„როგორც არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლამენტს, ისე არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პრეზიდენტს. პოლიტიკური ლიდერები და სინდისის პატიმრები არიან რეჟიმის ტყვეობაში თავისუფლებისა და სიმართლისთვის ბრძოლისთვის“, - წერს პარტია 4 ივლისს, საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.
„სახეზეა რეჟიმის პოლიტიკური კრიზისი. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება, და არა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალება. ამიტომ ბრძოლა იქნება ღირსებით და ბოლომდე“, - აცხადებს პარტია.
მცირე ხნით ადრე, იმავე საღამოს, მიხეილ ყაველაშვილმა დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს შესთავაზა, „დაადასტურონ“, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, სთხოვონ მას შეწყალება და ასეთ შემთხვევაში მათ შეწყალებას დაჰპირდა.
მანამდე, კოალიციამ, „კოალიცია ცვლილებისთვის“, ასე უპასუხა ყაველაშვილის განცახებას:
„ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. გამარჯვების გზა გადის ართანამშრომლობასა და წინააღმდეგიბაზე“.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ აერთიანებს რვა დაპატიმრებული პოლიტიკოსიდან სამს:
- ნიკა მელია
- ნიკა გვარამია
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
„ლელოს“/„ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ კი განაცხადა: „მოვისმინეთ რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პრეზიდენტის მხრიდან სასაცილო და უბადრუკი მცდელობა ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით. ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევდივართ რუსულ რეჟიმთან“.
ამჟამად პატიმრობაშია „ძლიერი საქართველოს“ ორი დამფუძნებელი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე რვა პოლიტიკოსი ერთდროულად არის პატიმრობაში.
მათგან 6 სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერია.
ნაწილი წინასწარ პატიმრობაში იყო, თუმცა ამ დროისთვის, ოთხი ივლისისთვის, რვავეს უკვე მიუსაჯეს პატიმრობა.
ორი მათგანი - ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე - აპირებენ პარტიულად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.
ყველა მათგანი დაპატიმრებულია იმ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობენ.
ესენი არიან:
- ნიკა მელია („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“)
- ნიკა გვარამია („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“)
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“)
- მამუკა ხაზარაძე („ლელო“/„ძლიერი საქართველო“)
- ბადრი ჯაფარიძე („ლელო“/„ძლიერი საქართველო“)
- გიორგი ვაშაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“/„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“)
- ირაკლი ოქრუაშვილი (ყოფილი თავდაცვის მინისტრი)
- გივი თარგამაძე (პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტიკოსი)
ფორუმი