თუ კავშირი არ დასტურდება, მაშინ რატომ იძიებენ ორგანიზებულ, ჯგუფურ ძალადობას ან რატომ მიიჩნევენ დაკავებულ დემონსტრანტებს ორგანიზებული ჯგუფის წევრებად?
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებელი, 33 წლის არსენ ხუნაშვილი ჯგუფური ძალადობის ორივე საქმის მთავარი გამომძიებელია. ამ ორიდან ერთში - 8 დემონსტრანტია ბრალდებული, მათ შორის სამს ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, დანარჩენებს მასში მონაწილეობას. მეორე ჯგუფში - 11 ბრალდებულია.
არსენ ხუნაშვილი დღეს, 29 ივლისს დაიკითხა საქმეზე, სადაც საბრალდებო სკამზე 11 დემონსტრანტი ზის - ყველა მათგანს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ამ საქმეს განიხილავს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი.
არსენ ხუნაშვილი კითხვებს მშვიდად და დამაჯერებლად პასუხობდა, ბრალდებულების მიმართ წინაგანწყობებს არ გამოხატავდა.
რა როლი აქვს მთავარ გამომძიებელს?
მთავარი გამომძიებელი გამოძიების პროცესს ხელმძღვანელობს.
ის პასუხისმგებელია:
- საქმის სტრატეგიის დაგეგმვაზე;
- მტკიცებულებების შეგროვებაზე;
- მოწმეების დაკითხვაზე;
- დაკავებების ორგანიზებაზე;
- პროკურატურასთან კოორდინაციაზე;
- საქმის საგამოძიებო ნაწილის დასრულებასა და მასალების პროკურატურაში გადაგზავნაზე.
მთავარი გამომძიებელი ხელმძღვანელობს სხვა გამომძიებლებს ან ოპერატიულ თანამშრომლებს. მართალია მის ფუნქციებში არ შედის პოზიციის დაცვა სასამართლოში, თუმცა სწორედ ის აყალიბებს საქმეს ისე, რომ პროკურორმა ბრალის წარდგენა შეძლოს.
პატაკი, რომელიც „სანდო წყაროს“ დაეყრდნო
ყველაფერი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, ძებნის სამმართველოს უფროსის დავით ქურდოვანიძის 2024 წლის სამი დეკემბრის პატაკით დაიწყო. მან სამმართველოს უფროსს დავით ქებურიას რუსთაველის გამზირზე სავარაუდო დანაშაულების შესახებ აცნობა და რეაგირება მოსთხოვა.
არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ დავით ქებურიამ მას ამ პატაკის საფუძველზე გამოძიების ჩატარება დაავალა. ხუნაშვილი ამბობს, რომ პატაკში გადმოცემული ინფორმაცია მის ავტორს დავით ქურდოვანიძეს „სანდო კონტაქტმა“ მიაწოდა. იქ ასახული ინფორმაცია მოიცავს 2024 წლის 28 ნოემბრიდან სამი დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.
პატაკი - ეს არის ოფიციალური წერილობითი ან ზეპირი მოხსენება, რომელიც მიმართულია მმართველი ან ზედამხედველი ორგანოსკენ და შეიცავს ინფორმაციას გარკვეული მოვლენის, ფაქტის, მდგომარეობის ან განხორციელებული მოქმედების შესახებ.
რა ეწერა ქურდოვანიძის პატაკში?
ესენია ციტატები ქურდოვანიძის ორფურცლიანი პატაკიდან:
- „აქციის დაწყებიდან მოკლე დროში აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა მანიფესტაციითა და გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს“
- „აქციის მონაწილეები მასიურად შედიოდნენ პოლიციელებთან დაპირისპირებაში, თავს ესხმოდნენ მათ და აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას...ესროდნენ მათ ქვებს, მძიმე საგნებს, შუშის ბოთლებს, ქვებით სავსე პლასტმასის ბოთლებს, პიროტექნიკას, მოლოტოვის კოქტეილებს“.
- „აქციის დაწყებიდან დღემდე აქციის ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ატარებს ორგანიზებულ ხასიათს, რადგან იდენტური ხერხები და მეთოდები მეორდება ინტენსიურად“
- „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ძალადობრივ ქმედებებს ორგანიზებას უწევს ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ზვიად ცეცხლაძე....”[და კიდევ 8 ადამიანი, რომლებიც დაკავებულები არ არიან, თუმცა პატაკში ისინი სახელ-გვარებით, დაბადების თარიღისა და პირადი ნომრების მითითებით არიან შეყვანილი. ამ რვას შორის შორის დასახელებულია “დაიტოვეს” დამფუძნებლები ილია ღლონტი და ქრისტინე ბოტკოველიც - რ.თ.]
- „ისინი მომიტინგეებს მოუწოდებენ აჯანყებისკენ”.
- „ხსენებულ პირებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში შექმნილი აქვთ დახურული ჯგუფები, დარეგისტრირებული არიან ყალბი სახელებით, გაწევრიანებულები არიან ძალადობრივი ქმედებების შემსრულებელი მომიტინგეები და იღებენ დავალებებს ორგანიზატორებისგან”.
- „მომიტინგეთა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებას [აფინანსებს] ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ შექმნილი ფონდი... ამ ანგარიშებზე აკუმულირებული თანხების დიდი ნაწილი ხმარდება პიროტექნიკას, სხვადასხვა საგნების და ნივთების შეძენას”.
- „ორგანიზატორებს კავშირზე ჰყავთ პირები, რომლებიც სხვადასხვა დაინტერესების სანაცვლოდ ასრულებენ მათ დავალებებს. დავადგინე მათი ვინაობები”.
ამის შემდეგ პატაკის ავტორი ჩამოთვლის 48 სახელსა და გვარს, პირადი ნომრებით. მათი დიდი ნაწილი სხვადასხვა მუხლით უკვე დაკავებულია. ამ სიაში არიან ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებიც.
პატაკის საფუძველზე პროკურატურაში ჯამში სამი გამოძიება მიდის. ერთი სახელმწიფო გადატრიალების საქმეა [ამ საქმეს გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი „ძირ საქმედ” ეძახის] ორი კი ჯგუფური ძალადობის საქმეებია: 8 და 11 ბრალდებულით, რომელიც „ძირ საქმეს“ გამოეყო და მისი გამოძიება ცალკე გაგრძელდა.
საქმეების ცალკე გამოყოფის მოთხოვნით პროკურატურას არსენ ხუნაშვილმა მიმართა. მან ორი მუხლი მიუთითა: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება. საბოლოოდ, პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა გადაწყვიტა და გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით დაიწყო.
არსენ ხუნაშვილმა ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოჰკითხა პატაკის ავტორი ქურდოვანიძე, მიმართა შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს და გამოითხოვა უწყების ოპერატორების მიერ გადაღებული ვიდეოები, სადაც შესაძლოა პატაკში მითითებულებიდან რომელიმე ასახული ყოფილიყო.
ამის შემდეგ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა [ ადამიანის იდენტიფიკაცია - რ.თ. ] დანიშნა. დადასტურებისთანავე, რომ ვიდეოზე ასახულები მართლაც ისინი იყვნენ, ვისაც ეძებდა, მათი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
მან და მისი დავალებით სხვა გამომძიებლებმა გამოჰკითხეს დაზიანებული პოლიციელები. ხუნაშვილმა, ასევე, მიმართა შსს - ს სხვადასხვა დეპარტამენტებს, მერიასა და პარლამენტს, რათა ზარალის ოდენობა დაედგინა.
ადვოკატები დაინტერესდნენ, საიდან ჰქონდა პატაკის ავტორის „პირად კონტაქტს“ 50-მდე ადამიანის სახელი და გვარი პერსონალურ ინფორმაციასთან - პირად ნომერთან ერთად.
ომარ ფურცელაძე, ჯანო არჩაიასა და გური მირცხულავას ადვოკატი: თქვენ გამოკითხეთ პატაკის ავტორი [რომლის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო] დავით ქურდოვანიძე... წყაროდ ის უთითებს მის პირად კონტაქტს, რამდენიმე დეტალი ვერ ვნახე... პირადი კონტაქტის ვინაობას ვერ კითხავდით, მაგრამ ხომ არ გამოგირკვევიათ საიდან ქონდათ 50-მდე ადამიანის პირადი ნომერი და დაბადების წელი?
არსენ ხუნაშვილი, გამომძიებელი: პოლიციელია და აქვს ბაზაზე წვდომა
ადვოკატი: ანუ პირადი ნომრები არ მიუწოდებია კონტაქტს და ქურდოვანიძემ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები?
გამომძიებელი: რა გამოძიებაზეა საუბარი?... ბაზაში ყველა შესვლაზე ოქმი არ დგება. მე არ შემიძლია გაგცეთ პასუხი, ეს ინფორმაცია, როგორ მოიპოვა დავით ქურდოვანიძემ.
ადვოკატი: რადგან ეს კაცი გამოკითხეთ. თქვენთვის ეს საინტერესო არ იყო?
გამომძიებელი: კითხვა დაისვა და თქვა, რომ პირადი კონტაქტისგან მიიღო ინფორმაცია და შეიძლება პირადმა კონტაქტმა მიაწოდა პირადი ნომრები.
„პირდაპირი კონტაქტი არ დასტურდება”
საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით დასმული ათობით კითხვის შემდეგ ყველა ადვოკატი ერთმანეთის მიყოლებდით სვამდა ერთსა და იმავე კითხვას, იცვლებოდა მხოლოდ ბრალდებულის სახელი და გვარები:
„რა მტკიცებულებები მოიპოვეთ გამოძიების ეტაპზე ისეთი, რაც ბრალდებულების ერთმანეთთან კავშირს და მათ სავარაუდო ორგანიზატორებთან კავშირს ადასტურებს”?
მთავარმა გამომძიებელმა უპასუხა: „არის ვიდეოები, სადაც რამდენიმე ბრალდებული ერთად ჩანს, შესაძლოა მათ ჰქონდეთ ერთმანეთთან კავშირი, ორგანიზატორთან პირდაპირი კავშირი არ ჩანს".
მას მიაჩნია, რომ ბრალდებულების ორგანიზატორებთან და ერთმანეთთან კავშირი შესაძლოა დადგინდეს დაკავებული დემონსტრანტების ტელეფონების ექსპერტიზის შედეგებით, რომელიც დანიშნულია, მაგრამ პასუხები ჯერ არ მისულა.
გამომძიებელმა დაადასტურა ისიც, რომ ბრალდებულების დაკავების შემდეგ მათი ტელეფონები მიუხედავად იმისა, რომ ჩხრეკისას ამოიღეს და დალუქეს, არ დაუთვალიერებიათ და პირდაპირ ექსპერტებს გაუგზავნეს.
ასევე, არ გამოუთხოვიათ სატელეფონო ანძების ჩანაწერები და ზარების ისტორია. კითხვას, რატომ არ დაათვალიერეს ბრალდებულების ტელეფონები და სოციალური ქსელი გამომძიებელმა ასე უპასუხა:
„უფრო მნიშვნელოვანია ამოარქივებული და ექსპერტიზის მიერ შესწავლილი ინფორმაცია და ამიტომ არ დავათვალიერეთ ჩვენ".
ირაკლი ჩომახაშვილი, გიორგი ტერიშვილის ადვოკატი: ტერიშვილის მობილური ხომ ამოღებულია?
არსენ ხუნაშვილი, გამომძიებელი: დიახ
ადვოკატი: ოქმით ირკვევა, რომ კოდიც მოგცათ, თქვენ ეს ტელეფონი ექსპერტიზაზე გააგზავნეთ, იქამდე სანამ გააგზავნეთ, რადგან თქვით ორგანიზება ტელეფონებით უნდა დადასტურდესო, თქვენ არ დაგითვალიერებიათ ტელეფონი, ხო ასეა?
გამომძიებელი: დიახ
ადვოკატი: თქვენ არ ჩაატარეთ და არ გამოითხოვეთ სატელეფონო ანძების ამონაწერი ტერიშვილის ტელეფონზე შემავალი და გამავალი ზარების...
გამომძიებელი: არა
ადვოკატი: შესაბამისად თქვენ არ იცით, იცნობს თუ არა ტერიშვილი სავარაუდო, ორგანიზატორებს და იცნობს თუ არა ბრალდებულებს
გამომძიებელი: დიახ
ადვოკატი: თქვენ არ გამოგითხოვიათ ანძების ჩანაწერები, რომლითაც დადასტურდებოდა სხვებთან კონტაქტი...
გამომძიებელი: სხვა ბევრი მტკიცებულებით დასტურდება
ადვოკატი: რომელიმესთან [სხვა ბრალდებულები] გიორგი ტერიშვილმა თუ დარეკა, ამის დამადასტურებელი ანძების ჩანაწერები საქმეში ხომ არ გაქვს წარმოდგენილი?
გამომძიებელი: არა, არ მაქვს
ადვოკატი: ბრალდების მხარემ აგიკრძალათ, რომ გაგერკვიათ და გამოგეთხოვათ ინფორმაცია, რომელიც ბრალდებულების ერთმანეთთან კავშირს დაადასტურებდა?
გამომძიებელი: აკრძალვით არავის აუკრძალავს.
ადვოკატი: თქვენთვის ხომ ცნობილია, რომ არსებობს მობილური ტელეფონის დათვალიერება და ინფორმაციის გამოთხოვა...
გამომძიებელი: გაგცეთ პასუხი რატომ არ დავათვალიერე?
ადვოკატი: მივიღე პასუხი, რომ არ დაათვალიერეთ, მისაღებია ეს პასუხი
გამომძიებელი: არ დავათვალიერეთ - არა [ პასუხი დამასრულებინეთო, ითხოვს მოწმე]
ადვოკატი: გიორგი ტერიშვილს აქვს თუ არა სოციალური ქსელი და ჰყავს თუ არა რომელიმე ბრალდებული მეგობრებში?
გამომძიებელი: გიორგი მაჭარაშვილმა დაათვალიერა, როგორც მახსოვს
ადვოკატი რომელიმე ბრალდებულის სოციალური ქსელი დაათვალიერეთ თუ არა?
გამომძიებელი: მე არა...
ადვოკატი: შესაბამისად, თქვენთვის ცნობილი არ არის ტერიშვილს მეგობრებში ჰყავს თუ არა ჯგუფის წევრი ან ორგანიზატორი, ხო ასეა?
გამომძიებელი: კონკრეტულ საქმეში ორგანიზატორი დადგენილი არ არის, შესაძლოა ჰყავდეს
ადვოკატი: რომელიც დადგენილი გყავთ, ისინი ჰყავს მეგობრებში ან დალაიქებული აქვს მათი რომელიმე სტატუსი?
გამომძიებელი: არ მახსოვს, რა წერია დათვალიერებაში
ადვოკატი: საერთოდ არაა ამ საქმეში დათვალიერება ჩატარებული, ამაზე ვსაუბრობ.... რა ფორმით კონტაქტობდნენ?
გამომძიებელი: კონკრეტული კონტაქტის ხაზი არ არის დადასტურებული, მაგრამ შეიძლებოდა ორგანიზატორების მოწოდებებს ექონია გავლენა მათ მოქმედებებზე.
ადვოკატი: გიორგი ტერიშვილი აქციის მიმდინარეობისას მობილურში რომ იყურებოდეს ან ვინმეს ესაუბრებოდეს, ეს დასტურდება?
გამომძიებელი: არ ვიცი, შეიძლება არის, ვიდეო შეგიძლიათ გამოიკვლიოთ
ადვოკატი: მე ვერ ვხედავ და ამიტომ...
ანუ რა თქვა მთავარმა გამომძიებელმა:
- მან თქვა, რომ ბრალდებულები შესაძლოა იცნობდნენ ერთმანეთს და შესაძლოა არა - ეს დადგენილი არ არის;
- არ არის დადგენილი ერთმანეთთან კომუნიკაციის რა გზას მიმართავდნენ, თუ ჰქონდათ კომუნიკაცია საერთოდ.
