Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლაც მეგობარია, თანაგუნდელი იყო, მეგობარი იყო - კალაძის თქმით, არ ახსოვს როდის ესაუბრა ბოლოს ღარიბაშვილს


თბილისის მერი კახა კალაძე და ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. 2024 წლის 23 ოქტომბერი
თბილისის მერი კახა კალაძე და ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. 2024 წლის 23 ოქტომბერი

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვს ყოფილი თანაგუნდელის, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის „შესაძლო დაკავებასთან“ დაკავშირებით.

16 სექტემბერს, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებმა კახა კალაძეს ჰკითხეს, აქვს თუ არა „რაიმე ინფორმაცია [ირაკლი] ღარიბაშვილის შესაძლო დაკავებაზე“.

„არანაირი ინფორმაცია არა მაქვს“, - უპასუხა თბილისის მერმა.

დამაზუსტებელ კითხვებზე, „ისე, რაიმე ურთიერთობა თუ გაქვთ“, „როდის გქონდათ კომუნიკაცია ბოლოს“, კალაძემ უპასუხა:

„რავი, ბოლოს აღარ მახსოვს... არ ვიცი... რავი, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა“.

კიდევ ერთ კითხვაზე, - „მეგობრობთ?.. თქვენ ხომ მეგობრობდით“? - კალაძემ უპასუხა:

„კი, ვმეგობრობ. ახლაც მეგობარია. ჩემი თანაგუნდელი იყო, მეგობარი იყო და რა არის ამაში პრობლემა“.

შემდეგ მან გაიმეორა, რომ „არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, რამდენი ხნის წინ ჰქონდა ღარიბაშვილთან კომუნიკაცია.

სამართლებრივი საკითხია

დღესვე, 16 სექტემბერს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან დავითულიანმა განუცხადა:

„სამართლებრივი საკითხია, მაგრამ არ მგონია ირაკლი მსგავს რამეში იყოს გარეული“.

შემდეგ ჟურნალისტის კითხვაზე, - ღარიბაშვილის დაკავებაზე ბიძინა ივანიშვილს თუ ჰქონდა გუნდის წევრებთან კონსულტაცია, - დავითულიანმა თქვა, რომ „სამართლებრივ საკითხებზე, რაზედაც კანონს უწევს რეაგირება, ამაზე რაღაც პოლიტიკური კონსულტაციები გამართული“ არ უნახავს.

„სამართლებრივი საკითხი თუა, პოლიტიკური კონსულტაცია რაში სჭირდება?!“ - თქვა მან „ტვ პირველთან“ საუბარში.

რატომ საუბრობენ ღარიბაშვილის „შესაძლო დაკავებაზე“?

ორგზის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაკავების შესახებ ინფორმაცია მისი პოლიტიკიდან ჩამოშორების შემდეგ ხშირად ვრცელდება მედიაში დაუდასტურებელ ან დაუსახელებ წყაროებზე დაყრდნობით.

ბოლოს მისი შესაძლო დაკავების შესახებ ინფორმაცია 15 სექტემბერს გაავრცელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.

„სავარაუდოდ, მომდევნო რამდენიმე დღეში დააკავებენ ასევე „ჰაკიმ ფაშა“ ირაკლი ღარიბაშვილს“, - განაცხადა ბოკუჩავამ 15 სექტემბერს.

მანამდე „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების შესაძლო დაკავებაზე საუბრობდა ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. ის 11 სექტემბერს დააპატიმრეს.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, 15 სექტემბერს ჟურნალისტების კითხვაზე, „შესაძლოა თუ არა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ მორიგი სამიზნე ირაკლი ღარიბაშვილი გახდეს“, განაცხადა:

„ეს არის ჩემთვის სპეკულაციური კითხვა, ამიტომ არ ვთვლი თავს ვალდებულად ამ კითხვას პასუხი გავცე. სპეკულაციურ კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ“.

რა კავშირშია ეს საკითხი ბურჭულაძის დაკავებასთან?

ჯუანშერ ბურჭულაძე, - თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრად მიიჩნევა, - 2021 წლიდან მსახურობდა ამ პოსტზე.

ის ამ პოსტზე პრემიერად ახლად დასახელებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა.

მანამდე ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე იყო მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი 2019 წელს პოლიტიკაში დაბრუნდა და თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

  • ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს სუს-ში გამოკითხვაზე სადავო ტენდერთან დაკავშირებით ჰკითხეს, შეუთანხმა თუ არა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს - რომელიც ღარიბაშვილი იყო.
  • „აღნიშნული აღნიშნული შესყიდვების დეტალებში არათუ იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს, მისი ნაკლებად სტრატეგიულობიდან გამომდინარე, მეც არ ჩავძიებივარ“, - ტელევიზიის ცნობით, ასე უპასუხა ამ კითხვას ბურჭულაძემ.

