Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე თბილისის მერია ხაზებზე 18-მეტრიან ავტობუსებს გაუშვებს


კახა კალაძე მართავს 18-მეტრიან ავტობუსს.
კახა კალაძე მართავს 18-მეტრიან ავტობუსს.

თბილისის მერის არჩევამდე ერთი კვირით ადრე დედაქალაქის მერია ხაზებზე გაუშვებს რამდენიმე თვის წინ შეძენილ 18-მეტრიან ავტობუსებს, რომლებიც ბოლო 6 თვის განმავლობაში უძრავად იდგა. სიახლის შესახებ მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თვითმმართველობის არჩევნები შაბათს, 4 ოქტომბერს იმართება, ახალი ავტობუსები ხაზებზე კი ზუსტად ერთი კვირით ადრე, 27 სექტემბერს გადანაწილდება.

„ძალიან მიხარია დღევანდელი დღე, გილოცავთ ყველას! როგორც გითხარით, 27 სექტემბრიდან, აი, ეს ულამაზესი, ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას“, - თქვა კახა კალაძემ.

პრეზენტაციის დაწყებამდე ის თავად მართავდა ერთ-ერთ 18-მეტრიან ავტობუსს და მის მახასიათებლებზე საუბრობდა: „მუხრუჭები, მანევრირება - ძალიან მაგარია“.

კონკრეტულად, რომელ ხაზებზე გადანაწილდება ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები, ჯერ უცნობია. ავტობუსების ნაწილი ბოლო რამდენიმე თვეა, მოძრაობს შემდეგ მარშრუტებზე:

  • N301 (წმინდა ბარბარეს უბანი - პოლიტკოვსკაიას ქუჩა);
  • N302 (დიდი დიღომი - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი);
  • N308 (გლდანი - კოლმეურნეობის მოედანი);
  • N310 (ვარკეთილი - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი);
  • N314 (დიდი დიღომი - კოლმეურნეობის მოედანი).

რადიო თავისუფლება 2025 წლის მარტში წერდა, რომ დედაქალაქის მერიის მიერ ნაყიდი 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცა, თუმცა მათ დიდ ნაწილს ხაზებზე ვერ ანაწილებდნენ, რადგან არ იყო დასრულებული ავტობაზის მშენებლობა.

ავტობაზის აშენება 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ გადაიწია.

თბილისის მერიამ 160 ერთეული ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გააფორმა. ერთი ავტობუსის ყიდვა 1 618 759 ლარი დაჯდა, ჯამში კი - 259 მილიონი ლარი.

ავტობუსებს აქვს 43 დასაჯდომი ადგილი და იტევს 162 მგზავრს. მაქსიმალური სიჩქარე 80კმ/სთ-ია. აქვს wifi 100 მგზავრის წვდომის შესაძლებლობით, usb-დამტენები, გამოცხადების სისტემა, საინფორმაციო დაფა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG