გამოძიების თანახმად, შემთხვევა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მოხდა. ბრალდებულმა დაზიანება პატრულ-ინსპექტორს, პოლიციის კაპიტანს, 1993 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს მიაყენა.
მანამდე გიგუაშვილი რამდენჯერმე არ დაემორჩილა პოლიციელების მითითებებს. ის რამდენჯერმე გავიდა ფეისბუკზე პირდაპირ ეთერში.
პირდაპირ ეთერში მოხვდა, სავარაუდოდ, პოლიციელის დაჭრის ეპიზოდიც.
დაშავებული სამართალდამცველი კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული, ცხელ კვალზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიგუაშვილის ფეისბუკის თანახმადვე, ის 3 ოქტომბერს მივიდა თბილისში „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქციაზე, სადაც აქციის მონაწილეებთან კონტაქტში შევიდა და სიტყვიერად დაუპირისპირდა:
„ბოლოს ვუთხარი, ვისაც საქართველოსთვის ცუდი უნდა, ყველას დედას შე*ეცი-მეთქი“, - წერს ის. ინციდენტს ადასტურებენ დემონსტრანტებიც.
მისი ფეისბუკის თანახმადვე, დემონსტრანტებმა საქმესი პოლიცია ჩართეს, პოლიციამ ის გაჩხრიკა.
„დამიწყეს გამოკითხვა. საბუთებიც ვაჩვენე. თან დავაყოლე, „ქართულ ოცნებას“ ვემხრობი-მეთქი. მერე მითხრეს საფრთხეს წარმოადგენ და წადი, ქვედა ქუჩიდან გადიო“, - წერს ის.
წინა ერთ-ერთ პოსტში ის აგინებს დაპატიმრებულ ჟურნალისტს, „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს.
ერთგან აქვეყნებს შსს-ის ჯარიმას და წერს: „გმადლობთ. თქვენს და სხვადასხვა სტრუქტურების გასაკეთებელს მე ვაკეთებ, ბიჭო“.
ფორუმი