Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არა" შეწყალებას, 2 "კი" არჩევნებს - "ოცნება" ოპოზიციას შეახსენებს, რომ არჩევნებსაც ყაველაშვილი დანიშნავს


თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება.
თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება.

ოპოზიცია უარს ამბობს დაკავებული ლიდერების შეწყალებაზე, მაგრამ ორი პოლიტიკური ძალა კვლავ გეგმავს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. "ქართული ოცნებიდან" მათ შეახსენებენ, რომ არჩევნებსაც მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების განმარტებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვის შეთავაზებული შეწყალება ემსახურება იმ წარმოდგენების გაქარწყლებას, რომ, თითქოს - მმართველ პარტიას მომავალ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის ეშინია.

„მისასალმებელია ბატონი ყაველაშვილის ეს ინიციატივა, შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს გამომდინარეობს, რა თქმა უნდა, იქიდან, რომ არავის სასპეკულაციო ველი არ დავუტოვოთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ მათი დაკავება მაღალი რეიტინგის გამო მოახდინა, რაზეც საუბრობენ უცხოეთში, დასავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის - მათ კანონი თავისით დაარღვიეს“, - უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.

უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ არაპირდაპირი გზით არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციური პარტიების დაპატიმრებულ ლიდერებს 4 ივლისს შესთავაზა - მიმართონ მას შეწყალების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში - თუკი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის პირობას დადებენ.

შეწყალებაზე ოპოზიციური პარტიები კატეგორიულ უარს ამბობენ, თუმცა არჩევნებში მონაწილეობაზე აზრი კვლავ იყოფა. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზანს კვლავ ადასტურებს “ლელოს” კოალიცია - “ძლიერი საქართველო” და პარტია “გახარია საქართველოსთვის”.

„ვუბრუნდებით ბრძოლას და კიდევ ერთხელ ვპასუხობთ არალეგიტიმურ დე ფაქტო პრეზიდენტ ყაველაშვილს და კიდევ ერთხელ მივუთითებთ გზას - რუსული ხომალდისკენ. სამწუხაროდ, საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი არის მასხარა, გუშინ ივანიშვილის სათამაშოს მიერ გაკეთებული ვაჭრული შემოთავაზება იყო „კაგებეს“ და სუს-ის მიერ დაგეგმილი ავანტიურა - „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ”, - განაცხადა ბრიფინგზე "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ. თუმცა, მისი განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია, რადგან ეს იქნება “დაპირისპირებების ახალი კერის შექმნა ივანიშვილის წინააღმდეგ", "პროტესტის ახალი ენერგიის მობილიზებით”.

ამ ეტაპზე, ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებთან ერთად, დაკავებულია “ძლიერი საქართველოს” ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. სხვა დაკავებულთა პოლიტიკური ძალები - “კოალიცია ცვლილებისთვის” და “სტრატეგია აღმაშენებელი” უარს ამბობენ, როგორც შეწყალებაზე, ასევე - არჩევნებში მონაწილეობაზე.

ბოლო კვირებში 8 ოპოზიციონერი დააკავეს სადავო პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ["წულუკიანის კომისია"] სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.

არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე მწვავე კამათი მიმდინარეობს როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ ჯგუფებში. “ქართულ ოცნებაში” კი ამ დაპირისპირებას მოჩვენებითს უწოდებენ და “რადიკალური ოპოზიციის რებრენდიგად” თვლიან.

“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა, ერთი მხრივ, ამბობს, რომ შეწყალებაზე და არჩევნებზე უარი იქნება „კიდევ ერთხელ დასტური, რომ იმდენად ჩაფლავებულები და უსუსურები არიან, რომ ამ სამარცხვინოდ არჩევნებზე წაგებას მათ არჩიეს ციხისთვის შეეფარებინათ თავი”; ხოლო, მეორე მხრივ "ოცნების" დეპუტატს უკვირს მათი, ვინც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

„ისე, კითხვა მაქვს, თუ ყაველაშვილის მიერ ამ განცხადებას [შეწყალების შეთავაზება - რ.თ.] არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ ადგილობრივ არჩევნებს ვინ ნიშნავს ხომ არ იციან ნეტა? პრეზიდენტი ნიშნავს. თუ არალეგიტიმურია მთავრობა, ცესკო ლეგიტიმური როგორ არის? მის მიერ დანიშნული ადგილობრივი არჩევნები მაშინ როგორ არის ლეგიტიმური და როგორ ღებულობენ მონაწილეობას? ვის ატყუებენ. არეულები არიან. თარგმანში დაკარგულები კი არა, ქმედებებში დაკარგულები არიან რადიკალები”,- ამბობს ზარქუა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად - პრეზიდენტი "კონსტიტუციითა და ორგანული კანონით დადგენილი წესით ნიშნავს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს".


ფორუმი

XS
SM
MD
LG