Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ამბობს, რომ "ოცნებას" არჩევნებში 70%-ზე მაღალი შედეგი აქვს, ანტისამთავრობო აქცია კი სუსტად გამოიყურება


4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად თბილისში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია იმართება.
4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად თბილისში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია იმართება.

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართა ბრიფინგი, რომელზეც, ერთი მხრივ, თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტიის შედეგებზე ისაუბრა, მეორე მხრივ კი, თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქცია შეაფასა. კობახიძის მტკიცებით, მათი საარჩევნო შტაბების მონაცემებით, "ქართული ოცნება" არჩევნებში ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში, 70%-ზე მაღალ შედეგს აჩვენებს.

"ხალხის ესოდენ მაღალ ნდობას ძალიან ვაფასებთ და კიდევ ერთხელ ვიძლევით პირობას, რომ ამ ნდობის გასამართლებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ“, - თქვა კობახიძემ.

რაც შეეხება საპროტესტო აქციას, კობახიძე მას "ჩვეულებრივ პარტიულ აქციად" მიიჩნევს და ამბობს, რომ "ძალიან სუსტად გამოიყურება რადიკალური ოპოზიციის ეს შეკრება".

ჟურნალისტის კითხვაზე, აქციაზე თუ ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანია გამოსული, რა საჭირო იყო სამართალდამცველების დიდი რაოდენობის მობილიზება, კობახიძემ აღნიშნა, რომ საპოლიციო ძალები მობილიზებულია სტანდარტული პროტოკოლის მიხედვით.

„საპოლიციო ძალები და ზოგადად სამართალდამცავი ორგანოები მობილიზებულია სტანდარტული პროტოკოლების მიხედვით. თქვენ გახსოვთ, რომ შარშან, შარშანწინ არაერთი მცდელობა ჰქონდათ, ოთხი მცდელობა ჰქონდათ გასული ოთხი წლის განმავლობაში, განეხორციელებინათ რევოლუცია და ჯამში, მაშინ ძალადობდა ერთბაშად 500-დან 1000 კაცამდე, თუმცა ამას დასჭირდა შესაბამისი ძალოვანი რესურსი, რომ მოგერიებულიყო შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტებზე. აქაც სტანდარტული პროტოკოლებით არის მობილიზებული სამართალდამცავი უწყებები და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც ამას ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა.

პროპორციული ძალა დაუპირისპირდება ნებისმიერი ძალადობის მცდელობას, თუ ასეთი მცდელობა განხორციელდება. დარბევა არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა. თუ რამეს შეიძლება დარბევა ეწოდოს, ეს იყო ის ძალადობა, რომელსაც მიმართავდნენ მიტინგის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართ. რაც შეეხება პოლიციას მთლიანად, სამართალდამცავ უწყებებს, მათ დაშალეს შეკრება, როდესაც ეს იყო საჭირო სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და ამ შემთხვევაშიც, თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, მიიღებს შესაბამის პასუხს - პროპორციულ, მაგრამ მკაცრ პასუხს“, - თქვა კობახიძემ.

თბილისში თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად შეკრებილი მოქალაქეები ამ არჩევნებს უნდობლობას უცხადებენ, მასში არ მონაწილეობენ და კვლავ ითხოვენ პოლიტპატიმრად მიჩნეული 60-მდე ადამიანის გათავისუფლებას და ახალ საპარლამენტო არჩევნებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG