პროკურორი, ვაჟა თოდუა აპაუზებს ვიდეოს და ამბობს: „აი, უჭირავს“.
„ეგრე ბოთლი ჩვენც გვიჭირავს ხელში, რა ისროლა, რა ჩანს? იქნებ გვერდით დააგდო?", - ამბობს ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი.
ვიდეოში არ ჩანს სროლის მომენტი. ასევე, არათუ აქ, არამედ არც ერთ ვიდეოზე არ ჩანს, მოხვდა თუ არა ვინმეს რაიმე ნასროლი ნივთი.
პროკურორები რთავენ მორიგ ვიდეოს და ამბობენ, რომ „აქ ჩანს, როგორ ისვრის ლუკა ჯაბუა“.
ადვოკატი რუსუდან აგურაშვილი ითხოვს პროკურორმა აღწეროს, რა ჩანს ვიდეოზე, რომელიც რამდენიმეწამიანია და კითხულობს:
- პოლიცია სად დგას?
- სხვა ვიდეოებიც არის
- ამ ვიდეოს ვიკვლევთ, სადაა პოლიცია ამ ვიდეოზე?
- სხვა ვიდეოც არის
- სხვა ვიდეოს ხომ არ ვიკვლევთ, პოლიცია სად არის?
- ბრალდებას სხვა ვიდეოებიც აქვს წარმოდგენილი, სადაც პოლიციაა და იმ ვიდეოებსაც გამოვიკვლევთ თუ დაგვაცდით
- ამ ვიდეოზე ჩანს პოლიცია?
- ოპერატორი იღებს , რომლისგანაც გამოვითხოვეთ ეს კადრები და მის უკან დგას კორდონი
და ეს ჩანს სხვა ვიდეოებში.
- კიდევ ჩართეთ, რა მიმართულებით ისვრის ლუკა ჯაბუა?...
დგება ლუკა ჯაბუას ადვოკატი, რუსუდან აგურაშვილი, მიდის ტელევიზორთან და მოითხოვს ჩაირთოს ვიდეო თავიდან.
ადვოკატი ხელით აჩვენებს, სავარაუდოდ, სად დგას პოლიცია და შემდეგ აჩვენებს კადრში, რომ ლუკა ჯაბუას ხელი სხვა მიმართულებითაა.
ბრალდებულები იცინიან. „სასაცილოა აბა რა არისო“, - ამბობენ ბრალდებულები. აჩერებს მოსამართლე და „პატივისცემაო“ მოუწოდებს.
„სასაცილოა აბა რა არის, ვიდეოს ვიკვლევთ და ამ ვიდეოს გარშემო უნდა ვისაუბროთ, სამომავლო ვიდეოებზე კი არა".
ფორუმი