Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბელა მეი დარბაზიდან გათავისუფლდა - საპროცესო შეთანხმებით


ბელა მეი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დედასთან ერთად, გათავისუფლების შემდეგ, 3 ნოემბერი, 2025 წელი
ბელა მეი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დედასთან ერთად, გათავისუფლების შემდეგ, 3 ნოემბერი, 2025 წელი

ნარკოდანაშაულში ბრალდებული, 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, ბელა მეი ქალი, რომელიც 8 თვის ორსულია, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.

მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ქალმა სრულად აღიარა დანაშაული და სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე გათავისუფლდა.

პროკურატურამ ბელა მეი ქალი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალში და მოითხოვა მისთვის თავისუფლების აღკვეთა 5 თვისა და 24 დღის ვადით. დამატებით სასჯელად კი განესაზღვრა ჯარიმა 500 ათასი ლარის ოდენობით.

შესაბამისად, ბელა მეი ქალის მოხდილად ჩაეთვალა ის დრო (5 თვე და 24 დღე), რაც მან რუსთავის ქალთა #5 პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა.

ოჯახმა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა, 140 000 ფუნტი, რამდენიმე დღის წინ გადაიხადა.

იყო მოლოდინი, რომ ბელა მეი ქალი, გადახდილი თანხის მიუხედავად, ორ წელს საპატიმროში გაატარებდა, თუმცა 3 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მან მოულოდნელად შეიტყო, რომ თავისუფალია.

სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიტყო ბელა მეი ქალის დედამ, ლაიან კენედიმ, რომ მისი შვილი დარბაზიდან გათავისუფლდებოდა.

პროკურორმა, ვახტანგ ცალუღელაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქის დარბაზიდან გათავისუფლების ინიციატივით თავად პროკურატურა გამოვიდა:

"რამდენიმე მიზეზი იქნა გათვალისწინებული: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დანაშაულის აღიარება, ასაკი, გამოძიებასთან თანამშრომლობა".

პროკურორი ამბობს, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, ბელა მეი ქალიმ ნარკოდანაშაულის საქმეში მონაწილე რამდენიმე პირის ვინაობა დაასახელა:

"დეტალურად, რა თქმა უნდა, ჩვენების შინაარსს ნამდვილად ვერ გავახმაურებ, მაგრამ დაასახელა თავისი კონტაქტები, რასთან დაკავშირებითაც, ამ საქმიდან გამოყოფილია სხვა საქმე და მიმდინარეობს გამოძიება... ის პირები, ვინც გამოატანა ეს ნარკოტიკული საშუალებები, თუმცა, ეს შესწავლის საგანია".

ბელა მეი ქალი შვილს დეკემბერში ელოდება.

სასამართლოს შენობიდან გამოსული ბელა მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა:

"ბედნიერი ვარ, არ ველოდი", - თქვა მან და დედას, სთხოვა - "შეიძლება ახლა წავიდეთ?"

რას ედავებოდა ბელა მეის გამოძიება?

გამოძიება ბრიტანეთის მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვასა და გასაღებას ედავებოდა (გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით), რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდების თანახმად, 10 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაილანდიდან ჩამოსული 18 წლის ბრიტანეთის მოქალაქის ბარგის შემოწმებისას, მის სამგზავრო ჩანთაში აღმოაჩინეს 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიში“. ნარკოტიკები ჰერმეტულად დაფასოებულ პაკეტებში იყო გადანაწილებული.

რას ამბობდა სასამართლო სხდომებზე ბრიტანელი ქალი?

სასამართლო პროცესის მსვლელობისას, რომელიც 5 თვეს გაგრძელდა, ბელა მეი ქალი და მისი ადვოკატი ირწმუნებოდნენ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც ტაილანდიდან ჩამოვიდა, კრიმინალურმა დაჯგუფებამ აიძულა, ნარკოტიკებით დატვირთული ჩემოდანი საქართველოში ჩამოეტანა.

„აჩვენე მარჯვენა ხელი მოსამართლეს, - უთხრა მალხაზ სალაყაიამ პირველ ივლისს გამართულ სხდომაზე ბელას, - შეხედეთ მის ხელს, მას გახურებული რკინა, ჩვენთან შამფურს უწოდებენ, დაადეს ხელზე. შეხედეთ ეს იარა მას ახლაც ამჩნევია და ასე წამების შედეგად აიძულეს, რომ ტვირთი წამოეღო საქართველოში“...

ბელა მეი ქალი ირწმუნებოდა, რომ ის ტაილანდში მხოლოდ მოგზაურობას გეგმავდა:

„ამის ჩადენა არ მსურდა, ძალადობისა და წამების ქვეშ მაიძულეს ამის გაკეთება, მე მხოლოდ მოგზაურობას ვაპირებდი, მოსიყვარულე ადამიანი ვარ, ვსწავლობ უნივერსიტეტში, სტუდენტი ვარ, დავეუფლე მედდის პროფესიას. მხოლოდ მოგზაურობას ვგეგმავდი და ცუდი რაღაცები გადამხდა თავს“.

ვინ არის ბელა მეი ქალი?

ბრიტანეთის მოქალაქე, 19 წლის ბელა მეი ქალი, ქალაქ ბილინგემიდანაა. ის საექთნო კოლეჯის კურსდამთავრებულია და სწავლის გაგრძელებას აპირებდა.

ოჯახის მონათხრობით, აპრილის ბოლოს, სააღდგომო დღესასწაულის შემდეგ, ბელა არდადეგების გასატარებლად მეგობართან ერთად ჯერ ფილიპინებისკენ გაეშურა, მაისის დასაწყისში კი ტაილანდში წავიდა.

ბელა მეი ქალი ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს მოგზაურობიდან. თუმცა 5 მაისის შემდეგ ის სოციალური ქსელებიდან გაქრა.

ბელას დედა, ლაიან კენედი, ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობდა, რომ შვილთან დაკავშირებას 3 მაისის მერე ვეღარ ახერხებდა. ტელეფონი გათიშული იყო, თუმცა სიგნალის მიხედვით, ის ბანგკოკთან ახლოს უნდა ყოფილიყო.

მშობლებმა შვილის გაუჩინარების შესახებ შეატყობინეს პოლიციას. ძებნაში ჩაერთო ტაილანდის პოლიციაც. ბელას მამა, ნეილ ქალი, შვილის საძებნელად ტაილანდში გაემგზავრა.

შვილის ფოტოები და მის შესახებ ინფორმაცია ბელას მშობლებმა გაავრცელეს სოციალურ ქსელებშიც. ისინი ხალხს გაუჩინარებული შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვდნენ.

თბილისში დაკავებული გოგოს დედა ბრიტანელ ჟურნალისტებს უყვებოდა, რომ გაუჩინარებამდე ბელას ყოველდღე ელაპარაკებოდა:

„მოგზაურობიდან უამრავ ფოტოს აქვეყნებდა. 3 მაისს ტაილანდში წავიდა. ბოლო მესიჯი მისგან მივიღე შაბათს (3 მაისს), საღამოს ექვსის ნახევრისთვის. მწერდა, რომ მოგვიანებით "ფეისთაიმით" დამიკავშირდებოდა“...

ფორუმი

XS
SM
MD
LG