რატომ დააკავეს ჯუანშერ ბურჭულაძე?

ჯუანშერ ბურჭულაძე, ლევან ხაბეიშვილის მსგავსად, 11 სექტემბერს დააპატიმრეს.

სუს-მა ხაბეიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებისა და ბრალდების დეტალებზე ინფორმაცია ერთსა და იმავე ბრიფინგზე გაავრცელა.

ბურჭულაძეს ბრალად ედება „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“ და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.

მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ირაკლი ღარიბაშვილი და ჯუანშერ ბურჭულაძე.
ირაკლი ღარიბაშვილი და ჯუანშერ ბურჭულაძე.

2025 წლის ივლისში ამავე უწყებამ დააკავა ბურჭულაძის გარემოცვის წევრები:

  • ექსმინისტრის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე
  • ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა
  • თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური.
  • ყველა მათგანი დაკავებულია და პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ბრალდების თანახმად, ამ ოთხმა ადამიანმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში „მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო“ და ბიუჯეტს მიაყენეს „1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი“.

კიდევ რას ამბობენ „ოცნებაში“?

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე დაკავებულ ლევან ხაბეიშვილს ადანაშაულებს „შავი ფულის მიღებაში“ „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნებისგან. თუმცა ის კვლავ არ ასახელებს გვარებს.

11 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კობახიძეს ჰკითხეს, არსებობს თუ არა ამ ორ საქმეს/დაკავებულს შორის კავშირი, რაზეც მან განაცხადა, რომ არ იცის, „ასეთი პირდაპირი კავშირი“ იყო თუ არა, უფლებამოსილი არ არის ამ საკითხზე ისაუბროს არის და „უწყებებმა შეიძლება ასეთი რამ თქვან“.

ირაკლი კობახიძის ბრალდების თანახმად, ხაბეიშვილი „იღებდა შავ ფულს კონკრეტული წყაროდან და ბოლო პერიოდის განმავლობაშიც აგრძელებდა ამ თანხის მიღებას“.

„ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები იყვნენ, ვისგანაც იღებდა თანხას. დანარჩენზე აქაც შეიძლება მხოლოდ შესაბამისმა უწყებებმა ისაუბრონ“, - განაცხადა კობახიძემ 11 სექტემბერს.

15 სექტემბერს კი თქვა, რომ ბურჭულაძე არ ყოფილა ის, ვინც ხაბეიშვილს „დავალებებს აძლევდა“, ხოლო კითხვაზე, იყო თუ არა ეს ირაკლი ღარიბაშვილი, თქვა:

„არცერთ გვარს, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი. როდესაც ასე ხდება, მერე შეიძლება სხვა გვარები მოიკითხოთ და ა.შ. არცერთ გვარს არცერთი ფორმით არ დავასახელებ“.

15 სექტემბერსვე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ „ჯუანშერ ბურჭულაძე და „ანიტა“ ერთმანეთთან არ არიან კავშირში“.

კობახიძე ბოლო რამდენიმე კვირაა, საჯარო განცხადებებში ხაბეიშვილს „ანიტას“ უწოდებს. „მე არასდროს მიფიქრია, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფისთვის ამ სახელის ხსენება. სახელფასო უწყისში იყო ეს სახელი“, - განმარტა მანამდე, 11 სექტემბერს, კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი - მოკლედ

43 წლის ირაკლი ღარიბაშვილი ამჟამად პოლიტიკაში აღარ არის.

ორგზის ექსპრემიერ-მინისტრმა 2024 წლის 25 აპრილს გამოაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.

მან დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტიც - ეს პოზიცია ირაკლი კობახიძემ დაიკავა.

„ჩემი ამჟამინდელი მთავარი მოტივაცია არის ის, რომ გავიდე პოლიტიკიდან და მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს”, - განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა, 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი.

2013 წელს ის გახდა იმ დროისათვის სახელმწიფოს ყველაზე ახალგაზრდა მეთაური, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტიდან პირველად 2015 წლის ბოლოს გადადგა, - კორუფციული სკანდალების ფონზე. სკანდალები უკავშირდებოდა ოჯახის წევრებს და კორუფციის ნიშნებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებითაც.

მეორედ იგივე ნაბიჯი გადადგა 2024 წლის ივანიშვილის „მესამედ მოსვლის“ შემდეგ, - ივანიშვილის მიერ „კორუფციის რისკის ზრდაზე“ საუბრიდან ერთ თვეში, - მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი დებდა პირობას, რომ პრემიერი არ შეიცვლებოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG