Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი რუსთაველზე დაკავებულების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს


პოლიციამ 2 სექტემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე 24 ადამიანი დააკავა - ისინი სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის შინაარსს მიიჩნევდნენ მიუღებლად და ქუჩაში პროტესტის გამოსახატად ამის გამო გავიდნენ.
პოლიციამ 2 სექტემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე 24 ადამიანი დააკავა - ისინი სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის შინაარსს მიიჩნევდნენ მიუღებლად და ქუჩაში პროტესტის გამოსახატად ამის გამო გავიდნენ.

მოკლედ

  • 2 სექტემბრის ღამის განმავლობაში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 11 აქტივისტი მოინახულეს.
  • სახალხო დამცველი ამბობს, რომ დაკავებულთაგან რამდენიმეს სხეულზე ხილული დაზიანებები ჰქონდა: შეშუპებები, სიწითლეები და სისხლნაჟღენთები კიდურებზე.
  • დაკავებულების ნაწილი ახალციხეში, გორში, მცხეთაში, ბაკურიანსა და ხაშურში არიან გადაყვანილი - ნაწილი თბილისში, ზაჰესის და დიღმის იზოლატორებში ელის სასამართლოს ჩანიშვნას.
  • 2 სექტემბერს დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან - სავარაუდოდ, პოლიციელის დაუმორჩილებლობას და შესაძლოა, წვრილმან ხულიგნობასაც.

სახალხო დამცველი 2 სექტემბერს რუსთაველზე დაკავებულ მოქალაქეებზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს პოლიციელების მხრიდან დაკავების დროს პროტესტის მონაწილეთა მიმართ უხეშ დამოკიდებულებასა და ძალის გამოყენებაზე.

"საპოლიციო მოქმედებების განხორციელების დროს გამოყენებული ძალა უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი. აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველი, დამატებითი შესწავლის შემდეგ, მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

საგულისხმოა, რომ შესაბამისი ღონისძიებების გატარებისას პროპორციული ძალის გამოყენების საკითხი ასევე პრობლემურია საერთო სასამართლოების შენობებში, სადაც შესაძლოა, მანდატურთა მხრიდან ადგილი ჰქონდეს მოქალაქეთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტებას. აპარატი დამატებითი შესწავლისა და მანდატის ფარგლებში შეფასების შემდეგ ამ საკითხზეც მოახდენს რეაგირებას", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ამავე ტექსტში ყურადღებაა გამახვილებული ერთ-ერთი დაკავებული ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფეისბუკში გავრცელებულ დაუდასტურებელ ინფორმაციაზე - საუბარია " ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის და საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ოთარ ჩრდილელის შვილზე, ანა ჩრდილელზე, რომელიც ერთ-ერთია დაკავებულებს შორის.

მისი მარგინალიზაციის მიზნით, პროპაგანდისტული პლატფორმები დაკავების შემდეგ მისი ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობდნენ და ცდილობდნენ ამით აეხსნათ ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილის მონაწილეობა ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლებში.

"ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ამ ფორმით გავრცელება უხეშად არღვევს პირის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და ხელყოფს ადამიანის ღირსებას. ამასთან, აძლიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს და ახალისებს დისკრიმინაციას", - წერს სახალხო დამცველი.

ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება, მისი თანხმობის გარეშე, არის დანაშაული, კერძოდ, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, და ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე (მუხლი 157).


ფორუმი

XS
SM
MD
LG