კითხვაზე, რომელ რიცხვშია ვიდეო გადაღებული, გამომძიებელი პასუხობს, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში. მისი თქმით, მტკიცებით ფორმაში ამბობს იმას, რასაც ამბობს. გამომძიებლის თქმით, ვიდეო ტელევიზიიდანაა ამოღებული, ამასთან ვიდეოს შინაარსიც აძლევს იმის თქმით საშუალებას, რომ 28-დან 3 დეკემბრამდეა გადაღებული.
არჩილ ჭავჭანიძის თქმით, ის, რაც გამომძიებელმა თქვა, შეფასებაა და არა ფაქტი. მას აინტერესებს, თუ შეუძლია გამომძიებელს დაასახელოს ვიდეოს გადაღების კონკრეტული დრო და რიცხვი.
„გამომდინარე საუბრის შინაარსისა, ადგილისა, გამომდინარე იქიდან, რომ ახალ წლამდე უნდა დასრულდეს, გამომდინარე ეკიპირებიდან, რომელიც მათ აცვიათ, იმის გათვალისწინებით რომ სამში დააკავეს, ეს ვიდეო გადაღებულია რომელიმე ჩემს მიერ ჩამოთვლილ დღეს", - ამბობს არსენ ხუნაშვილი.
ვიდეოს დათვალიერების ოქმში ნახსენებიან „მესამე პირი". გამომძიებელი ადასტურებს, რომ მისი ვინაობა დაუდგენელია.
„შესაბამისი პირები ამუშავებდნენ ბაზებს, ჰქონდათ დავალება. ჰქონდათ კონტაქტებთან საუბარი და ვერ დადგინდა მესამე პირის ვინაობა", - ამბობს ხუნაშვილი.
ის აცხადებს, რომ ვიდეო ტვ იმედიდან ამოიღეს და ექსპერტიზაზე გაგზავნეს. მისთვის მნიშვნელოვანი იყო იდენტიფიკაცია და არა იმის გარკვევა ჰქონდა თუ არა ვიდეოს მონტაჟის კვალი. შეგეძლოთ თქვენ დაგესვათ ექსპერტისთვის ეს კითხვა.
„კიდევ ერთხელ მშვიდად შეგახსენებთ, რომ სასამართლოში ხართ და არა ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში", - ამ სიტყვებს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი მანერულად წარმოთქვამს.
კითხვაზე, არის თუ არა ვიდეოზე რედაქტირების კვალი, გამომძიებელი პასუხობს, რედაქტირება-მონტაჟი ერტ და იგივეა.
ადვოკატი კითხვას ისევ იმეორებს. „ვინაიდან არ ყოფილა არანაირი ეჭვი მსგავსი მიმართულებით გამოძიება არ წასულა", - გამომძიებლის ამ პასუხს ადვოკატი არჩილ ჭავჭანიძე კითხვაზე თავის არიდებად აიღქვამს.
გამომძიებელი აზუსტებს: არ ყოფილა კვალი.
თუ მონტაჟის კვალი არ ყოფილა, როგორ გაჩნდა ვიდეოზე სუბტიტრებიო, კითხულობს ადვოკატი. არსენ ხუნაშვილის თქმით, „არ იცის, საიდან გაჩნდა“.
შემდეგი კითხვაა - არის თუ არა სუბტიტრები მონტაჟის კვალი?
პროკურორები კითხვის განრიდებას ითხოვენ არგუმენტით, რომ პასუხი უკვე გაცემულია და თან ადვოკატები მოწმეს შეფასებებს სთხოვენ.
ერევა ადვოკატი, დავით ჭიკაიძე და ამბობს, რომ იმ კითხვებზე თავის არიდება, რომელზე პასუხიცაა „კი“ ან „არა“, მიუღებელია.
გამომძიებლის თქმით, იფიქრა, რომ მონტაჟში „უფრო მაღალი კლასი იგულისხმებოდა“, ვიდრე ტიტრებია.
ახლა ადვოკატი არკვევს, დანიშნა თუ არა გამომძიებელმა ვიდეოზე ფონოსკოპიური[ხმის] ექსპერტიზა, რომ დადგენილიყო ვიდეოში ნამდვილად ვეფხია კასრაძის ხმა არის თუ არა.
„ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, ძალიან ბევრი ექსპერტიზა არ მაქვს ჩატარებული, რაც შეეხება....
ჩერდება მოწმე, ამოიოხრებს და ამბობს: დავიღალეე...
დარბაზში ხმაურია. „ესენიც დაიღალნენ 7 თვეა, რომ ციხეში არიან", - ამბობს ადვოკატი ჭავჭანიძე.
გამომძიებელი აგრძელებს: ხმაზე ექსპერტიზა ინიშნება მაშინ, როცა მოსაუბრის ხმა არ ისმის, როცა სახე კარგად ჩანდა, ამ დროს ფონოსკოპია არ ინიშნება, ინიშნება ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, იგივე შეგიძლიათ მტკითხოთ 60-მდე ექსპერტიზის სახეობაზე", - განაცხადა არსენ ხუნაშვილმა.
გამომძიებელი ამბობს, რომ სატელეფონო ანძების ჩანაწერების გამოთხოვამ აჩვენა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან სამი დეკემბრის ჩათვლით ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი აქციაზე იმყოფებოდნენ.
ფორუმი