Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ რადიო თავისუფლების ჟურნალისტი სხდომაზე 200 ლარით დააჯარიმა


მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი და ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი, ფოტოკოლაჟი
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი და ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი, ფოტოკოლაჟი

თბილისის საქალაქო სასამარლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დღეს, 7 ივლისს, 200 ლარით დააჯარიმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი, რომელიც ესწრებოდა პროევროპული აქციების მონაწილის, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო სხდომას.

მოსამართლემ ნინო თარხნიშვილი დააჯარიმა სხდომაზე გამოცხადებული შესვენებიდან დაბრუნების შემდეგ, სხდომის კიდევ ერთ დამსწრესთან, სალომე შულაიასთან ერთად, რომელიც მოსამართლის შემოსვლისას ფეხზე არ წამოდგა.

შესვენებამდე, რომეო ტყეშელაშვილმა დარბაზი დაატოვებინა ყველა იმ დამსწრეს, რომლებიც ოთახში მისი შესვლისას ფეხზე არ ადგნენ. მან ეს მოსამართლის უპატივცემულობად მიიჩნია. დარბაზი დაახლოებით ათამდე ადამიანმა დატოვა. მათ ნაცვლად მოსამართლეს სხდომაზე დასწრების სხვა მსურველები აღარ შეუშვია.

შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა, ნინო თარხნიშვილი რადიო თავისუფლებასთან ასე აღწერს მოსამართლის გადაწყვეტილების წინაპირობებს:

„კარი რომ გაიღო, მოსამართლის თანაშემწემ თქვა: „გთხოვთ აბრძანდეთ ფეხზე“, ვიჯექი, მუხლებზე მედო ლეპტოპი, ავდექი, ვიდექი და როცა დავჯექი, მესმის ხმა: „თქვენ ქალბატონო“, - ბოლო რიგში მჯდომ ქალს მიმართა მოსამართლემ, - „მობრძანდით და მომეცით პირადობის მოწმობა“. ადგა ეს ქალი პირადობის მოწმობის მისაწოდებლად და ამასობაში მომმართა მეც: „თქვენც ქალბატონო“.

გამიკვირდა, „მე მეუბნებით-მეთქი“ და „დიახ, თქვენ გეუბნებითო“, „მე ავდექი-მეთქი ფეხზე და არ ამდგარხართო, მომაწოდეთ პირადობის მოწმობაო და მითხრა: „ყურში რომც არ გესმოდეთ, თვალით ხომ მაინც მხედავთო“. პირადობის მოწმობას რომ ვაძლევდი, მაშინ ვუთხარი, „ყურითაც გავიგონე და თვალითაც გხედავდით მეთქი“, რაზეც მიპასუხა: „დაბრძანდითო, გითხრათ ვინმემ!?“

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დააჯარიმა
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დააჯარიმა

"სასამართლოს მიმართ გამოხატული უპატივცემულობისა და სხდომის თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის გამო" დაკისრებული 200-ლარიანი ჯარიმა სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

რომეო ტყეშელაშვილი დღეს პირველად უძღვებოდა სხდომას, როგორც მოსამართლე, რომელმაც კოლეგა ჩაანაცვლა.

მან 2022 წელს უარი თქვა აშშ-ის საელჩოს სასწავლო პროგრამაში მონაწილეობაზე. მან თქვა, რომ მან და კიდევ ოთხმა მოსამართლემ (ხათუნა ხარჩილავა, ნინო ნაჭყებია, მაია ქოქიაშვილი და გიზო უბილავა) ასე გააპროტესტეს სპეციალური სასწავლო პროგრამიდან ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მოხსნა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG