ექვსი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს იმ წერილის შესახებ, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროდან მიიღეს.
"გვედავებიან ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონის დარღვევას, ასევე, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად", - წერია განცხადებაში. თავად წერილი არასამთავრობო ორგანიზაციებს არ გაუსაჯაროებიათ.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის გზავნილის ადრესატი ამჯერად 6 სამოქალაქო ორგანიზაციაა:
- "საფარი";
- "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი";
- "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო";
- "მედიის განვითარების ფონდი";
- "სოციალური სამართლიანობის ცენტრი";
- "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED]".
არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ, საჯაროდ აცხადებენ, რომ არ აპირებენ უცხო ქვეყნების გამტარებლად რეგისტრირებას, რადგან როგორც ქართულ ორგანიზაციებს კანონით არ ეკუთვნით ამ რეესტრში რეგისტრაცია.
„ჩვენი მისიაა ქალების, ბავშვების, მშრომელების, შშმ პირების, დევნილების და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა; ჩვენი მისია არჩევნების დაკვირვება, კორუფციისა და დეზინფორმაციის მხილება, დემოკრატიის დაცვა და ქართველი ხალხის დახმარებაა“- - ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში და აღნიშნულია, რომ „ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიუროს შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტსაც“ გაუგზავნიან.
არასამთვრობო ორგანიზაციებმა ანტიკორუფციული ბიუროსგან პირველი წერილები ივნისში მიიღეს - ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამუშაო სპეციფიკის მქონე NGO-ებისგან უწყება სასამართლოს განჩინებით ითხოვდა დეტალურ ინფორმაციას საქმიანობის, ბენეფიციარების და პროექტების შესახებ, სამოქალაქო ორგანიზაციები კი თვლიდნენ, რომ ამგვარი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება სახელმწიფოს არ აქვს და ეს პრეტენზია უკანონოა.
ორგანიზაციებმა ბიუროს მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა - ამის მიუხედავად, ისინი "არ აპირებენ მოქალაქეების ნდობის ღალატს" და კვლავ უარს ამბობენ სენსიტიური ინფორმაციის გადაცემაზე.
ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს, გაუგზავნონ ყველა ხელშეკრულება, - მათ შორის საგრანტო ხელშეკრულებები, - რომლებიც კი 2024 წლის 1 იანვრიდან დაუდიათ უცხოელ დონორებთან თუ ქართველ ფიზიკურ პირებთან. გარდა ამისა, ბიურო ითხოვს „ნებისმიერ ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტაციას“.
მათ შორის:
- თანხების გაცემის გრაფიკს;
- მიღებული ფულადი სახსრების და „მატერიალური ფასეულობების“ შესახებ ინფორმაციას - ყველანაირი დეტალის მითითებით;
- მიღება-ჩაბარების აქტებს;
- ხელფასის უწყისებს;
- ხელშეკრულების ფარგლებში საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას - საქმიანობის აღწერას, მიზანს, განხორციელების თარიღს, ადგილს, დროს, ბენეფიციარებს, მონაწილე პირების მითითებით;
- მოთხოვნილია „აქტივობის ამსახველი ვიდეოფოტომასალა“;
- დაკონკრეტებულია, რომ მოთხოვნილია მონაწილე პირებისა და ასევე ბენეფიციარების სახელები, გვარები და პირადი ნომრები.
მოსამართლის განჩინება ეყრდნობა სამ კანონს:
- კანონი კორუფციის წინააღმდეგ;
- პარტიების კანონი („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ კანონი);
- გრანტების კანონი.
არ ყოფილა დასახელებული არც „აგენტების კანონი“ (2024 წელს მიღებული, ფორმალურად „გამჭვირვალობის კანონი“) და არც „აშშ-ის ანალოგიური უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA).
ფორუმი