციის ოფისთან, პატრული იქ იდგა და ჩვენი მეგობრები სცემეს ვიღაცებმა, ფეისბუკზეც დევს ეს ვიდეოები, 7-8 დეკემბერია, ყველას სცემდნენ…

7 დეკემბერს, საღამოს 10 საათისთვის კოალიცია “ცვლილებებისთვის” ოფისში შავებში ჩაცმული რამდენიმე ათეული ადამიანი შევარდა. ეს ჩანს ოფისის სამეთვალყურეო კამერით გადაღებულ კადრებშიც. ამ დღეს ბესიკის ქუჩაზე, ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ კობა ხაბაზს და კიდევ ორ ადამიანს, კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს.

“50-მდე ადამიანი იყო. დაიწყეს გინება, ცემა. თავში ჩამარტყეს რაღაც და დავეცი, შემდეგ წიხლებს მირტყამდნენ. აშკარად მიცნეს და დამესივნენ. დავალება იყო, რომ ვინმე ცნობადი სახე ეცემათ. რა თქმა უნდა, ეს იყო მიზანმიმართული", - ასე აღწერა თავდასხმა იმ დღეს კობა ხაბაზმა, რომელსაც თავი ჰქონდა გატეხილი და კბილები ჩამტვრეული.

ამავე დღეს პარლამენტთან პირდაპირი ჩართვისას თავს დაესხნენ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ფეხებით იხტუნავეს ოპერატორ გიორგი შეწირულის ქუჩაში დაგდებულ და ნაცემ სხეულზე.

- ხელი რომ ჩამოვართვა, შეიძლება? - ჰკითხა ლევან ბერიძემ გამოკითხვის ბოლოს მოსამართლეს.

- არა! - უპასუხა მას მოსამართლემ და შესთავაზა, თუ სურდა დარბაზში დარჩენილიყო სხდომის დასრულებამდე. მოწმე მეორე რიგში დაჯდა, ბრალდებულის მხარეს. ლევან ბერიძის სკამსა და განსასჯელის საკანს შორის მდგომ ოთხადგილიან ხის სკამზე ერთი ბადრაგი იჯდა.

მეორე მოწმის გამოკითხვა სწრაფად დასრულდა. ნინო ზოზიაშვილი გიორგის მეგობარია. მას სამედიცინო განათლება აქვს და თითქმის 7 თვის განმავლობაში ეხმარებოდა მას ლოგინად ჩავარდნილი დედის მოვლაში. სასამართლოზე თქვა, რომ პაციენტთან ზოგჯერ 17-18 საათის განმავლობაში მუშაობდა, ყოფილა დღეები როცა 24 საათიც დარჩენილა. მისივე აღწერით, გიორგის დედა იმდენად მძიმედ იყო, რომ მარტო ვერ ტოვებდნენ, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა სასწრაფო დახმარება დასჭირვებოდა.

“[იმ ღამეს] სამი საათისთვის უნდა მოსულიყო, რადგან მეორე დილას მორიგე ვიყავი და სახლში უნდა წავსულიყავი დასაძინებლად. კარზე ბრახუნი რომ იყო, შემეშინდა. გიორგისგან ვიყავი გაფრთხილებული, რომ მის გარდა კარი არავისთვის გამეღო. ვინმე თუ მოვიდოდა, მისთვის უნდა დამერეკა. რომ გადიოდა ხოლმე სახლიდან, გარედან კეტავდა სახლს, რამე თუ მჭირდებოდა, ვურეკავდი და 5 წუთში მოდიოდა.

რო აბრახუნებდნენ, მითხრეს, პოლიციიდან ვართო, კარს არ ვაღებდი, გიორგი სანამ არ მოვა ვერ გავაღებ-თქო და მითხრეს გიორგი დავაკავეთ და გასაღები სადაც იდო, ის ადგილი მითხრეს - მაგ დროს მივხვდი, რომ მართლა დააკავეს და გავაღე, გიორგის გარდა არავინ იცოდა სად იყო ეგ გასაღები. სათადარიგო გასაღები სახლში რომ იყო ვიცოდი, მაგრამ მე არ მჭირდებოდა და კარადების ქექვას ხო არ დავიწყებდი?” - ნინო ძალიან სწრაფად ლაპარაკობს და პროკურორიც, მოსამართლეც და ბრალდებულიც სხვადასხვა დროს სთხოვენ უფრო ნელა და გარკვევით ისაუბროს.

“4 პოლიციელი იყო, ერთმა ნომერი დატოვა, მისმა ცოლმა ან ოჯახის რომელიმე წევრმა დაგვირეკოს, რომ ვუთხრათ, რა ხდებაო. სახლში რომ შემოვიდნენ თქვეს, ჩხრეკაზე ვართო, მაგრამ მერე ავადმყოფი რომ დაინახეს, სახლი არ გაუჩხრეკიათ.”

- ქალბატონო ნინო, ტემბრს კი არ მოუმატოთ, ტემპი შეცვალეთ - კიდევ ერთხელ სთხოვს მოსამართლე მეტად გარკვევით საუბარს მოწმეს.

ნინოს გამოკითხვა რამდენიმე წუთში სრულდება. ის აზუსტებს, რომ ჩხრეკაზე მისული პოლიციელები გიორგის სახლში დაახლოებით 40 წუთს გაჩერდნენ, სახლი არ გაუჩხრეკიათ, თუმცა ჩხრეკის ოქმი შეადგინეს და მასზე ხელი მოაწერინეს. ის აზუსტებს, რომ ხელი მოწერა არ დაუძალებიათ, თუმცა აჯობებდა წაეკითხა რას აწერდა, მაგრამ აღელვებული ვიყავი და ამაზე არ მიფიქრიაო.

- ახლაც ხომ არ ნერვიულობთ, ხომ არ გინდათ გამოკითხვა შევწყვიტოთ? - ჰკითხა მას მოსამართლემ.

- არა! - უთხრა მოწმემ.

გიორგი ახობაძის მძიმედ ავადმყოფი დედა მისი დაკავებიდან რამდენიმე კვირაში, 17 იანვარს გარდაიცვალა. ექიმმა ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ მას არ მისცეს "მისი ცხოვრების მთავარ პაციენტზე" ზრუნვის შესაძლებლობა. გიორგის დაკავების შემდეგ რამდენიმე დღეში მუდმივი მეურვის გარეშე დარჩენილი პალიატიური პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს. ახობაძე დედის დაკრძალვას არ დასწრებია - ბადრაგმა ის პანაშვიდზე რამდენიმე საათით მიიყვანა დედის გარდაცვალებიდან მეორე დღეს, ღამის საათებში.

მომდევნო სხდომა ამ საქმეზე 11 ივლისს, 11 საათზეა ჩანიშნული. განრიგის მიხედვით, გადაწყვეტილება მოსამართლემ შესაძლოა 22 ივლისს გამოაცხადოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG