Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჯარო მოხელე ვარ, შემიძლია მეორე სამსახურიც მქონდეს?


ილუსტრირებული ფოტო
ილუსტრირებული ფოტო

მოკლედ

  • 2025 წლის თებერვალში პარლამენტში დაიწყო განხილვა, როგორ შეცვლილიყო კანონი "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ".
  • შეცვლილი კანონი საჯარო მოხელეებს, დამატებითი ანაზღაურებადი საქმიანობისთვის, ხელმძღვანელის წერილობით თანხმობას ავალდებულებს.
  • კანონის დარღვევის შემთხვევაში, საჯარო მოხელეს სამსახურის დატოვება და საჯარო სექტორში მუშაობის 2-წლიანი აკრძალვა ემუქრება. მოატანინებენ ფულსაც.

1 ნოემბრიდან, საჯარო მოსამსახურეებს უნებართვო დამატებითი საქმიანობა და ანაზღაურების მიღება შესაძლოა ძვირად დაუჯდეთ. გამონაკლისის გარდა, იკრძალება მეორე სამსახურის მოძიება საჯარო სექტორში. ზემდგომების წერილობითი ნებართვის გარეშე დარღვევა იქნება სხვა სარგებლის მიღებაც.

ამ შეზღუდვებს აწესებს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“. პირველი ცვლილებები აპრილში დაამტკიცეს, შემდეგ კიდევ გადააკეთეს.

ავტორების თქმით, ახალი რეგულაციები საჯარო სამსახურებში მეტ კეთილსინდისიერებასა და ანგარიშვალდებულებას დაამკვირდებს, ექსპერტებს კი მას საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების კონტროლის ახალ მექანიზმად განიხილავენ.

“დამატებითი საქმიანობისათვის განისაზღვრება თანხმობის გაცემის ინსტიტუტი, რის შედეგადაც საჯარო მოხელეები თანამდებობის შენარჩუნების პარალელურად შეიძლება დაკავდნენ დამხმარე საქმიანობით”, - წერია განმარტებით ბარათში.

რა იკრძლაბა, რა არა... და ვისთვის?

საჯარო მოსამსახურეებს, საჯარო სექტორში, დამატებითი საქმიანობა და ანაზღაურების მიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეუძლიათ.

მანამდე, მე-13 მუხლის თანახმად, მათ "იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში" შეთავსებით მუშაობის უფლება ჰქონდათ, მაგრამ ეს ჩანაწერი ახალი ვერსიიდან ამოღებულია.

  • საჯარო მოსამსახურისთვის ნებადართულია, მაგალითად, სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებით საქმიანობა, მაგრამ ამისათვის აუცილებელია დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობა [ასეთი ნებართვა არ ესაჭიროებათ სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს] - ნებართვა ერთჯერადია და მოქმედებს 1 წლის განმავლობაში.
  • ხელმძღვანელის უარის გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
  • წერილობითი ნებართვის მექანიზმი ვრცელდება მოსამართლეებზეც.
  • საჯარო სამსახურში, მათ შორის - სსიპ-ში, ა(ა)იპ-ში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს უფლება აქვს შეასრულოს ანაზღაურებადი სამუშაო, მაგრამ არა საჯარო სამსახურში - და ისევ მხოლოდ ზემდგომთა ერთჯერადი, ერთწლიანი წერილობითი ნებართვით.
  • აკადემიური თანამდებობის დაკავებასაც - ასეთივე ნებართვა დასჭირდება.
  • საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს უფლება აქვს მიიღოს კანონით დაშვებული “სხვა სარგებელი” - ასევე მხოლოდ ერთჯერადი და ერთწლიანი წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ.


ცალკე გამოიცა საქართველოს მთავრობის დადგენილება №482, რომელიც 28 ოქტომბრით თარიღდება. ის თავს უყრის საქმიანობებს/ფუნქციებს, რომელთა შესაბამისადაც საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ ადამიანს, შეთავსებით, მეორე სამსახურის მოძიების შესაძლებლობა ისევ საჯარო სექტორში ექნებათ. თუმცა ამასაც ესაჭიროება ზემდგომების „ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით” გაცემული წერილობითი თანხმობა.

სფეროების მიხედვით, ჩამონათვალშია, მაგალითად:

  • ურბანისტი/სივრცითი და ურბანული მკვლევარი/სივრცითი და ურბანული მგეგმარებელი; არქიტექტორი, სამოქალაქო ინჟინერი/მშენებელ-ინჟინერი, წყალარინების სისტემების ინჟინერი/ტექნოლოგი, საინჟინრო გეოლოგი;
  • ბიომრავალფეროვნების სპეციალისტი, ჰიდრობიოლოგი, აკვაკულტურის სპეციალისტი, აგრონომ-ბოტანიკოსი ექსპერტი, ეკოლოგი;
  • მეტეოროლოგი, ქიმიკოსი, კლიმატოლოგი, სასმელი წყლის რესურსებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის ინჟინერი; ექსპერტი;
  • იქთიოლოგი, მეფუტკრე, სურსათის ტექნოლოგი , მევენახე, მეღვინე/ენოლოგი, აგრონომი, ომელიე/დეგუსტატორი, მეტყევე;
  • ანალიტიკოსი/ანალიტიკა, საინფორმაციო სისტემის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი, ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი, პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის სპეციალისტი;
  • ფინანსური ანგარიშგების სპეციალისტი, ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შემფასებელი, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ოფიცერი/ სპეციალისტი;
  • ექიმი, ექთანი, ბებიაქალი − მეან-ექთანი, უმცროსი ექიმი, ექთნის დამხმარე, სანიტარი, ლაბორანტი, ჰისტოლოგი, ფარმაცევტი;
  • ფსიქოლოგი, მომვლელი აღმზრდელი, სოციალური აგენტი, ოკუპაციური თერაპევტი;
  • საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში დასაქმებული აღმზრდელი/აღმზრდელ-პედაგოგი, საგამოცდო პროცესის მეთვალყურე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების შემქმნელი, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური;
  • მეკოსტუმე/გრიმიორი/ჩამცმელი, მეგარდერობე, ფონდის/საცავის/ექსპონატის მცველი/მეთვალყურე, დეკორატორი, მოკარნახე/სუფლიორი, მკერავი, ხარაზი, მოდელიორი, დურგალი, ზეინკალი. [არასრული ჩამონათვალია]


იურისტის, საიას ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ პროფესიებისა და საქმიანობების ვრცელ ჩამონათვალში არ მოხვდნენ საჯარო სკოლების პედაგოგები თუ სახელმწიფო თეატრების მსახიობები ან რეჟისორები. იურისტის თვალით, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სხვა სახელმწიფო თეატრში ან სხვა საჯარო სკოლაში ვერ დასაქმდებიან.

“საჯარო სკოლის მასწავლებლისთვის შესაძლებელია, რომ პარალელურად დასაქმდეს კერძო სკოლაში, მაგრამ ამას სჭირდება თავისი სკოლის დირექტორის თანხმობა. ასევე შემოდის მეორე მომენტი, ადრე რეპეტიტორობა, როგორც თვითდასაქმების ფორმა, არც დაშვებული იყო და არც აკრძალული; ახლა, კანონში ჩაიწერა, რომ სხვა ნებისმიერი ანაზღაურებადი საქმიანობა უნდა იყოს [წერილობით] შეთანხმებული ხელმძღვანელთან და შესაბამისად, რეპეტიტორობაც მოითხოვს ამ თანხმობას. ამას როგორ გააკონტროლებენ, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ეს პედაგოგებზე ზეწოლის დამატებითი ბერკეტი შეიძლება გახდეს”, - ეუბნება ნიკა სიმონიშვილი რადიო თავისუფლებას.

ახალი ნორმების დარღვევის შემთხვევაში, თუკი ორი საჯარო სექტორში ორი სამსახური ექნება, საჯარო მოხელეს არა მხოლოდ სამსახურს დაატოვებინებენ, არამედ ორი წლის განმავლობაში საერთოდ აუკრძალევენ საჯარო სექტორში მუშაობას და უკანონოდ აღებულ ანაზღაურებას - სრულად გადაახდევინებენ, თითოეული დღის გათვალისწინებით.


რისთვის კეთდება ეს?

“ქართული ოცნების” მთავრობა ირწმუნება, რომ ასეთი მიდგომა “ხარჯების ოპტიმიზაციისთვის” არის აუცილებელი; ხოლო სადავო პარლამენტმა, ცვლილებების დამტკიცებისას, მიზანად - “ინტერესთა კონფლიქტის” უფრო ეფექტიანად აღმოფხვრის აუცილებლობა დაასახელა.

“ინტერესთა კონფლიქტის ეფექტური პოლიტიკის სათანადო მიზანი არ არის საჯარო მოხელეთა მხრიდან ყველა კერძო შესაძლებლობის ინტერესის მარტივი აკრძალვა, არამედ აღნიშნული თვალსაზრისით ამ შესაძლებლობების რეგულირების ქვეშ მოქცევა. სწორედ, მსგავსი მიდგომით იქნება გატარებული პრევენციული ღონისძიებები, რათა საჯარო მოხელეებმა არ დაუშვან თავიანთი პირადი ინტერესებისა და კუთვნილების კომპრომისზე გადაწყვეტილების მიღება და საჯარო მენეჯმენტი”, - წერია განმარტებით ბარათში.

2025 წლის მარტში, (თებერვალში დარეგისტრირებული) საკანანმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვისას, როდესაც საჯარო მოხელის შესაძლო სარგებლად პრემიის, ჯილდოსა, გრანტის მიღებას განიხილავდნენ, პაკეტის წარმდგენმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თორნიკე ჭეიშვილმა თქვა, რომ ცვლილებები “კეთილსინდისიერი მსახურების სტანდარტის კიდევ უფრო ამაღლების” გარდა ემსახურება საჯარო სამსახურის მაქსიმალურ დაცვას “გარე ნეგატიური ჩარევებისადან - პირდაპირ რომ ვთქვათ”.

მთავარ მიზნად - ხარჯების დაზოგვა დაასახელა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 31 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

„არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ადამიანები ერთდროულად სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ ორგან და ზოგჯერ - სამგანაც. თეორიულად შეუძლებელია 8 საათი იმუშავო ორგან და სამგან სამსახურში. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. აქაც მოხდება, ბუნებრივია, ხარჯების ოპტიმიზაცია, კადრების ოპტიმიზაცია და ასეთ პირობებში ბუნებრივია უფრო სწორად იმუშავებს საჯარო სამსახური“, - კობახიძის თქმით, სახელმწიფო საწარმოებსა თუ სამინისტროებში კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზე 60 მილიონ ლარზე მეტი დაზოგეს.

განახლებულ კანონს ნიკა სიმონიშვილი „ქართული ოცნების” მორიგ „კეთილშობილურ კანონს" უწოდებს. იურისტს პრაგმატული და რაციონალური საფუძვლების დანახვა უჭირს.

„შესაძლოა [ეს ხდება] იმითვის, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებმა იგრძნონ მეტი შიში, რომ უფრო მეტი ლოიალობა გამოიჩინონ. მეტი ლოიალობის სანაცვლოდ, მათ შესაძლოა მიიღონ ხელმძღვანელების თანხმობა და დასაქმდდნენ სხვა სამსახურშიც ან მიიღონ დამატებითი ანაზღაურება“, - სიმონიშვილის ვარაუდით, ზემოქმედების მთავარი ბერკეტი სწორედ ხელმძღვანელი პირების თანხმობის მოპოვება იქნება, რაც შესაძლოა "ურჩებმა" ვერ მიიღონ.

კანონის განმარტებით ბარათში ახალ პროცედურას „თანხმობის გაცემის ინსტიტუტად” მოიხსენიებენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG