13:25 - კვირას, 30 ნოემბერს, პროკურატურამ ელისაშვილს ბრალი წარუდგინა - ის, რის დარღვევასაც პოლიტიკოსს ედავებიან, არის სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლი.
სსკ-ის 323-ე მუხლი ეხება „ტერორისტულ აქტს“:
„ტერორისტული აქტი, ესე იგი აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე“.
13:25 - მოსამართლე ადგენს ბრალდებულის ვინაობას - ალეკო ელისაშვილი ამჯერადაც არ დგება ფეხზე, მოსამართლე მოუწოდებს დაემორჩილოს მის მოთხოვნას. ელისაშვილი დგება, ამბობს სახელსა და გვარს, დაბადების წელს თვესა და რიცხვს, საცხოვრებელ ადგილს, ოჯახურ მდგომარეობას.
13:26 - პროკურატურა აცხადებს, რომ შაბათ დილას, 04:00 საათისთვის, ალეკო ელისაშვილი სასამართლოსთან მივიდა „ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული“.
პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ:
„ნიღბიანმა“ პოლიტიკოსმა ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და ასე შეაღწია შიდა სივრცეში;
შემდეგ შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, „მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე“, დაასხა „დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა“;
ამ დროს - „აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში“ - ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს;
პროკურატურის თანახმად, ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე ელისაშვილი მას „თავს დაესხა და დაუწყო ცემა“;
პროკურატურა ამბობს, რომ სამი მანდატური ცდილობდა ელისაშვილის „განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას“.
„თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. ალექსანდრე ელისაშვილმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დაძლევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საბოლოო განეიტრალება და დაკავება“, - წერია 30 ნოემბერს პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურა ასევე აქვეყნებს არაერთი ვიდეოსათვალთვალო კამერიდან გადაღებულ კადრებს.
13:27 - ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, შაბათ დილას, საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში დააკავეს. ეს არის სასამართლოს ეზოში ცალკე მდგომი შუშის შენობა, რომელიც სასამართლოს მთავარ კორპუსს კარით უკავშირდება.
ელისაშვილი ადასტურებს, რომ განზრახული ჰქონდა სასამართლოს კანცელარიის დაწვა, თუმცა კვალიფიკაციას, რომლითაც გამოძიება მიდის, არ ეთანხმება.
„ნანობს, რომ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა“, - ეს იყო ადოკატ გიორგი რეხვიაშვილის პირველი სიტყვები, რომელიც მან მედიას უთხრა, მას შემდეგ რაც დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა.
ფორუმი