Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროდასავლური აქციების ყოფილი მონაწილე ხსნის, რატომ გახდა "ქართული ოცნების" ეროვნული გუნდის" წევრი


ლუკა ძაძამია, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მიერ დასახელებული თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სიის ოცეულშია.
ლუკა ძაძამია, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მიერ დასახელებული თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სიის ოცეულშია.

21 წლის იურისტი ლუკა ძაძამია, რომელიც თბილისის მერმა და "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საკრებულოს პროპორციული სიის მე-18 ნომრად წარადგინა, ანტისამთავრობო აქციების მონაწილე იყო.

აქციებისა, რომლებიც გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით - მოგვიანებით ამას დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნაც დაემატა.

კალაძემ პროპორციული სიის ოცეულის წარდგენისას ლუკა ძაძამია ასე დაახასიათა: "ლუკა ძაძამია - ლუკაც ჩვენი გუნდის ახალგაზრდა წევრია, სამართალმცოდნე, სამგზის სახელმწიფო სტიპენდიანტი. მას აქვს გავლილი კარგი იურიდიული პრაქტიკა სხვადასხვა იურიდიულ კომპანიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციაში. ფლობს რამდენიმე უცხო ენას, მიღებული აქვს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდო. წარმატებებს ვუსურვებ მას".

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძაძამია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციების აქტიური მონაწილე იყო, სოციალურ ქსელში აქტივისტმა დათო აბზიანიძემ გაავრცელა.

აქციებზე ლუკა ძაძამიას მონაწილეობის შესახებ პოსტები აღარ იძებნება, გაუქმებულია ასევე ანტისამთავრობო შინაარსის პოსტების შემცველი მისი ტიკტოკის ანგარიში.

აბზიანიძის მიერ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, ლუკა ძაძამიამ ფეისბუკში დაწერა პოსტი, რომელშიც "ქართულ ოცნებასთან" შეერთების გადაწყვეტილების მიზეზი ახსნა:

"დიახ, მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომელიც მალევე მიხვდა, რომ უბინძურესი პროპაგანდით უდიდეს შეცდომაში შეიყვანეს და იმ აქციებს საერთო არაფერი ქონდა არც უკრაინის მხარდაჭერასთან, არც დემოკრატიასთან და არც თავისუფალი სიტყვის დაცვასთან. ბოლოს ყველანი მივხვდით, რომ ის აქციები საქართველოს და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციები იყო."

მისი სიტყვებით, მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე "დარწმუნდა", "რამდენად ეროვნულ პოლიტიკას ატარებს ქართული ოცნება და რამდენად გულწრფელები იყვნენ ამ პარტიის ლიდერები, როდესაც მსოფლიოში პირველებმა ამხილეს გლობალური ძალები სხვა ქვეყნების დამონების მცდელობაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ვყოფილიყავი ქართული ოცნების, როგორც ყველაზე გაბედული, ამაყი და ეროვნული გუნდის წევრი და მადლობა მის თითოეულ ლიდერს იმისთვის, რომ მომცეს საკუთავი თავის რეალიზებისა და მათი გუნდის წევრობის საშუალება!"

დეკემბერში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას "ტვ პირველთან" კომენტარში ლუკა ძაძამია ამბობდა, რომ გრძნობს იმ ტკივილს, რომელსაც მისი მშობლების თაობა წლების განმავლობაში განიცდიდა რუსთაველზე დგომისას.

"შინაგანად მაქვს შეგრძნება, რომ ვგრძნობ იმ ტკივილს, რასაც ახლა ჩვენი მშობლების თაობა გრძნობს. არ ვიცი, მაგრამ მოსმენილი მაქვს, მიგრძნია მათგან, როგორი ტკივილი იყო თავის დროზე ჩვენს ასაკში აქ დგომა და ჩვენთვის ბრძოლა და ახლა, წლების შემდეგ, იმის ნახვა, რომ მათი შვილები იგივე საქმეს აგრძელებს - ისევ იბრძვის თავისუფლებისთვის, ისევ იბრძვის თავისუფალი გამოხატულებისთვის და არ ვიცი, სირცხვილია, რომ მესამე თაობაზე გადადის ეს ბრძოლა", - ამბობდა ძაძამია.

"წარმატებები ლუკა ძაძამიას… მაგრამ ძალიან მაინტერესებს როდის იყო ის გულწრფელი? როდესაც “ცეცხლი ოლიგარქიას” სკანდირებდა და “ოლე-ოლას” მღეროდა თუ ამ დროს როცა ის იმ ხალხის გვერდზე იდგა და იღიმებოდა ვინც მას “დედას აგინებდა” და მანქურთს უძახდა? სამწუხაროდ ნაც-ქოცებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ კიდევ ერთი თაობა წაერთმიათ საქართველოსათვის! @luka dzadzamia იმედია იმას მაინც შეძლებ რომ კაბინეტიდან შენი მეგობრების ციხიდან გამოშვებისათვის მაინც იბრძოლებ! კიდევ ერთხელ: არა ნაცებს არა ქოცებს…" - წერს ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებელი.

2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება პროევროპული აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით. პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ არ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

პოლიციამ დააკავა 500-მდე ადამიანი, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით. გამოძიების დაწყებიდან რვა თვის თავზე, არცერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის მონაწილეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, არც გამოვლენილი და არც დასჯილი არაა. დემონსტრანტების ნაწილი კი უკვე გაასამართლეს და მათგან უმრავლესობა დამნაშავედ ცნეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG