„მე შემეძლო არ გადამეხადა გირაო, მაგრამ გადავიხადე იმიტომ, რომ ეს პროცესი კიდევ ერთხელ გაიწელოს და კიდევ ერთხელ ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ არც სასამართლო გვაქვს, არც სამართალი, არც კონსტიტუცია და არც იმის სურვილი, რომ ვიღაცამ გამბედაობა გამოიჩინოს და თქვას, კონსტიტუცია დაირღვა“, - მიმართა მამუკა ხაზარაძემ მოსამართლე ზვიად შარაძეს.
მამუკა ხაზარაძეს „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ელოდნენ 25 მარტს, როცა გამოკითხვა ტარდებოდა შპს „მაგნატის“ საქმეზე. იმის გამო, რომ ის მოქმედი პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობს, სხდომაზე არ გამოცხადდა.
კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მისი საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გაუგზავნა. პროკურატურის განმარტებით, „გამოძიებით დადგინდა“, რომ ხაზარაძე პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა.
მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე, „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის“ მუხლით. ხაზარაძეს, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, 2 აპრილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რომელიც გადაიხადა.
გირაოს გადახდაზე უარი თქვეს და ამ მიზეზით დააპატიმრეს პოლიტიკოსები ნიკა მელია („კოალიცია ცვლილებისთვის“), ზურა ჯაფარიძე („კოალიცია ცვლილებისთვის“ - „გირჩი - მეტი თავისუფლება“) და ირაკლი ოქრუაშვილი. გირაო არ გადაუხდია არც ნიკა გვარამიას („კოალიცია ცვლილებისთვის“), სწორედ ამიტომ ისიც პატიმრობის შეფარდებას ელოდება.
ფორუმი