იუწყებიან, რომ ორბელიანის, თაბუკაშვილის ქუჩებსა და რუსთაველის გამზირზე დაზიანებულია ტროტუარები, ქვაფენილი, გარე განათების ბოძის სანათები და სადენები; ორბელიანის ქუჩაზე ჩაწყვეტილია და ჩატეხილია დეკორატიული განათებები; თაბუკაშვილის ქუჩაზე კი დამწვარია ნაგავშემკრები კონტეინერები. ასევე, მერიის ინფორმაციით, “დაზიანებულია გარე ავეჯი, რომელიც კერძო კომპანიებს, კაფეების მფლობელებს ნაქირავებ ტერიტორიაზე ჰქონდათ განთავსებული”.
გავრცელებული ცნობები შეეხება უშუალოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც.
“დამტვრეულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოს ღობე, ხოლო მოპირდაპირე მხარეს განთავსებული ბოძკინტები დაზიანებული, დაღუნულია ბოლარდები, რომლებიც საფეხმავლო ზონას ავტომანქანების ზონისგან იცავენ. სხვადასხვა ინფრასტრუქტურა - საქანელები, მცენარეები, ქოთნები, გამწვანებული თარგები და დეკორატიული ელემენტები, რომლებიც რეაბილიტირებულ ქუჩაზე და კაფეების მიმდებარედ იყო, დიდწილად დაზიანებულია. აქედან ნაწილი აღდგენას ექვემდებარება, ნაწილი კი სრულად განადგურდა”, - მერიის ინფორმაციით, ასევე დამტვრეულია საგზაო ნიშნები, შლაგბაუმი, მაჩვენებლის დაფა, დეკორატიული სცენა და “რამდენიმე დეკორატიული ელემენტი” დაუზიანდა “კონკას”.
მერია იუწყება, რომ „თბილსერვის ჯგუფმა“ ტერიტორიაზე მუშაობა მალევე დაიწყო, რათა “ყველაფერი აღდგეს და პირვანდელი სახე დაიბრუნოს”.
4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, მოძრაობამ "რუსთაველის" გამზირი დაგეგმა "სახალხო კრება", რომლის მიზანსაც, ორგანიზატორების განმარტებით - "მშვიდობიანი რევოლუცია", "მშვიდობიანი დამხობა" წარმოადგენდა. ეს ღონისძიება ხალხმრავალი იყო.
მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლის, მურთაზ ზოდელავას გამოსვლის შემდეგ, ნაწილმა, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლა და რამდენიმე ადამიანმა ეზოს ჯებირიც გაარღვია.
- შს სამინისტრომ 4 ოქტომბერს დააკავა აქციის ორგანიზატორები - მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები: ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
ფორუმი