კუპრაშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ არის "დეზინფორმაციული კამპანიების" და "შანტაჟის" სამიზნე, არ ერჩის ორგანიზაციებს, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევიან და რომ კანონი ღია და გამჭვირვალე იქნება მათ წინააღმდეგ, ვინც არ დაემორჩილება ბიუროს მოთხოვნებს.
"ფარას კანონი ეს არის შესაძლებლობის კანონი, ფარას კანონი არ ზღუდავს რაიმე სახის საქმიანობას რომელიმე ორგანიზაციის მხრიდან, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ორგანიზაციებს ეძლევათ, [მათ შეუძლიათ] გამჭვირვალედ, ერთი პლატფორმის ფარგლებში ნდობაზე დაფუძნებული საქმიანობა აწარმოონ და ამავდროულად, მე ვფიქრობ, ასეთი გამჭვირვალე საქმიანობა კიდევ უფრო გასაგები ხდება და პატივსაცემი", - თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას. ამერიკული ანალოგიით შექმნილი, თუმცა უფლებადამცველების მოსაზრებით, უფრო ფართოდ ინტერპრეტირებული ფარას სახელით ცნობილი კანონი, რომელიც ამერიკაში მხოლოდ ლობისტურ საქმიანობას არეგულირებს, ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებით, ხელისუფლების ხელში არის რეპრესიული იარაღი, რომლის მიზანი მათი საქმიანობის შეზღუდვა, არასასურველი იარლიყების მიწებება და ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოქცევაა.
რაჟდენ კუპრაშვილს ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატმა "ოცნებიდან", რატი იონათამიშვილმა სთხოვა, ასევე ესაუბრა "პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით გავრცელებულ მანიპულაციურ განცხადებებთან დაკავშირებით". საქმე ეხება გასულ კვირაში ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გაგზავნილ წერილებს, რომლებითაც ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს განჩინებით ითხოვს მათგან ბოლო, თითქმის ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების, ამ პროექტების ბენეფიციარებისა და ამ პროექტების ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. მოთხოვნილი მონაცემები შეეხებოდა ძალადობის მსხვერპლი ქალების და ბავშვების, აქციებზე დაშავებული და ნაცემი დემონსტრანტების, პოლიტიკური დევნის ობიექტების, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში ჩართული არასრულწლოვანების პირად ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ ყველა წერილი ამგვარ მოთხოვნას შეიცავს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი და "ოცნების" წევრები ამბობენ, რომ ეს დეზინფორმაციაა და ისინი პირად ინფორმაციას ორგანიზაციებს არ სთხოვენ.
"სამწუხაროდ, ქვეყანაში ასეთი ფაქტი დაგვიდგა – ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია არასამთავრობო ორგანიზაციებს, დონორ ორგანიზაციებს, მაგრამ ზუსტად ამ კარგ საქმეებს ამოეფარა დღეს შეფარული საქმიანობა, რასაც ჰქვია პოლიტიკური პარტიების დაფინანსება თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ გარკვეული მოქმედებების განხორციელება.
ზუსტად ამ კანონმა, მათ შორის „გრანტების შესახებ“ კანონმა და მათ შორის FARA-ს კანონმა უზრუნველყო, რომ ეს ფარული საქმიანობა გამოყოს იმ საქმიანობიდან, რასაც ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა უკავშირდება.
იმ კეთილსინდისიერ ორგანიზაციებს პირიქით, გაცილებით მეტი ინტერესი აქვთ, რომ კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალეები იყვნენ და მოქალაქეებს ჰქონდეთ ცოდნა მათი საქმიანობის შესახებ და ამ გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით უფრო მეტად გაგებული და პატივსაცემი იქნება მათი კარგი საქმეები და არავითარ შემთხვევაში ჩვენ ადგილი არ გვექნება რაიმე სახის საქმიანობის სტიგმატიზაციასთან - ეს ძალიან კარგად არის გაგებული ძალიან ბევრი ორგანიზაციის მიერ, მაგრამ არ უნდათ გაიგონ იმ ორგანიზაციებმა, რომელთა საქმიანობაც არის პოლიტიკურ ჭრილში განხილული" , – თქვა კუპრაშვილმა რატი იონათამაშვილის კითხვის პასუხად.
მან ასევე თქვა, რომ ბიუროს ჰქონდა შეხვედრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის საელჩოების წარმომადგენლებთან და მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ მათ "არასწორი ინფორმაცია" ჰქონდათ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოტითაც მიმართა პარტნიორებს ამ საკითხზე.
რაჟდენ კუპრაშვილი მთელი გამოსვლის განმავლობაში ცდილობდა დაეხატა სურათი, სადაც არსებობენ "კეთილსინდისიერი ორგანიზაციები" და "ორგანიზაციები, ვინც შეფარულად პოლიტიკური საქმიანობით არის დაკავებული" - მისი განმარტებით, მათგან პირველნი ხელისუფლების ინიციატივებს მიმღებლობით შეხვდნენ, მეორენი კი წინააღმდეგობას უწევენ.
"სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია, გრანტების მიღების დროს მონიტორინგის პროცესი განხორციელდეს ისე, რომ კეთილსინდისიერი ორგანიზაციების საქმიანობას რაიმე დამატებითი დისკომფორტი არ შეექმნას - ჩვენ ამისთვის ძალიან საინტერესო წინადადება გვაქვს, რაც მომდევნო კვირაში იქნება მიწოდებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ჩვენ ვქმნით სპეციალურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ორგანიზაციას საშუალება ექნება, საკუთარი გრანტის შესახებ ინფორმაცია ისე გააციფრულოს, რომ ყველანაირი პერსონალური ინფორმაცია დაცული იქნება. და ამ შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიურო ასეთი კეთილსინდისიერი ორგანიზაციის მონაცემებით შემთხვევაში ვიხელმძღვანელებთ ამ დიგიტალიზებული ინფორმაციით, რასაც ისინი მოგვაწვდიან - რა თქმა უნდა, ეს არ ეხება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც შეფარვით პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან", - თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა. მისივე განმარტებით, "თუ ვინმე შეეწინააღმდეგება იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ასეთი სახის ინფორმაცია, ეს არის სხვა საქმე და აქ კანონს აქვს თავისი რეგულაციები და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ღია პროცესით, გამჭვირვალე პროცესით მოვახდინოთ ყველა ასეთი ფაქტის გამოვლენა".
რაჟდენ კუპრაშვილის გამოსვლის ნაწილი იყო კომენტარი მის პირად ფეისბუკის გვერდზე წლების განმავლობაში გამოქვეყნებული კონტენტის განხილვები სოციალურ ქსელებში - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამდე აქტიურად აქვეყნებდა მაშინდელი მმართველი პარტიის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და მისი ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ პოსტებს.
"დღეს ხელოვნური ინტელექტი იძლევა საშუალებას, ყველა ადამიანი აალაპარაკო - დაახლოებით ათი ექაუნთი შეიქმნა ჩემი და იდებოდა სხვადასხვა პოსტები და გაზიარებები", - ასე შეეცადა ის თავის მართლებას წარსულში გამოქვეყნებული პოლიტიკური პოსტების გამო.
რაჟდენ კუპრაშვილმა ბიუროს საქმიანობაზე საუბრისას ილაპარაკა ბიუჯეტზეც, რომელიც გამჭვირვალობის ასამაღლებლად შექმნილი უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე ღიად და საჯაროდ განთავსებული არ არის, ისევე როგორც თანამშრომლების და შესყიდვების შესახებ ინფორმაცია. ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს უწყების წლიური ბიუჯეტი 2 მილიონი ლარი იყო - აქედან თითქმის ნახევარი ხელფასებისთვის იყო განკუთვნილი. 2024 წელს კი ანტიკორუფციული ბიუროს ბიუჯეტი 8 500 000 ლარამდე გაიზარდა.
"2023 წლის განმავლობაში ჩვენ ვფინანსდებოდით სარეზერვო ფონდიდან, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იყო როგორც ოფისი, ისე სახელფასო ფონდი, შემდგომში კი ბიუროს დაუმტკიცდა ბიუჯეტი უკვე 2024 წელს და ვინაიდან აქ ჩვენ გაგვაჩნდა ინფრასტრუქტურული გამოწვევები, შესაბამისად, ის ბიუჯეტი, რაც იყო გამოყოფილი, ბოლომდე ვერ იქნა ათვისებული, თუმცა მისი საჭიროება ნათლად არის გამოკვეთილი, თუ რა მიმართულებით გვჭირდება მხარდაჭერა", - თქვა კუპრაშვილმა პარლამენტში.
ფორუმი