მას, „ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული კანონის პირობებში, ტროტუარზე შარფის ტარების გამო 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება.
„ოქმს შეადგენენ განყოფილებაში და სასამართლოში გადაიყვანენ დღესვე“, - გვითხრა ნიკა სიმონიშვილმა.
რადიო თავისუფლება ცდილობს ფაქტი შსს-შიც გადაამოწმოს.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნინო სვანიძემაც დაწერა, რომ მას სახლთან პოლიცია დახვდა და ის განყოფილებაში გადაიყვანეს,
''უკან დაგაბრუნებთო, იცოდეთ", - წერს ის ფეისბუკზე.
მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს "დროაც" და წერს, რომ ნინოს დაკავებაც, სავარაუდოდ, "რუსთაველის გადაკეტვას უკავშირდება".
"მამაჩემს სადარბაზოსთან დახვდა 3 სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული თანამშრომელი, შემდეგ მოვიდა 2 პატრულის მანქანა... გააცნეს, რომ 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვის გამო მიჰყავთ", - წერს სოციალურ ქსელში კიდევ ერთი მოქალაქე გიორგი მარგიანი.
ახალი კანონით, პოლიციას შეუძლია, აქტივისტები დაჯარიმების ნაცვლად პირდაპირ ადმინისტრაციული წესით დააპატიმროს.
„ქართულმა ოცნებამ“ ორ დღეში მიიღო კანონპროექტი, რომლითაც გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო იზღუდება. აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა ახლა უკვე სისხლის სამართლის წესითაც გახდა დასჯადი და ერთ ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:
მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.
ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული:
- აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
- ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
- გზის გადაკეტვისთვის.
„ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით [დაისჯება]“, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 13 ოქტომბერს, როცა კანონპროექტზე საუბრობდა.
დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი - შეზღუდა ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება, სახის დაფარვა. გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის და დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. ამის მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდება.
ფორუმი