- არ დასტურდება სავარაუდო ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის პირდაპირი კავშირი;
- ის დემონსტრანტები, რომლებიც ერთსა და იმავე ვიდეოში ერთსა და იმავე ლოკაციაზე ერთად ჩანან, შეიძლება ერთმანეთს იცნობდნენ ან შეიძლება არა, დადგენილი არაა.
- შესაძლოა სავარაუდო ორგანიზატორების საჯარო მოწოდებებს ჰქონოდა გავლენა ბრალდებულების ქცევასა და ქმედებაზე.
- ორგანიზატორთა სრული წრე იდენტიფიცირებული არ არის და შეიძლება უცნობ ორგანიზატორებთან ჰქონდათ დემონსტრანტებს კავშირიო.
კავშირი ტელეფონების ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს ან უარყოს, რომლის პასუხიც მეშვიდე თვე იწურება და ჯერ კიდევ არ არის.
რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ორგანიზატორებთან და ერთმანეთთან კავშირის დადასტურება? - ამ კითხვაზე პასუხი სისხლის სამართლის კოდექსშია.
იმისთვის, რომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურდეს საჭიროა არსებობდეს სტრუქტურული ფორმის ჯგუფი, რომელთა წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად და დროის განსაზღვრულ პერიოდში შეთანხმებულად მოქმედებენ. მათი მიზანი შესაძლოა იყოს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღება.
„უნდა არსებობდეს სუბიექტური მხარე და განზრახვა იმისა, რომ ვიღაცას სურდეს საფრთხე შეუქმნან ან დააზიანოს ვინმე, რაც არ არსებობს. თვითონ ძალადობრივი მოქმედება ინდივიდუალურად და არც ერთი სინდისის პატიმრის მოქმედება არ შეიცავს ინდივიდუალურად ძალადობრივ მოქმედებას. შემდეგი ჯგუფურობაა, როცა მინიმუმ ერთად უნდა მოქმედებდნენ პიროვნებები, ან წინასწარ უნდა იყვნენ შეთანხმებულები, ან სპონტანურად ისე უნდა იყვნენ შეთანხმებულები, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ და მიუთითებდნენ რაიმე სახით ერთმანეთზე და ა.შ, ბოლოს უნდა არსებობდეს ორგანიზატორი, რომელსაც ექნება მჭიდრო კავშირი თითოეულ ბრალდებულთან და ასევე მითითება, რომ შენ ეს უნდა გააკეთო, შენ ის და ამის დასტური უნდა არსებობდეს“, - განმარტავს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი და ამატებს, რომ თუ ამ კომპონენტებიდან ერთი მაინც გამოაკლდება კვალიფიკაციისთვის საკმარისი აღარ იქნება.
მთავარი გამომძიებელი კი ამტკიცებს, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან აქციას ჰყავდა ძალიან ბევრი ორგანიზატორიც და მონაწილეც, რომელთა „ვინაობა ზოგის დადგინდა და ზოგიც ვერ დადგინდა.
გამომძიებელმა, ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. ჯგუფური ძალადობის მეორე საქმეზე მოსმენა 4 აგვისტოს უნდა გაგრძელდეს. 28 ნოემბრის სხდომაზე დაცვის მხარემ კითხვების დასმა ვერ მოასწრო. მიზეზი ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ მთავარი ვიდეომტკიცებულება გახდა. ამ ვიდეოს დედანს, რომელიც სასამართლოში ინახება ხმა არ აქვს. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა კი გამომძიებელს თხოვნა დაუკმაყოფილა და უფლება მისცა სხდომაზე ჩართოს ხმიანი ვერსია, რომელიც არსენ ხუნაშვილმა ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერილი და გამზადებული მიიტანა.
ამავე თემაზე: პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა რვავე დემონსტრანტმა
ადვოკატების ინფორმაციით, 11 დემონსტრანტის საქმეზე პროკურატურამ შესაძლოა სხვა მოწმეები აღარ დაიბაროს და არსენ ხუნაშვილის დაკითხვით დაუსვას წერტილი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას.
ფორუმი