Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ელისაშვილის სასამართლო - ლაივბლოგი

პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს 29 ნოემბერს მომხდარის გამო „ტერორიზმს“, კერძოდ კი, ტერორისტული აქტის მცდელობას ედავებიან. ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის ცნობით, ელისაშვილი აღიარებს, რომ საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვას გეგმავდა, თუმცა ბრალს - „ტერორიზმს“ - არა.

13:32

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ დაკავებისას მისი უფლებები დაარღვიეს:

„რც ადვოკატთა დამაკავშირეს რამდენიმე საათი, არც სახალხო დამცველთან, რამდენი საათი ბოლომდე მოჭერილი ხელბორკილით ვიყავი[ ხელით აჩვენებს, რომ უკან ჰქონდა შეკრული] როცა ვეუბნებოდი, რომ წინ გადმომიტანეთ და წინ შემიკარით მეთქი ვითომ არ ესმოდათ. როცა დაინახეს, რომ მარცხენა მაჯიდან სისხლი მომდიოდა, შემიხსნეს, ამ ქვეყანაში რომ უფლებები არ არსებობს, ამიტომაც ვარ აქ“.

ადვოკატი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმირებულია შესაბამისი უწყება, ანუ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც პროკურატურას ექვემდებარება.

13:30

13:27 - ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, შაბათ დილას, საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში დააკავეს. ეს არის სასამართლოს ეზოში ცალკე მდგომი შუშის შენობა, რომელიც სასამართლოს მთავარ კორპუსს კარით უკავშირდება.

ელისაშვილი ადასტურებს, რომ განზრახული ჰქონდა სასამართლოს კანცელარიის დაწვა, თუმცა კვალიფიკაციას, რომლითაც გამოძიება მიდის, არ ეთანხმება.

„ნანობს, რომ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა“, - ეს იყო ადოკატ გიორგი რეხვიაშვილის პირველი სიტყვები, რომელიც მან მედიას უთხრა, მას შემდეგ რაც დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა.

13:29

13:26 - პროკურატურა აცხადებს, რომ შაბათ დილას, 04:00 საათისთვის, ალეკო ელისაშვილი სასამართლოსთან მივიდა „ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული“.

პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ:

„ნიღბიანმა“ პოლიტიკოსმა ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და ასე შეაღწია შიდა სივრცეში;

შემდეგ შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, „მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე“, დაასხა „დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა“;

ამ დროს - „აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში“ - ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს;

პროკურატურის თანახმად, ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე ელისაშვილი მას „თავს დაესხა და დაუწყო ცემა“;

პროკურატურა ამბობს, რომ სამი მანდატური ცდილობდა ელისაშვილის „განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას“.

„თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. ალექსანდრე ელისაშვილმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დაძლევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საბოლოო განეიტრალება და დაკავება“, - წერია 30 ნოემბერს პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურა ასევე აქვეყნებს არაერთი ვიდეოსათვალთვალო კამერიდან გადაღებულ კადრებს.

13:28

13:25 - მოსამართლე ადგენს ბრალდებულის ვინაობას - ალეკო ელისაშვილი ამჯერადაც არ დგება ფეხზე, მოსამართლე მოუწოდებს დაემორჩილოს მის მოთხოვნას. ელისაშვილი დგება, ამბობს სახელსა და გვარს, დაბადების წელს თვესა და რიცხვს, საცხოვრებელ ადგილს, ოჯახურ მდგომარეობას.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG