Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურზულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავის პლოვდივში დაშვებისას, სავარაუდოდ, რუსეთის ჩარევით გაითიშა GPS-სანავიგაციო სერვისები


ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი როსენ ჟელიაზკოვი პლოვდივის აეროპორტში ხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი როსენ ჟელიაზკოვი პლოვდივის აეროპორტში ხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს.

“ფაინენშელ ტაიმსის” ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავის სანავიგაციო GPS- სერვისები ბულგარეთის აეროპორტში, სავარაუდოდ, რუსული თავდასხმის სამიზნედ იქცა და პილოტი იძულებული გახდა, ქაღალდის რუკების გამოყენებით დაესვა თვითმფრინავი.

კვირას, დღისით, თვითმფრინავს, რომლითაც ურზულა ფონ დერ ლაიენი მგზავრობდა და პლოვდივის აეროპორტში უნდა დაშვებულიყო, ქალაქის აეროპორტთან მიახლოებისას გაეთიშა ელექტრონული სანავიგაციო მხარდაჭერა. ეს ინციდენტი სამმა მაღალჩინოსანმა რუსეთის ჩარევის ოპერაციად შეაფასა.

“მთელს აეროპორტში გაითიშა GPS-ი” - განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა.

მაღალჩინოსნების განცხადებით, აეროპორტის თავზე ერთსაათიანი ტრიალის შემდეგ, პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება, თვითმფრინავი დამოუკიდებლად, ანალოგური რუკების გამოყენებით დაესვა. “ეს ცალსახად ჩარევა იყო”.

“ფაინენშელ ტაიმსმა”კომენტარებისთვის მიმართა კრემლსა და ევროკომისიას.

ბულგარეთის საჰაერო მიმოსვლის სერვისების ადმინისტრაციამ “ფაინენშელ ტაიმსსა” და რთე/რთ-ს ბულგარულ სამსახურს დაუდასტურა ინციდენტის ნამდვილობა:

“2022 წლის თებერვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა GPS-ის არევის, ბოლო ხანს კი სიგნალის გაყალბების შემთხვევები“, - აღნიშნულია განცხადებაში. - „ეს ჩარევები ხელს უშლის GPS-ის სიგნალის სუფთად მიღებას, რაც იწვევს თვითმფრინავისა და სახმელეთო სისტემების მუშაობის გართულებებს“.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა “ფაინენშელ ტაიმსს” განუცხადა - “თქვენი ინფორმაცია არასწორია”-ო.

ე.წ. GPS-ის არევა და ყალბი სიგნალის მიწოდება აფერხებს ან სრულად შლის წვდომას სატელიტზე განთავსებულ სანავიგაციო სისტემასთან. ამ სისტემას ტრადიციულად განათავსებენ ხოლმე სამხედრო და სადაზვერვო სამსახურები მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავად, თუმცა სულ უფრო ხშირად გამოიყენება სამოქალაქო რეისების ჩასაშლელად ისეთი ქვეყნების მიერ, როგორიც რუსეთია.

ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ GPS-ის არევის შემთხვევების გახშირება ქმნის ავიაკატასტროფების საფრთხეს, რადგან არსებითად ხილვადობას ართმევს კომერციულ თვითმფრინავებს.

ბულგარეთის მთავრობა აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის თვითმფრინავის რეისის დროს “მოხდა იმ სატელიტური სიგნალის ნეიტრალიზაცია, რომელიც თვითმფრინავის GPS-ის სანავიგაციო სისტემას აწვდიდა ინფორმაციას. თვითმფრინავის დაშვების დროს GPS-ის სიგნალი გაქრა. რეისის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბულგარეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ შესთავაზა ალტერნატიული მიდგომა სახმელეთო სანავიგაციო დახმარების სახით“, - ეს დახმარება GPS-ის სისტემებისგან დამოუკიდებლად მუშაობს და ბულგარეთი მას იყენებს თვითმფრინავების უსაფრთხო დაშვების უზრუნველსაყოფად. „გვსურს დავაზუსტოთ, რომ არ დამდგარა მარშრუტის შეცვლის აუცილებლობა“, - აცხადებს ბულგარეთის მთავრობა, რომლის თანახმადაც, თვითმფრინავი, როგორც დაგეგმილი იყო, პლოვდივის აეროპორტში დაეშვა. ურზულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის ჩარტერული რეისით სარგებლობდა.

ევროკომისიის სპიკერის მოადგილემ არიანა პოდესტამ განაცხადა, რომ ბულგარეთის ხელისუფლებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ, „რუსეთის უხეში ჩარევა იყო“ და რომ მომხდარი მხოლოდ გააძლიერებს ევროკავშირის ძალისხმევას თავდაცვისა და უკრაინის დახმარების კუთხით:

„ცხადია, ვიცით და გარკვეულწილად მივეჩვიეთ კიდეც საფრთხეებსა და დაშინებას, რომლებიც რუსეთის მტრული ქცევის მუდმივი კომპონენტებია. რასაკვირველია, ეს მხოლოდ კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურყევ ძალისხმევას თავდაცვის საშუალებების გაძლიერებისა და უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით.

ეს ინციდენტი სინამდვილეში ხაზს უსვამს იმ მისიის დროულობას, რომელსაც [ევროკომისიის] პრეზიდენტი ამ დღეებში ფრონტისპირა წევრ ქვეყნებში ახორციელებს. ის იქ პირადად გაეცნო რუსეთისა და მისი სატელიტებისგან მომდინარე ყოველდღიურ გამოწვევებსა და საფრთხეებს. ცხადია, აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, ევროკავშირი უფრო მძლავრად გააგრძელებს თავდაცვასა და ევროპის მზადყოფნაში მეტ ინვესტირებას“.

კვირას, ბულგარეთში ყოფნისას ევროკომისიის პრეზიდენტი ეწვია სოპოტში მდებარე იარაღის ქარხანა VMZ-ს. აღნიშნულ ქარხანაში დიდი რაოდენობით ჭურვები იწარმოება არა მხოლოდ ევროკავშირის მარაგების შესავსებად, არამედ უკრაინის თავდაცვისთვისაც. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე იარაღის ერთი მესამედი ბულგარეთიდან შევიდა. „გმადლობთ უკრაინის მხარდაჭერისთვის. ეს მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას ეხმარება“, - დაწერა 31 აგვისტოს ურზულა ფონ დერ ლაიენმა თავის X-ის გვერდზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG