საფრანგეთი ყველაზე გავლენიანი ევროპული ქვეყანა გახდება მათ შორის, რომლებმაც ასეთი ნაბიჯი გამოაცხადეს.
„რადგან ვარ ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისადმი ისტორიული ერთგულების მომხრე, გადავწყვიტე, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გავაკეთებ“, - დაწერა საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურმა X-სა და Instagram-ზე.
„დღეს გადაუდებელი პრიორიტეტია ღაზაში ომის დასრულება და მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენა“, - წერს მაკრონი. - „ჩვენ ბოლოსდაბოლოს უნდა ავაშენოთ პალესტინის სახელმწიფო, უზრუნველვყოთ მისი სიცოცხლისუნარიანობა და მივცეთ მას საშუალება, თავის დემილიტარიზაციაზე თანხმობითა და ისრაელის სრული აღიარებით, წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებაში ახლო აღმოსავლეთში", - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.
პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის მოადგილე, ჰუსეინ ალ-შეიხი, მიესალმა საფრანგეთის განზრახვას, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.
„ეს პოზიცია ასახავს საფრანგეთის ერთგულებას საერთაშორისო სამართლის მიმართ და მის მხარდაჭერას პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებისა და ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მიმართ“, - თქვა შეიხმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საფრანგეთის მიერ პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილება „ტერორის დაჯილდოებაა“ და ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს.
„მოდი, ნათლად ვთქვათ: პალესტინელები არ ეძებენ სახელმწიფოს ისრაელის გვერდით; ისინი ეძებენ სახელმწიფოს ისრაელის ნაცვლად“, - დასძინა მან.
ისრაელის ვიცე-პრემიერმა იარივ ლევინმა გააკრიტიკა საფრანგეთის მიერ პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილება და მას უწოდა „შავი ლაქა საფრანგეთის ისტორიაში და ტერორიზმის პირდაპირი დახმარება“.
ლევინმა, რომელიც ასევე იუსტიციის მინისტრია, განაცხადა, რომ საფრანგეთის „სამარცხვინო გადაწყვეტილება“ ნიშნავს, რომ ახლა „დროა ისრაელმა სუვერენიტეტი გამოაცხადოს“ დასავლეთ ნაპირზე, რომელიც ისრაელს 1967 წლიდან აქვს ოკუპირებული.
გაეროს წევრების სამი მეოთხედი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს, ხოლო ევროპის დიდი სახელმწიფო, საფრანგეთი, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადების შემდეგ, სექტემბერში შეუერთდება მათ.
საფრანგეთის განცხადების ფონზე აშშ ისრაელს შეუერთდა და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებიდან თავისი დელეგაცია გაიყვანა. აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა კი შეთანხმების მიღწევის ჩავარდნაში დაადანაშაულა ჰამასი (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტული ჯგუფი) და განაცხადა, რომ ვაშინგტონი „ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს“.
AFP-ის მონაცემებით, გაეროს 193 წევრიდან სულ მცირე 142-მა ქვეყანამ აღიარა ან გეგმავს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას. მათ შორისაა ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ლათინური ამერიკის და აზიის ქვეყნების უმეტესობა, მაგრამ არა აშშ, კანადა, დასავლეთ ევროპის უმეტესი ნაწილი, ავსტრალია, იაპონია და სამხრეთი კორეა.
პალესტინის ავტონომიის სუვერენიტეტი 1988 წელს აღიარეს პოლონეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა. საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთმა ადრევე აღიარა პალესტინელთა სახელმწიფო, ხოლო სომხეთმა შარშან კარიბის ზღვის პირა ოთხ ქვეყანასთან, იამაიკას, ტრინიდადსა და ტობაგოსთან და ბაჰამის კუნძულებთან ერთად გადაგა დიპლომატიური ნაბიჯი.
ფორუმი