„საუკეთესო 13-წამიანი რეჟისორული ნამუშევარი“, - ამბობს ადვოკატი ომარ ფურცელაძე იქამდე, სანამ პროკურორები გური მირცხულავას წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულების გამოკვლევას დაიწყებენ. ვიდეო ჩაირთო.
„დავაპაუზოთ“, - ითხოს ადვოკატი და ყურადღება ამახვილებს კადრზე, სადაც ჩანს „ქვა“, მხოლოდ და მხოლოდ ქვა, რომელიც აგდია ქვაფენილზე.
პროკურორის თქმით, არავის უთქვამს, რომ გური მირცხულავას წინააღმდეგ ვიდეო უწყვეტია.
„რა აკავშირებს ამ ქვას გური მირცხულავასთან“, - კითხულობს ადვოკატი და აგრძელებს. ახლო კადრით მხოლოდ ქვის ამსახველ კადრში ჩანს ტროტუარი და სავალი ნაწილი, სადაც ავტომობილებია დაპარკინგებული.
„ამ დროს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიდის ჭიჭინაძეზე", - დასძენს ომარ ფურცელაძე.
ვიდეოს ებმება მეორე და სხვა ტერიტორის ამსახველი კადრი საპროტესტო აქციიდან, სადაც პროკურორის თქმით, ჩანს გური მირცხულავა, რომელიც ისვრის „რაღაცას“.
პროკურორები ისევ ვალერი თეთრაშვილს უბრუნდებიან. ირთვება მორიგი ვიდეო. ჩანს, სავარაუდოდ, ვალერი თეთრაშვილი, რომელიც ისვრის რაღაც ნივთს. ვინაიდან პროკურატურას არ უკვლევია, რა შეიძლება იყოს ეს ნივთები, ჩვენც მოვერიდებით ვარაუდების გამოთქმას.
შემდეგი ჯანო არჩაიაა. პროკურორები რთავენ ვიდეოს, სადაც მათი თქმით, ჯანო არჩაიაა ასახული.
ვიდეო 9 აპრილის ქუჩაზეა გადაღებული. როგორც ქუჩა, ისე აქციის მონაწილეები სველები არიან. უკვე გამოყენებულია წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.
„პოლიციის კორდონი ჩანს, ჯგუფური დანაშაული ჩანს“, - ამბობს პროკურორი, ვაჟა თოდუა.
ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ ჩაიცინა. მან გაიხსენა ერთ-ერთი პოლიციელის, გოგიტა ხარაზიშვილის ჩვენება, რომელმაც თქვა, რომ „ჯანო არჩაია მწვანე ქურთუკით ამოიცნო“.
ვიდეოში, სავარაუდოდ, ჯანო არჩაიას არათუ მწვანე ქურთუკი, არამედ არაფერი მწვანე აცვია.
ომარ ფურცელაძე, ადვოკატი: „ამ ბიჭებს ედავებიან, პოლიციელებზე თავდასხმას, თავად ბრალი გამორიცხავს, რომ იქ პოლიციელები კი არა სამოქალაქოები დგანან... ანუ ისინი პოლიციელები არიან, ვინც ჯგუფურად მოკვლით ემუქრებიან აქციის მონაწილეებს... შეიძლება თეორიულად აქ აუცილებელი მოგერიების ფარგლები გვქონდეს და თქვენ ეს უნდა გაინტერესებდეთ, ბატონო მოსამართლე".
ფორუმი