თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი, რომლის საარჩევნო შტაბიც მელიქიშვილის გამზირზე ხელისუფლების მხარდამჭერებისა და ანტისამთავრობო უწყვეტი პროტესტის მონაწილეების ახალ კერად იქცა და სადაც 8 ნოემბერს ქალებს, მათ შორის ჟურნალისტებსაც, სცემეს, ამბობს რომ დემონსტრანტებს შორის ქალები არ ყოფილან.
"არცერთი არაა ქალი, ქალი არაა აქ არცერთი, რაღაც სხვა ჯიშია, ქალი არ არის აქ, სად არის ქალი? აბა, მითხარით ერთი, მაჩვენეთ რომელია ქალი", - ასე უპასუხა მან ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას 8 ნოემბრის ძალადობის შესახებ. კალაძე მომხდარს პროვოკაციად მიიჩნევს და კითხულობს: "როდესაც 30 აკაცუკი მივიდა საარჩევნო შტაბთან, რა უნდოდათ ამ ადამიანებს საარჩევნო შტაბთან? თუ შტაბი მივიდა ამ ადამიანებთან?"
კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ფიზიკური დაზიანებები მიიღო ათზე მეტმა მოქალაქემ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს, სულ ცოტა, 4 ჟურნალისტს. რამდენიმე ადამიანი ტვინის შერყევით სამედიცინო დაწესებულებებში მოხვდა, მათი ნაწილი ამ დრომდე რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
შსს მომხდარს ჯგუფური ძალადობის მუხლით იძიებს - ესაა სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ისჯება 4-დან 6 წლამდე პატიმრობით.
ფორუმი