საზოგადოებრივი ორგანიზაცია "მოსკოვის ოლქის აზერბაიჯანელთა რეგიონული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის" ხელმძღვანელს, ელშან იბრაგიმოვს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს - იუწყება Oxu.Az.
გამოცემასთან საუბარში იბრაგიმოვმა ეს ცნობა დაადასტურა, თუმცა უარი თქვა მიზეზების დაკონკრეტებაზე და განაცხადა, რომ საკითხზე ისაუბრებს აზერბაიჯანში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში.
გამოცემა РБК წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 18 ივნისს იქნა მიღებული, ფორმულირებით "ჩადენა ქმედებებისა, რომლებიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის ეროვნულ უსაფრთხოებას".
მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ მოსკოვის ოლქის საზოგადოებრივი პალატის ოფიციალური საიტიდან წაშალეს ცნობა, რომ იბრაგიმოვი შედიოდა რეგიონის ეროვნულ-კულტურული საქმეების საკონსულტაციო საბჭოს წევრი.
იბრაგიმოვი 1967 წელს დაიბადა აზერბაიჯანში. 1997 წლიდან ცხოვრობდა მოსკოვის ოლქში, 2018 წელს სათავეში ჩაუდგა აზერბაიჯანელთა რეგიონალურ ავტონომიას.
3 ივლისს მოსკოვში დააკავეს კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტული ფიგურა, აზერბაიჯანელი ვაგიფ სულეიმანოვი - რომელიც ვაგიფ ბაკინსკის სახელითაა ცნობილი. გამოცემა "კომერსანტის" ცნობით, ამის საბაბი გახდა რუსეთში ყოფნის წესების დარღვევა.
სულეიმანოვი გაგზავნეს სახაროვში მდებარე მიგრაციულ ცენტრში, სადაც სამ თვეს დაჰყოფს - რის შემდეგაც მისი დეპორტაცია განხორციელდება აზერბაიჯანში.
იბრაგიმოვისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და აზერბაიჯანელი პირების დაკავების ფონია რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის მკვეთრი გაუარესება.
2015 წლის 27 ივნისს ეკატერინბურგში დააკავეს რუსეთის მოქალაქეობის მქონე, აზერბაიჯანული წარმომავლობის ათობით პირი, 2001-2011 წლებში მომხდარ მკვლელობებთან კავშირის ეჭვით. ორი მათგანი შემდგომში გარდაიცვალა, მათი ცხედრები აზერბაიჯანს გადასცეს. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, სიკვდილის მიზეზი გახდა ცემა დაკავების პერიოდში.
პასუხად ბაქომ დააკავა და დააპატიმრა რუსეთის ოცამდე მოქალაქე, მათ შორის კრემლის მომხრე სააგენტოს, "Sputnik აზერბაიჯანის" ჟურნალისტები - ამ სააგენტოს ლიცენზია ჯერ კიდევ თებერვალში გაუუქმეს.
მოსკოვმა და ბაქომ საპროტესტო ნოტები გაცვალეს.
ფორუმი