Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი ცნობს პალესტინელთა სახელმწიფოს, თუ ისრაელი არ შეასრულებს რამდენიმე პირობას - სტარმერი


ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა გამოაცხადა 29 ივლისს, რომ დიდი ბრიტანეთი ოფიციალურად ცნობს პალესტინელთა სახელმწიფოს სექტემბერში, თუ ისრაელი არ გადადგამს სხვადასხვა „არსებით ნაბიჯს“ ღაზაში, მათ შორის, არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას.

ეს ნაბიჯი, რომელიც სტარმერის მიერ წარდგენილი „მდგრადი
მშვიდობის“ გეგმის ნაწილია, მას შემდეგ გადაიდგა, რაც ბრიტანეთის პრემიერმა თავისი კაბინეტი არდადეგებიდან გამოიწვია ალყაში მოქცეულ პალესტინელთა მძიმე სიტუაციის შესახებ სასწრაფო მოლაპარაკებებისთვის.

ოფისის ცნობით, სტარმერმა თავის მინისტრებს განუცხადა, რომ ლონდონი ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში, თუ ისრაელის მთავრობა არ გადადგამს მოთხოვნილ ნაბიჯებს.

ეს ნაბიჯები მოიცავს: „ღაზაში საშინელი სიტუაციის დასრულებას“, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მკაფიოდ გამოცხადებას, რომ არ მოხდება იორდანეს „დასავლეთ ნაპირის ანექსია და "ორი სახელმწიფოს პრინციპით კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართული, გრძელვადიანი სამშვიდობო პროცესის ვალდებულების აღებას“, - თქვა სტარმერმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე. მაკრონს პირობები არ წამოუყენებია.

სტარმერმა თქვა, რომ „დიდი ბრიტანეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სექტემბერში, თუ ისრაელის მთავრობა არ გადადგამს არსებით ნაბიჯებს ღაზაში საშინელი სიტუაციის დასასრულებლად“.

ეს ორი ქვეყანაა “დიდი შვიდეულის” წევრებს შორის, რომლებმაც პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარებაზე განაცხადეს. გასულ კვირას მაკრონის განცხადებას მკაცრი უკმაყოფილება მოჰყვა ისრაელის და აშშ-ის მხრიდან.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დიდი ბრიტანეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გეგმების საპასუხოდ განაცხადა, რომ უარყოფს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის განცხადებას.


გამოსვლისას სტარმერმა წარმოადგინა რამდენიმე მოთხოვნა (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) ჰამასის მიმართაც, რომელსაც ხელში ჰყავს 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე მომხდარი თავდასხმების დროს დატყვევებულ მძევლები.

„მათ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ყველა მძევალი, ხელი მოაწერონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, განიარაღდნენ და პირობა
დადონ, რომ არანაირ როლს არ ითამაშებენ ღაზის მთავრობაში“, - თქვა მან.

დიდი ბრიტანეთის ლიდერმა დასძინა, რომ ლონდონი „სექტემბერში შეაფასებს, თუ რამდენად შეასრულეს მხარეებმა ეს ნაბიჯები“ და დამატა, რომ „არავის უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება ჩვენს გადაწყვეტილებაზე“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG