პროკურატურის ვერსიით, 6 ივლისს თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში ესტუმრა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსანდრე ახვლედიანს, შუაღამის დადგომის შემდეგ, 01:00 საათიდან 01:30 საათამდე კი მასპინძლისგან მალულად აიღო ბრალდებულის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი.
„[ახვლედიანს იარაღი] დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში. [რიჟვაძემ იარაღი] მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია“, - წერია პროკურატურის განცხადებაში.
გუშინ, 7 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც „გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა“, საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ შეიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. მოგვიანებით კი საგარეჯოდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული.
საქმე აღძრულია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
რიჟვაძის საქმეზე პოლიციამ დააკავა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი. მას ედავებიან იარაღის დაუდევრად შენახვას. ამ შემთხვევაში საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით.
პროკურატურა ამ ეტაპზე არ საუბრობს, აღკვეთის ღონისძიებად მისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს თუ პატიმრობას.
თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო 2018 წლის ივლისიდან 2025 წლის 4 აპრილამდე. მან გადადგომის შესახებ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა.
ფორუმი