Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძის შტაბთან დაპირისპირებაში "იმედის" ჟურნალისტიც მონაწილეობდა - ვინ სცემდა მოქალაქეებს


"იმედში" გადასვლამდე, ჟურნალისტი ლეო სიხარულიძე [შავი მაისურით] "ევრონიუსში" მუშაობდა. ის კულტურის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის ყოფილი მოადგილის, კარლო (კახა) სიხარულიძის ვაჟია. მასთან ერთად კადრში ჩანს ალექსანდრე მუკათარიძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი.
"იმედში" გადასვლამდე, ჟურნალისტი ლეო სიხარულიძე [შავი მაისურით] "ევრონიუსში" მუშაობდა. ის კულტურის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის ყოფილი მოადგილის, კარლო (კახა) სიხარულიძის ვაჟია. მასთან ერთად კადრში ჩანს ალექსანდრე მუკათარიძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი.

მოკლედ

  • 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, ხელისუფლების მომხრეების მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტს შსს ჯგუფური ძალადობის მუხლით იძიებს, თუმცა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ არ გამოუკვეთია.
  • ჩხუბში მონაწილეების იდენტიფიცირებას, ღია წყაროების მიხედვით, თვითმხილველები და ჟურნალისტები დამოუკიდებლად ცდილობენ.
  • ხელისუფლება მომხდარს "პროვოკაციად" მიიჩნევს.
  • დაპირისპირების კადრებში ჩანს, რომ ხელისუფლების მომხრეები ფიზიკურად უპირისპირდებიან არა მხოლოდ დემონსტრანტებს, პოლიციელებსაც. პოლიციელები მათზე ძალადობას უარყოფენ.

დაპირისპირებაში მონაწილეთა იდენტიფიცირებით იხატება სურათი, რომ "ქართული ოცნების" იმ მხარდამჭერებს შორის, რომლებიც დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ, აქტიურობდნენ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტებს უპირისპირდებოდნენ პოლიციელებიც, ჩხუბში მონაწილეობდა "იმედის" ჟურნალისტიც.

სია, რომელსაც გთავაზობთ, არასრულია. დემონსტრანტებთან დაპირისპირებაში ხელისუფლების, სულ ცოტა, 50-მდე მხარდამჭერი მაინც იყო ჩართული.


ლეო სიხარულიძე

ის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან და თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატ ალექსანდრე მუკათარიძესთან ერთად ჩნდება შემთხვევის ადგილას გადაღებულ კადრებში, "იმედის" ჟურნალისტია. "იმედამდე" ის "ევრონიუსში" მუშაობდა.

ლეო სიხარულიძე კულტურის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის ყოფილი მოადგილის, კარლო (კახა) სიხარულიძის ვაჟია.

2018 წელს ის „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგე დემონსტრანტებთან ერთად მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო აქციებში.

ლევან სიხარულიძე [თეთრი, შავკუბებიანი პერანგით] ანტისაოკუპაციო აქტივისტებთან ერთად
ლევან სიხარულიძე [თეთრი, შავკუბებიანი პერანგით] ანტისაოკუპაციო აქტივისტებთან ერთად

ალექსანდრე მუკათარიძე

"ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი 8 სექტემბერს არაერთ კადრში ჩნდება - მას ლურჯი ფერის მაისური აცვია, გულზე 41 ნომრით.

ამ კადრში ალექსანდრე მუკათარიძე "ოცნების" ლურჯი მაისურით ორ სხვა პირთან ერთად უსწორდება დემონსტრანტს.
ამ კადრში ალექსანდრე მუკათარიძე "ოცნების" ლურჯი მაისურით ორ სხვა პირთან ერთად უსწორდება დემონსტრანტს.

მუკათარიძე კალაძის შტაბის წინ კიბეებთან დგას იმ დროსაც, როცა "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მხრიდან ნასროლი, სავარაუდოდ, გაყინული წყლის ბოთლი პოლიციისა და დემონსტრანტების მხარეს ვარდება.

ლორენა ბერია, რომელსაც ეს წყლის ბოთლი თვალთან მოხვდა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მედიაში არასწორად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს გაურკვეველი საგანი პოლიციას მოხვდა.

მუკათარიძე მკაფიოდ ჩანს კიდევ ერთ კადრში, სადაც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მხარდამჭერი რკინის ჯოხს ურტყამს დემონსტრანტებს.

სხვა კადრებში ის პოლიციელს, რომელიც ეუბნება, რომ ამ ჯოხით სიარული ქუჩაში არ შეიძლება, პასუხობს, რომ ისიც "მათიანია" და ცდილობს ჯოხი არ მისცეს, თუმცა საბოლოდ აძლევს.

თვითმხილველთა მონათხრობით, ამგვარი რკინის ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდა კაცები კალაძის შტაბთან ავტომობილებში ჩასაფრებული ელოდნენ საზმაუდან მომავალი საპროტესტო მარშის მისვლას სასტუმრო "საქართველოსთან". დაპირისპირების დასაწყისში, მათი სიტყვებით, ადგილზე პოლიცია თითქმის არ იყო.

2024 წელს ალექსანდრე მუკათარიძე საპარლამენტო არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი 170-კაციანი სიის 122-ე ნომერი იყო. ის აღმოჩნდა საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების პროპორციულ სიაშიც, რომელიც კალაძემ 1 სექტემბერს დაასახელა და 20 კაცს აერთიანებს.

მუკათარიძე, როგორც "ქართული ოცნების" წევრების საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებზე მოძალადე, გასულ წელსაც მოქცეულა მედიის ყურადღების ცენტრში.

2024 წლის 18 მაისს ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც თსუ-ს მეორე კორპუსთან ირაკლი კობახიძეს გაბრაზებული სტუდენტებისგან იცავდა.

მუკათარიძე სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციასაც ხელმძღვანელობს. ამ ორგანიზაციამ 2025 წლის 15 აპრილს საქართველოს მთავრობიდან 705 372 ლარი მიიღო "სტუდფესტი 2025-ის" ჩასატარებლად.

სტუდენტური ფესტივალი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გრძელდება, უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას გულისხმობს. „სტუდფესტში“ მონაწილეობა შეუძლიათ როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს.
სტუდენტური ფესტივალი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გრძელდება, უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას გულისხმობს. „სტუდფესტში“ მონაწილეობა შეუძლიათ როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს.

ლევან ზარდიაშვილი

ახალგაზრდა კაცი, რომელმაც სხვებთან ერთად ონლაინგამოცემა "პუბლიკის" ჟურნალისტ ქეთო მიქაძეზეც იძალადა, 8 მარტს გადაღებულ კადრებში არაერთხელ ჩნდება. ზარდიაშვილიც "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია. დემონსტრანტების მიერ მისი იდენტიფიცირების შემდეგ, ზარდიაშვილმა ფეისბუკზე პროფილიდან ყველა პოსტი და ყველა აქტივობა დამალა.

ბექა მიგრიაული

ესაა ახალგაზრდა კაცი წვერით და შავი მაისურით, რომელიც კალაძის შტაბის წინ ელოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გამართული აქციიდან მისული მარშის მონაწილეებს. როცა მარში უახლოვდება სასტუმრო "საქართველოს", ის ტელეფონში იყურება, მალევე ერთვება დაპირისპირებაში.

ბექა მიგრიაული იყო ის, ვინც, გავრცელებული კადრების მიხედვით, წყალს ასხამს OC MEDIA-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძეს.

35 წლის მიგრიაული არის "საბრძოლო კლუბისა" და შპს "არმიის" დირექტორი.

ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საზმაუდან მომავალ მარშს კალაძის ოფისის წინ სმარტფონით ხელში ელოდა - "ოცნების" მხარდამჭერის, ხატია სიჭინავას მიერ ინსტაგრამზე გავრცელებულ კადრებში, რომლებიც სასტუმრო "საქართველოს" კიბიდან არის გადაღებული, ჩანს, რომ მიგრიაული ტელეფონს იღებს და მისგან რამდენიმე ნაბიჯში იწყება დაპირისპირებაც, რომელშიც აქტიურად მონაწილეობს.

კიდევ სხვა კადრებში ის ხელზე რაღაცას იმაგრებს და ისე უსწორდება დემონსტრანტებს ფიზიკურად.

ზაზა მამალაძე

კაცი ჭაღარა თმით, რომელიც ჯერ ქალს ურტყამს სახეში, შემდეგ კი რკინის ჯებირს მოუქნევს დემონსტრანტებს, "ტვ პირველის" ცნობით, პარლამენტარ ნოდარ ტურძელაძის მძღოლი ზაზა მამალაძეა.

სხვა კადრში ზაზა მამალაძე უხამსი ჟესტით მიუთითებს დემონსტრანტებს საკუთარ გენიტალიაზე.

"თქვენი მხარდამჭერები როდესაც მოვიდნენ და დაიწყეს შესაბამისი სიმღერა, მიიღეს შესაბამისი პასუხი. შტაბიდან გამოსულმა ადამიანებმა გამოხატეს რეაქცია გინებაზე, შეურაცხყოფაზე და იმ საზიზღრობებზე.

როგორ შეიძლება ახლა ქალის ცემა მომეწონოს ან კაცის ცემა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან კარგად იცის, ვინ უნდა დააკავოს. შესაბამის რეაგირებას მოახდენს შსს", - ასე უპასუხა თავად ნოდარ ტურძელაძემ მედიის კითხვას ინციდენტში თავისი მძღოლის მონაწილეობის შესახებ.


ხუტა პაჭკორია

მოძალადეებს შორის აღმოჩნდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის მოადგილე ხუტა პაჭკორია. ის ხელს უშლიდა ონლაინგამოცემა "ნეტგაზეთის" ჟურნალისტს მუშაობაში - შემთხვევის ადგილას გადაღებულ კადრებში ისმის პაჭკორიას მხრიდან ჟურნალისტის მიმართ გინებაც, რომელიც რამდენჯერმე მეორდება.

ათუკა წიკლაური

ახალგაზრდა კაცი, რომელიც კალაძის შტაბის კიბეებიდან დემონსტრანტებს აგინებდა და აფურთხებდა, ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხულზე პროევროპული აქციების მონაწილე იყო.

ათუკა წიკლაური ხელებაწეული ჩანს კალაძის ბანერის ფონზე.
ათუკა წიკლაური ხელებაწეული ჩანს კალაძის ბანერის ფონზე.

9 სექტემბერს მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც წერს, რომ აქციებში მეგობრების სოლიდარობის ნიშნად იდგა, თუმცა მხოლოდ სამი დღით.

"ბოლოს აქციების სახე შეიცვალა გახდა უფრო აგრესიული და თუ შენ ეს აგრესია არ მოგწონდა შემოგზავნილი იყავი + ორგანიზატორების ცუდი ჩანაფიქრები + შუა აქციაზე ნარკოტიკის მოხმარება და

ბოლოს იმ 1500₾ ზე გაყიდული ახალგაზრდების სიბოროტით სავსე სული ახლა ძალიან მიტყდება იმ კატეგორიის ნაძირალა ადამიანების გვერდით რომ ვიდექი ეს არის მიზეზი თუ რატომ გავემიჯნე მათ.

სულ სამად სამი დღე ვიდექი აქციქზე და ვმღეროდი რომ კრეატიულობა შემექმნა და ლაღი სიტუაცია მაგრამ არ გამოდის ამათთან არც საუბარი არც სიმღერა ამათ მხოლოდ გინება გინება და გინება უნდა მოასმენინო.

ღმერთს მადლობა რომ მიმახვედრა ეს ყველაფერი და გავემიჯნე ამ უზრდელ გაბოროტებულ ნარკომან გაუზრდელ ღორებს.

კაცები მანდ არ დგანან მანდ დგანან ჩმორები და ფულზე გაყიდული არაკაცები რომლებიც დედამისს და მამამისს ხელს ურტყავენ, ჭრიან და მერე გმირებად რაცხავენ!" - წერს ათუკა წიკლაური ფეისბუკზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კალაძის შტაბთან დაპირისპირების გამო ორი სხვადასხვა გამოძიება დაიწყო.

  • 8 სექტემბერსვე საქმე აღიძრა ჯგუფური ძალადობის ფაქტზე.
  • 9 სექტემბერს დაიწყო კიდევ ერთი გამოძიება, ამჯერად წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობის ან ძალადობის მუქარის ფაქტზე.


კალაძის შტაბი გახსნის დღესვე მოინიშნა, როგორც ხელისუფლების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების ახალი კერა. ამ დღეს საზეიმო ღონისძიებამ, რომელმაც სულ რამდენიმე წუთს გასტანა, ხალხის მიერ მოწყობილი "სირცხვილის კორიდორის" და პოლიციის ცოცხალი ჯაჭვების ფონზე ჩაიარა.

8 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირებისას, რომლის დასაწყისშიც პოლიცია თითქმის არ იყო შემთხვევის ადგილას, დაშავდა ათამდე მოქალაქე, მათ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებზე თავდასხმის, სულ ცოტა, ოთხ შემთხვევას.


ფორუმი

XS
SM
MD
LG