Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის მომხრე მოლდოველი ოპოზიციონერი დოდონი ქვეყანას „საქართველოს ბედს“ უსურვებს


ფოტო არქივიდან. მარცხნიდან: ვლადიმირ პუტინი და იგორ დოდონი
ფოტო არქივიდან. მარცხნიდან: ვლადიმირ პუტინი და იგორ დოდონი

მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, სოციალისტური პარტიის თავმჯდომარემ და კრემლის მომხრე პოლიტიკოსმა იგორ დოდონმა რუმინეთის პრეზიდენტის, ნიკუშორ დანის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. დანმა თქვა, რომ საქართველოში არსებული ვითარება ნათლად აჩვენებს, თუ რას უნდა მოელოდეს მოლდოვა, ხელისუფლებაში პრორუსული ძალების მოსვლის შემთხვევაში. დანმა აღნიშნა, რომ მოსკოვი, მოლდოვაში არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობით, ცდილობს ქვეყნის ევროპული მიმართულებით სვლას შეუშალოს ხელი.

"მოლდოვა და საქართველო ერთი მიმართულებით მიდიოდნენ, ახლა ხედავთ, რომ საქართველომ გადაწყვიტა ოთხი წლის განმავლობაში არ ახსენოს ევროკავშირი. ცხადია, რუსეთს არ სურს მოლდოვის ხილვა ევროკავშირში და მთელი ეს შეტევა, რომელიც, როგორც ჩვენი ინსტიტუტები აცხადებენ, გასული წლის არჩევნების დროინდელთან შეფარებით კიდევ უფრო ძლიერია, მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვის მცდელობაა", - თქვა ნიკუშორ დანმა.

საპასუხოდ, დოდონმა ფეისბუკზე დაწერა, რომ „საქართველოს ბედი“ „მუქარაზე მეტად შურიან ოცნებას წააგავს“.

„2024 წელს საქართველოს მშპ-ს ზრდამ 9,5% შეადგინა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში - 9,8%. ხოლო მოლდოვაში გასულ წელს - მხოლოდ 0,1%. ინფლაცია 2025 წლის ივლისში: საქართველო - 4,3%, მოლდოვა - 7,9%. ევროკომისიის 2025 წლის კარგი მმართველობის ანგარიშის თანახმად, საქართველომ დაკვირვებების მთელ ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებლები აჩვენა და ინვესტიციების მიმზიდველობის რეკორდი დაამყარა, ევროკავშირის რიგ ქვეყნებსაც კი გაუსწრო. მოლდოვაში ინვესტიციების და კაპიტალის გადინების დაბალი დონეა. მაშ, ვის „აშინებს“ სინამდვილეში ასეთი განცხადებები? საქართველო, გარე კრიტიკის მიუხედავად, აჩვენებს სტაბილურობას, ზრდას და ინვესტორების ნდობას. ხოლო მოლდოვა, PAS-ის მმართველობის ქვეშ, არა მხოლოდ ადგილს ტკეპნის, არამედ მიექანება ეკონომიკურ და სოციალურ უფსკრულში“, - თქვა დოდონმა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მუდმივად უსვამენ ხაზს, რომ საქართველო ეკონომიკური მაჩვენებლებით უსწრებს მოლდოვას. მოლდოვის ეკონომიკა ბოლო წლებში მართლაც დაზარალდა უკრაინაში ომის, ენერგეტიკული კრიზისისა და საგარეო ბაზრების დაკარგვის გამო.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მანამდე რუსეთი დაადანაშაულა 28 სექტემბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნებში ფართომასშტაბიანი ჩარევის მომზადებაში. მისი განცხადებით, კრემლი სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას აპირებს, მათ შორის პრორუსული ძალების მხარდაჭერას, ქუჩის საპროტესტო აქციების ორგანიზებას მათი მონაწილეების მოსყიდვით, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმებს, ამომრჩევლის მოსყიდვას და ინტერნეტ-კამპანიებს.

სანდუმ ასევე აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული მონაცემებით, რუსეთი მხარს უჭერს არა მხოლოდ აშკარად პრორუსულ ძალებს, არამედ ზოგ ოპოზიციურ კანდიდატსაც, რომლებიც თავს დამოუკიდებლად და პროევროპელებად წარმოაჩენენ, მაგრამ მოქმედი მთავრობის მოწინააღმდეგენი არიან. მიზანი კი არჩევნების შემდეგ მთავრობის შეცვლაა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS) არჩევნების წინ ლიდერობას ინარჩუნებს. მთავარმა ოპოზიციურმა ძალებმა იგორ დოდონის მეთაურობით განაცხადეს ალიანსის შექმნაზე, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების „ნორმალიზებას“ ემხრობა და ქვეყნის პროდასავლურ ორიენტაციას ეწინააღმდეგება.

კიდევ ერთ ოპოზიციურ ბლოკს, რომლის სახელია „გამარჯვება“ და რომელიც რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენ ილან შორთანაა დაკავშირებული, საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა და არ დაარეგისტრირა. შორი მოლდოვაში დაუსწრებლადაა გასამართლებული.

საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი უკრაინის კვალდაკვალ შეიტანეს. „ქართული ოცნების“ პოლიტიკისა და „დემოკრატიის უკუქცევის“ საპასუხოდ, ევროკავშირმა საქართველოსთან ევროინტეგრაციის საკითხებზე დიალოგი შეაჩერა. 2024 წლის 28 ნოემბერს კი მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხს 2028 წლის ბოლომდე არ დააყენებდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG