13:25 - კვირას, 30 ნოემბერს, პროკურატურამ ელისაშვილს ბრალი წარუდგინა - ის, რის დარღვევასაც პოლიტიკოსს ედავებიან, არის სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლი.
სსკ-ის 323-ე მუხლი ეხება „ტერორისტულ აქტს“:
„ტერორისტული აქტი, ესე იგი აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე“.
13:22 - ალეკო ელისაშვილი დარბაზში შემოიყვანეს სპეცრაზმელებმა, - ასე აწერიათ მათ სამკლაურზე. ჯარის ფორმა აცვიათ. პოლიტიკოსს ორივე თვალი ჩალურჯებული აქვს, აცვია მწვანე სამოსი.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილი შემოდის - ელისაშვილი ფეხზე არ დგება.
მოსამართლე მოუწოდებს ადგეს ფეხზე პოლიტიკოსი - „ადგომას სჭირდება პატივისცემა, პატივისცემას დამსახურება უნდა“, - პასუხობს ალეკო ელისაშვილი.
13:21 - პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს 29 ნოემბერს მომხდარის გამო ტერორიზმს, კერძოდ კი, ტერორისტული აქტის მცდელობას ედავებიან. ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის ცნობით, ელისაშვილი „ქმედებას“ აღიარებს, თუმცა ბრალს - „ტერორიზმს“ - არა.
13:20 - ამ საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილია, ადვოკატი - გიორგი რეხვიაშვილი.
ფორუმი