ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ დაკავებისას მისი უფლებები დაარღვიეს:
„რც ადვოკატთა დამაკავშირეს რამდენიმე საათი, არც სახალხო დამცველთან, რამდენი საათი ბოლომდე მოჭერილი ხელბორკილით ვიყავი[ ხელით აჩვენებს, რომ უკან ჰქონდა შეკრული] როცა ვეუბნებოდი, რომ წინ გადმომიტანეთ და წინ შემიკარით მეთქი ვითომ არ ესმოდათ. როცა დაინახეს, რომ მარცხენა მაჯიდან სისხლი მომდიოდა, შემიხსნეს, ამ ქვეყანაში რომ უფლებები არ არსებობს, ამიტომაც ვარ აქ“.
ადვოკატი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმირებულია შესაბამისი უწყება, ანუ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც პროკურატურას ექვემდებარება.
13:30 - პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი ასაბუთებს, რატომ უნდა შეეფარდოს ალეკო ელისაშვილს პატიმრობა:
„არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ალექსადრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა“.
[პროკურორი კითხულობს ამონარიდს სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც ტერორისტულ აქტს განმარტავს]
მისი თქმით, ალეკო ელისაშვილის მიზანი სასამართლოს, როგორც სახელმწიფო ორგანოს, ინფრასტრუქტურის განადგურება იყო.
„ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.
აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში, ალექსანდრე ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს. ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე, ალექსანდრე ელისაშვილი თავს დაესხა მას და დაუწყო ცემა. დაკავების პროცესში, მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომელი ცდილობდა ალექსანდრე ელისაშვილის განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას. თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. ალექსანდრე ელისაშვილმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დაძლევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საბოლოო განეიტრალება და დაკავება“, - აცხადებს პროკურორი.
მისივე განცხადებით, მან საფრთხე შეუქმნა შენობაში მყოფი ადამიანების სიცოცხლეს, ქონებასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ზიანი მიაყენა.
პროკურორის თქმით, გამოიკითხნენ მანდატურის სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებმაც წაასწრეს ალეკო ელისაშვილს.
გამოკითხულები არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მივიდნენ ადგილზე.
გამოთხოვილია და საქმეს აქვს დართული ვიდეოკამერების ჩანაწერები.
„სასამართლოს კამერებში ნათლად ჩანს, ის რასაც ალეკო ელისაშვილს ვედავებით", - აცხადებს პროკურორი.
ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა და დადგინდა, რომ ნივთიერება, რომელიც დაასხა პროკურატურის თქმით ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, „ნამდვილად აალებადი ნივთიერებაა“.
პროკურორმა განაცხადა:
„კანონი არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას ალეკო ელისაშვილისთვის, მან განიზრახა, რომ სასამართლო გადაეწვა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით...ცდილობდა ფარულად განეხორციელებინა გეგმა და მოეყვანა სისრულეში, ჩაამტვრია ჩაქუჩით კანცელარიის ფასადი, რომელიც სასამართლოს შენობის განუყოფელი ნაწილია.
მან დაასხა აალებადი ნივთიერება კომპიუტერებსა და ნივთებზე... ალექსადრე ელისაშვილი თავს დაესხა მანდატურს და ცდილობდა მის განეიტრალებას, ის ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას და ემუქრებოდა, წინააღმდეგობა გაუწია სამ მანდატურს და მანდატურების ძალისხმევით იარაღი აღარ იყო ელისაშვილის ხელში, გააცურეს ეს იარაღი, რომ მის ხელში აღარ ყოფილიყო...
პრაქტიკულად გაჟღენთილი იყო ნივთიერებით ყველაფერი და ერთი მოქმედებაც ელისაშვილიც შეიძლება ყოფილიყო ფატალური...“.
მან მაგალითად მოიხმო ალეკო ელისაშვილის სიტყვები, რომელიც გააჟღერა ადვოკატმა. ამ სიტყვების თანახმად ელისაშვილი „ნანობს, რომ რამდენიმე წუთი დააკლდა ქმედების დასასრულებლად“.
ამას გარდა, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე განიხილება. მას აღკვეთის ღონისძიებად ამ საქმეში გირაო ჰონდა შეფარდებული, ისიც მას შემდეგ, რაც პროკურორმა პოზიცია შეცვალა და თავიდან მიმართა სასამართლოს, იქამდე დაპატიმრებული იყო. ამ საქმეზე ალეკო ელისაშვილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით, პირის პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავებიან.
გამოძიების ვერსიით, 2 დეკემბერს კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ აფთიაქთან, ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს, თავს დაესხა და პარტიული შეხედულების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
13:42 - ადვოკატი, გიორგი რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ალექსანდრე ელისაშვილს არ ჩაუდენია ტერორისტული აქტის მცდელობა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქმედებას აღიარებს, ბრალის კვალიფიკაცია არის სამართლებრივად და ფაქტობრივად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
„ტერორისმის მიზანია ხალხის დაშინება და ხელისუფლების დესტაბილიზაცია.
ელისაშვილმა მიზანმიმართულად აირჩია დილის ოთხი საათი... მისი მიზანი იყო ადამიანის დაზიანების თავიდან აცილება. მას ჰქონდა იარაღის ქონის უფლება... მას არ ჰქონდა განზრახული მანდატურების დაზიანება... მან დანაშაულზე ხელი აიღო, მას რომ სურვილი ჰქონოდა გამოიყენებდა იარაღს, მაგრამ არ გამოუყენებია, მანდატურებს იმ მომენტში იარაღი არ ჰქონიათ...
ეს იყო პოლიტიკური პროტესტი უსამართლო სასამართლოს მიმართ და სოლიდარობა პოლიტიკურ პატიმრებს, პროტესტი თუნდაც რადიკალური არ უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც ტერორიზმი“, - აცხადებს ადვოკატი სასამართლო სხდომაზე.
ადვოკატის თქმით, „არ არსებობს საფუძველი რომ ბრალდებული მიიმალება, დაემუქრება მოწმეებს ან მტკიცებულებებს გაანადგურებს“.
ის მოითხოვს ალეკო ელისაშვილს გირაო შეუფარდონ - 5 000 ლარის ოდენობით.
ფორუმი