Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია უკრაინის პარლამენტის ყოფილი სპიკერის მკვლელობაში ეჭვმიტანილი


ანდრიი პარუბიი უკრაინის პარლამენტის სპიკერი იყო 2016-2019 წლებში
ანდრიი პარუბიი უკრაინის პარლამენტის სპიკერი იყო 2016-2019 წლებში

უკრაინაში დააკავეს პარლამენტის, ვერხოვნა რადას ყოფილი სპიკერის, ანდრიი პარუბიის მკვლელობაში ეჭვმიტანილი. ამის შესახებ შუაღამით სოციალურ ქსელებში დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი ინფორმაციით, ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ მოახსენეს შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა, რომლებსაც საზოგადოების ინფორმირება დაავალა. ზელენსკის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და მკვლელობის ყველა გარემოება უნდა გაირკვეს.

1 სექტემბერს, ღამის პირველი საათისთვის უკრაინის პრეზიდენტის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა კიდევ ერთი პოსტი, რომლის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკი ესაუბრა გენერალურ პროკურორ რუსლან კრავჩენკოს და მისგან მიიღო ინფორმაცია შემდგომი პროცესუალური ნაბიჯების შესახებ. ზელენსკის ცნობით, არსებობს ეჭვმიტანილის პირველი ჩვენებები.

შუაღამის შემდეგ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხმელნიცკის ოლქში დააკავეს. მინისტრის თანახმად, კარგად დაგეგმილი დანაშაულის ჩამდენის კვალზე 24 საათში გავიდნენ, 36 საათში კი დააკავეს. კლიმენკოს ინფორმაციით, დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ. მსგავსი შინაარსის ცნობა გამოქვეყნდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ტელეგრამ-არხზეც.

უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, პარტია „ევროპული სოლიდარობის" ერთ-ერთი ლიდერი ანდრიი პარუბიი 30 აგვისტოს ქალაქ ლვოვში მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა პირმა, რომელიც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებში განაცხადეს, რომ რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ. პარტია „ევროპული სოლიდარობის" თავმჯდომარე, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიიჩნევს, რომ მკვლელობასთან კავშირი აქვს რუსეთს.

პარუბიის 2 სექტემბერს ლვოვში დაკრძალავენ.

ანდრიი პარუბიი უკრაინის პარლამენტის სპიკერი იყო 2016-2019 წლებში.



ფორუმი

XS
SM
MD
LG