გამოცემა „რბკ“ ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კოზაკმა თანამდებობიდან წასვლის განცხადება გასული კვირის ბოლოს დაწერა. გამოცემის მიერ 17 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, დმიტრი კოზაკი განიხილავს ბიზნესის სფეროში საქმიანობის სხვადასხვა ვარიანტს.
პუტინის ადმინისტრაციიდან კოზაკის წასვლის შესახებ წერს გამოცემა „ფორბსიც“. მისი წყაროს ინფორმაციით, დმიტრი კოზაკი ამას ჯერ კიდევ 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აპირებდა.
დმიტრი კოზაკი პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციაში 2000 წლიდან მუშაობდა და მისი ერთ-ერთი ყველაზე ახლო თანამოაზრე იყო. 2004 წელს კოზაკი სამუშაოდ გადავიდა რუსეთის მთავრობაში, შემდეგ იყო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სამხრეთის ფედერალურ ოლქში, რეგიონული განვითარების მინისტრი და ვიცე პრემიერი.
2020 წელს კოზაკი პუტინის ადმინისტრაციაში დაბრუნდა უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
2025 წლის აგვისტოში გამოცემა The New York Times-მა კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ დმიტრი კოზაკმა ვლადიმირ პუტინს შესთავაზა უკრაინაში ომის შეჩერება და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. გამოცემის წყაროთა თანახმად, კოზაკმა პუტინს წარუდგინა წინადადებები საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ და მოუწოდა რუსეთში შიდა რეფორმებისკენაც, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებზე კონტროლის გაძლიერებისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნისკენ.
დმიტრი კოზაკი იმ რუს მაღალჩინოსნებს შორისაა, რომლებიც ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების სანქციების ქვეშ არიან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების გამო.
ფორუმი