სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე აკრიტიკებს “საერთო სასამართლოების შესახებ კანონში” "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებულ ცვლილებებს, რომელთა მიღებასაც პარლამენტი უახლოეს დღეებში გეგმავს და რომლებიც, ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ზღუდავს მოსამართლეების და მოქალაქეების უფლებებს სასამართლოსთან მიმართებაში.
მოქმედი მოსამართლის შეფასებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებების ნაწილი "არ არის თავსებადი მოსამართლის თავისუფლების იდეასთან." საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების იმ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მოსამართლეს სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობა არ შეუძლია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობის გარეშე.
"თუ აღნიშნული ცვლილებების „ლეგიტიმური“ მიზანი ის არის, რომ მოსამართლეების მხრიდან ლექცია სემინარებში მონაწილეობამ, კონფერენციებზე აზრის გამოთქმამ, სამეცნიერო საქმემ და ა. შ. არ გააჩინოს სასამართლოს გაჯანსაღების, მეტი დემოკრატიული პროცესის წარმართვისა და ინდივიდუალური მოსამართლის კიდევ უფრო გაძლიერების საჭიროების განცდა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ სასამართლოში მიმდინარე ჯანსაღი, თუ არაჯანსაღი პროცესის ინდიკატორი ჩვენი, მოსამართლეების გადაწყვეტილებებია. ჩვენი გადაწყვეტილებებით ჩვენ თავად ვწყვეტთ სხვასთან ერთად ჩვენივე ბედს და ვაჩვენებთ, თითოეული მოსამართლის მხრიდან თავისუფალი სუნთქვის მასშტაბს. და ეს უფრო ხმამაღლა მეტყველებს ყველა მოვლენაზე, ვიდრე კონფერენციასა, თუ სემინარებში გამოთქმული რაიმე მოსაზრება.
ამიტომ, ამ ცვლილებებით ვერ მიიღწევა ის მიზანი, რაც შეიძლება ამ კანონპროექტს ჰქონდეს. სამაგიეროდ, მივიღებთ უამრავ შეზღუდვას, დაწესებულს თავისუფალი მოსამართლეებისთვის, ჩემი უამრავი საუკეთესო კოლეგისთვის", - წერს ქეთევან მესხიშვილი და განმარტავს, რომ საკუთარი საქმის განხილვისას ყველას სჭირდება თავისუფალი და მამაცი მოსამართლე და არა დაშინებული.
"ამიტომ, ნუ შეიტანთ კანონში ისეთ ცვლილებებს, რომელიც ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის ესოდენ საფრთხის შემცველია. არ გამოადგება ეს ხალხს, ქვეყანას და არც თქვენ, ამ კანონპროექტის ინიციატორებს გრძელვადიან პერსპექტივაში", - მოუწოდებს ის კანონმდებლებს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ავტორებიც არიან „ქართული ოცნების“ წევრები არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტმა 27 ივნისამდე, ანუ 2-3 დღეში უნდა მიიღოს.
საკანონმდებლო ინიციატივა რამდენიმე საკითხს შეეხება და ჯამში ცვლის მოსამართლეთა დანიშვნის წესს და ზრდის მათ ხელფასებს, ცვლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს, ზღუდავს სასამართლო სხდომების გაშუქებას, აფართოებს დაინტერესებული პირის ცნებას და სხვა.
მოსალოდნელი ცვლილებების ნაწილია მოსამართლეების აკადემიური და პედაგოგიური საქმიანობის შეზღუდვაც. არსებული ვარიანტის დამტკიცების შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილი იქნება, დაგეგმოს და განახორციელოს სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობა, ან მიიღოს აღნიშნული მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაიცემა საამისო თანხმობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მხრიდან.
ამასთანავე:
- მოსამართლე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ახორციელებს ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას, უფლებამოსილია აღნიშნული საქმიანობა სათანადო თანხმობის გარეშე განახორციელოს 2025 წლის 1 სექტემბრამდე;
- მოსამართლე, რომელსაც უკავია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობა, უფლებამოსილია შესაბამისი საქმიანობა სათანადო თანხმობის გარეშე განახორციელოს იმ ვადით, რომლითაც მას უკავია აღნიშნული აკადემიური თანამდებობა;
- მოსამართლე უფლებამოსილია სათანადო თანხმობის გარეშე მიიღოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და ნებადართული სარგებელი 2025 წლის 1 სექტემბრამდე.
ფორუმი